logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე: გახსოვთ, არაერთხელ საუბარი იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს საქართველო იყო „შავი ხვრელი“ და ა.შ. ეს რა თქმა უნდა, მოღალატეობრივი ქმედებების კიდევ ერთი გამოხატულება იყო. დადასტურდა, რომ ეს ყველაფერი იყო ტყუილი
- +

28 ივლისი. 2023. 00:00

"ყველა სიღრმისეული შეფასებით დადასტურდა, რომ საქართველო არ უშვებს ჩვენს ქვეყანაში სანქციების გვერდის ავლას," - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ „იმედი Live“-ში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშთან დაკავშირებით განაცხადა, სადაც საუბარია იმაზე, რომ საქართველოს ეროვნული ბანკი და საქართველოს ფინანსური ინსტიტუტები მოქმედებენ აშშ-ის და სხვების მიერ რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებთან სრულ შესაბამისობაში.

„ყველა სიღრმისეული შეფასებით დადასტურდა, რომ საქართველო არ უშვებს ჩვენს ქვეყანაში სანქციების გვერდის ავლას. თბილისში იყო ჩამოსული სპეციალური ჯგუფი, რომელიც შედგებოდა ევროპელებისა და ამერიკელებისგან და სიღრმისეული ანალიზით დაადგინა, რომ საქართველოში არ ხდება სანქციების გვერდის ავლა. ჩვენ გვაქვს ჩვენი ძალიან მკაფიო პოლიტიკა არჩეული, ეს ნიშნავს იმას, რომ არ ვაწესებთ სანქციებს რუსეთის მიმართ, მაგრამ ამასთან ერთად, საქართველო არავითარ შემთხვევაში არ იქნება გამოყენებული სანქციების გვერდის ავლისთვის. გახსოვთ, არაერთხელ საუბარი იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს საქართველო იყო „შავი ხვრელი“ და ა.შ. ეს რა თქმა უნდა, მოღალატეობრივი ქმედებების კიდევ ერთი გამოხატულება იყო. დადასტურდა, რომ ეს ყველაფერი იყო ტყუილი. არცერთ შემთხვევაში არ ხდებოდა საქართველოს გამოყენება იმისათვის, რომ მომხდარიყო სანქციების გვერდის ავლა. იყო არაერთი მცდელობა სხვათა შორის და ესეც დამტკიცებულია, რომ არაერთხელ უზრუნველყოფილი იქნა სახელმწიფო უწყებების მიერ ამ ქმედებების აღკვეთა. შესაბამისად, ყველაფერი არის აბსოლუტურად დღესავით ნათელი“, - განაცხადა კობახიძემ.

right_banner right_banner
არქივი
right_banner