"როდესაც ხაბეიშვილი არის შენი სახე, გიორგი ვაშაძე, სააკაშვილი და ა.შ, ასეთ პირობებში მათ გადაჯგუფება წარმატების არავითარ რესურსს არ მისცემს," - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ „იმედი Live“-ში ოპოზიციაში წინასაარჩევნო გაერთიანებებთან დაკავშირებით განაცხადა.
„რეალურად არსებობს კოლექტიური „ნაცმოძრაობა“, რასაც ჩვენ ხშირად ვამბობთ და იქ შიდა გადაჯგუფება როგორი იქნება, ეს არსებით გავლენას ვერ მოახდენს პოლიტიკურ პროცესებზე, მათ შორის ვერც არჩევნების შედეგებზე. ეს კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ ცალ-ცალკე გამოვა, თუ ერთად, ასეც და ისეც, არის განწირული წარუმატებლობისთვის. დღეს საქართველოს ჰყავს ოპოზიცია, რომელიც არის აბსოლუტურად დაცლილი კომპეტენციისგან, ინტელექტისგან, ყველაფრისგან და შესაბამისად, ასეთ პირობებში წარმატების არავითარი რესურსი არ აქვს. გადაჯგუფებები ვერაფერს შემატებს ასეთ ოპოზიციას თუ ისინი დარჩებიან ასეთებად და არ ექნებათ პოტენციალი, რომ საკუთარი მდგომარეობა გააუმჯობესონ. გაიუმჯობესონ თუნდაც რეპუტაცია. უკვე 11 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ხელისუფლებაში იყვნენ, დღემდე ვერ გაბედეს საკუთარი უმძიმესი დანაშაულების აღიარება. საუბარია ადამიანის წამებაზე, ბიზნესის რეკეტზე, ტელევიზიების მიტაცებაზე, დღემდე ამ ყველაფერს შეცდომებს უწოდებენ. როგორ შეიძლება ასეთ პოლიტიკურ ძალებს ჰქონდეთ რაიმე ჯანსაღი ამბიცია, რომ რაიმე წარმატებას მიაღწიონ არჩევნებში. რა თქმა უნდა, მათ არჩევნებში არავითარი წარმატების რესურსი არ აქვთ და ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გარდა იმისა, რომ მათ აქვთ უმძიმესი წარსული, უმძიმესი რეპუტაცია და არიან საკუთარი წარსულის მძევლები, არიან დაცლილი ინტელექტისგან და ჯანსაღი თვისებებისგან. როდესაც ხაბეიშვილი არის შენი სახე, გიორგი ვაშაძე, სააკაშვილი და ა.შ, ასეთ პირობებში მათ გადაჯგუფება წარმატების არავითარ რესურსს არ მისცემს“, - აღნიშნა კობახიძემ.