"ჩვენ სანქციები რომ დაგვეწესებინა რუსეთისთვის, პირველივე წელს ქვეყნის ეკონომიკის ვარდნა იქნებოდა მინიმუმ 10%-ით. ჩვენი ეკონომიკა დაკარგავდა მინიმუმ 2,5 მილიარდ დოლარს მარტო პირველ წელს," - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა
მისი თქმით, დასავლეთი დღეში დაახლოებით 1 მილიარდ დოლარს ვაჭრობს რუსეთთან.
„ჩვენი ექსპორტის წილი რუსეთის ვაჭრობაში არის 0,3 %, ეს არის რეალობა და ფაქტი, რაც შეეხება დასავლეთს, დღეში დაახლოებით 1 მილიარდ დოლარს ვაჭრობს რუსეთთან. ასეთ დროს როდესაც საყვედურები გვესმის და საუბრობენ იმაზე, რომ თითქოს რუსეთმა ჩვენი ვაჭრობის ხარჯზე ამოითქვა სული და ა.შ. ვხედავთ, რომ ეს არის ცარიელი, პოლიტიკური სპეკულაციები. სინამდვილეში ხდება რა, რა თქმა უნდა, ყველა ქვეყანა საკუთარ თავზე ზრუნავს, პირველ რიგში საკუთარ მოსახლეობაზე ზრუნავს და ჩვენი მთავარი პასუხისმგებლობაც, რა თქმა უნდა საკუთარ მოსახლეობაზე ზრუნვაა. ჩვენ ამის გამო არ დავაწესეთ სანქციები რუსეთი ფედერაციის მიმართ. ეს იყო ჩვენი პრინციპული გადაწყვეტილება. რა თქმა უნდა, ამასთან ჩვენ არ ვუშვებთ სანქციების გვერდის ავლას, მაგრამ პირველ რიგში ჩვენ გვეკისრება პასუხისმგებლობა საკუთარი მოსახლეობის მიმართ. ჩვენ სანქციები რომ დაგვეწესებინა რუსეთისთვის, პირველივე წელს ქვეყნის ეკონომიკის ვარდნა იქნებოდა მინიმუმ 10%-ით. ჩვენი ეკონომიკა დაკარგავდა მინიმუმ 2,5 მილიარდ დოლარს პირველ წელს. ეს ნიშნავს, რომ ჩვენი ბიუჯეტი ნახევარ მილიარდ დოლარზე მეტს დაკარგავდა. ამას ითხოვდა ოპოზიცია, აქაც ოპოზიცია საკუთარი ქვეყნის დასჯას ითხოვდა. საზოგადოებამ ამასთან დაკავშირებით საკუთარი დასკვნები კიდევ ერთხელ უნდა გამოიტანოს“ - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.