logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე: რატომ არ პასუხობენ კითხვას, საელჩოს კონკრეტული თანამშრომელი იყო თუ არა ჩართული იმ საქმიანობაში, რომელიც ნახსენებია FARA-ში
- +

28 ივლისი. 2023. 09:47

 

 

„FARA-ს დოკუმენტებში მითითებულია საელჩოს კონკრეტული თანამშრომლის სახელი და გვარი, რომელიც ეიმედებოდათ. რატომ არ ეწერა ჩემი, თქვენი, ვიღაცის სახელი და გვარი? როდესაც საელჩოს კონკრეტული თანამშრომელი ეიმედებათ იმაში, რომ მხარი დაუჭირონ სააკაშვილის გარშემო აგორებულ ფეიკ კამპანიას, ეს უკვე ძალიან მძიმეა“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ „იმედი LIVE”-ში განაცხადა.

 

მისი თქმით, ამაზე დაისვა კითხვები საელჩოს მიმართ და პასუხები არის ძალიან ბუნდოვანი, საზოგადოებას რჩება სერიოზული კითხვები, როგორი როლი ჰქონდა საელჩოს თანამშრომელს ამ საქმეში.

 

რაც შეეხება იმას, რომ საელჩო კატეგორიულად უარყოფს მათი თანამშრომლების მხრიდან ლობისტურ კამპანიაში მონაწილეობას, ირაკლი კობახიძის თქმით, ეს პასუხი არ არის საკმარისი.

 

„ზუსტად რომ გავიხსენოთ მათი ფრაზა - ლობისტურ საქმიანობაში საელჩო და მისი თანამშრომლები არ იყვნენ ჩართული - ეს სხვა რამეს ნიშნავს, რა თქმა უნდა, ლობისტურ საქმიანობაში ჩართული იყო კონკრეტული კომპანია, ეს არის „აკერმანი“, მაგრამ აქ სხვა კითხვაა,  რატომ არ პასუხობენ ამ კითხვას, კონკრეტულად საელჩოს კონკრეტული თანამშრომელი იყო თუ არა ჩართული იმ საქმიანობაში, რომელიც ნახსენებია FARA -ში. ამაზე პასუხი არ გასცა არც საელჩომ და არც საქართველოს პრეზიდენტმა. აქედან გამომდინარე, საზოგადოებას რჩება სერიოზული კითხვები იმასთან დაკავშირებით, თუ როგორი როლი ჰქონდა საელჩოს კონკრეტულ თანამშრომელს ამ საქმეში. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი ჩვენთვის და საზოგადოებისთვის. ლობისტურ საქმიანობაში არმონაწილეობა რა თქმა უნდა ნიშნავს იმას, რომ კომპანია „აკერმანი“ არ არის ამერიკის საელჩო, მაგრამ ამერიკის  საელჩოს თანამშრომელი იყო თუ არა ჩართული იმ ქმედებაში, რომელიც ლობისტური საქმიანობის ქვეშ მოიაზრებოდა, ეს არის კითხვა, რომელსაც პასუხი დღემდე არ აქვს გაცემული და საზოგადოებას ეს დამატებით კითხვებს უჩენს“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

შეკითხვაზე, როგორ მოხვდა აშშ-ის  საელჩოს თანამშრომლის გვარი ლობისტური კომპანიის ანგარიშში, შეიძლებოდა თუ არა ამ კომპანიას ეთაღლითა და ჩაეწერა ეს გვარი ისე, რომ არ ჰქონოდა რაიმე  კავშირი ამ თანამშრომელთან, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ საჭიროა მკაფიო პასუხები იმისთვის, რომ გაირკვეს ყველაფერი.

 

„არ მინდა სიღრმეში შევიდე ერთი მარტივი მიზეზით, არ მინდა  ჩემი უარყოფითი წვლილი შევიტანო და უხერხულობა შევქმნა ამ ურთიერთობებში. სამწუხაროდ, არიან კონკრეტული სუბიექტები, რომლებიც ქმნიან ამ პრობლემებს ურთიერთობებში, მე არ მინდა რომ დამატებითი, თუნდაც მინიმალური წვლილი შევიტანო ამ ყველაფერში. ადრეც იყო მთელი რიგი თემები, რაზეც კითხვები დაისვა, იგივე ამერიკის ელჩის მიმართ, მაგალითად შეხვდა თუ არა ის ჩვენი პარტიის დამფუძნებელს. ამაზე საზოგადოებამ მიიღო ბუნდოვანი პასუხი, რაზეც დამატებითი კითხვები გაჩნდა. შემდეგ გაირკვა, რომ თურმე ეს შეხვედრა შემდგარა და შესაბამისად, ეს საკითხი ჯერ კიდევ გაურკვეველია, რატომ, როგორ და ა.შ. ყოველთვის, როდესაც ისმება კითხვები, ამ კითხვებზე  საჭიროა მკაფიო პასუხები. ასეთ შემთხვევაში აღარ შეექმნება პრობლემები ორი ქვეყნის ურთიერთობას, მაგრამ როდესაც კითხვები არსებობს, ჩნდება, ისმება და ამ კითხვებზე არ არსებობს მკაფიო პასუხები, ეს რა თქმა უნდა ქმნის დამატებით პრობლემებს ურთიერთობებში. არ მინდა სიღრმეში შევიდე იმისათვის, რომ დამატებითი უხერხულობები არ შეიქმნას.  იმედი მაქვს,  შემდეგი ელჩის პირობებში როცა დაისმება ჩვენი საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი კითხვები, ამ კითხვებს ყოველთვის მკაფიო პასუხები გაეცემა, რაც სამწუხაროდ, წარსულში არ ხდებოდა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner