საზოგადოებრივი მოძრაობის „საქართველო უპირველეს ყოვლისა“ დამფუძნებელი ვატო შაქარიშვილი საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტის სი ძინპინის შეხვედრას ეხმიანება.
შაქარიშვილის თქმით, ისტორიული მოვლენის მომსწრენი ვართ. ჩვენი ქვეყანა მსოფლიო გეოპოლიტიკურ ასპარეზზე თავის ღირსეულ ადგილს იმყარებს.
„ისტორიული მოვლენის მომსწრენი ვართ - საქართველო და ჩინეთი ურთიერთობის ახალ, სტრატეგიული პარტნიორობის ეტაპზე გადადიან.
ჩვენი ქვეყანა მსოფლიო გეოპოლიტიკურ ასპარეზზე თავის ღირსეულ ადგილს იმყარებს! ჩინეთის ლიდერისგან მსგავსი მნიშვნელობის გზავნილები არის კიდევ ერთი უდიდესი აღიარება, რომ საქართველომ ყველაზე რთულ მოცემულობაში მოახერხა ისეთი პოლიტიკის წარმართვა, რომელმაც ჩვენს მიმართ გაზარდა ნდობა, პატივისცემა და ინტერესი!
სწორედ ეს არის ჭეშმარიტი „შესაძლებლობების ფანჯარა“, რეალური და ხელშესახები, რაც საქართველოს მოუტანს გრძელვადიან სტაბილურობას, ინვესტიციებს, სწრაფ ეკონომიკურ აღმავლობას. ეს ყველაფერი კი თავისთავში გულისხმობს ქვეყნის უსაფრთხოების გარანტიებსაც!
საამაყო და იმედისმომცემი დღეა ჩვენი ქვეყნისთვის!“ - წერს ვატო შაქარიშვილი სოციალურ ქსელში.