„ამ ვიზიტის მთავარი მანიშნებელია, რომ ჩინეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობა სტრატეგიულ ხასიათს იძენს, რაც რამდენიმე მიმართულებით მნიშვნელოვანი შედეგის მომტანი იქნება საქართველოსთვის“, - ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა ჟურნალისტებთან ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტის შეფასებისას განაცხადა.
„პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ეს გააღრმავებს სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებს, კიდევ უფრო ხელშესახებს გახდის შუა დერეფნის განვითარების პერსპექტივას, რადგან დღეს უკრაინაში ომის ფონზე, შუა დერეფნის როლი განსაკუთრებით აქტუალური ხდება“, - განაცხადა ქადაგიშვილმა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში 27 ივლისს დაიწყო. ირაკლი ღარიბაშვილი 28 ივლისს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტს სი ძინპინს შეხვდა. საქართველო პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტმა სი ძინპინმა საქართველო-ჩინეთის ურთიერთობების სტრატეგიული პარტნიორობის დონემდე ამაღლების შესახებ განაცხადეს.