დავით ქართველიშვილი კელი დეგნანზე: ეს იყო კრახი, ეს იყო ფიასკო, ეს იყო ქართულ საზოგადოებაში ანტიამერიკული და ანტიდასავლური განწყობების უპრეცედენტო გაღვივება, ეს იყო აშშ-საქართველოს სტრატეგიულ საპარტნიორო ურთიერთობებისთვის მიყენებული აქამდე არნახული ზიანი
-
+
29 ივლისი. 2023. 18:48
„იმ აკვიატებისა და სიჯიუტის გათვალისწინებით, რა ფონზეც ითქვა, თუ გაკეთდა ყოველივე ეს კელი დეგნანის მხრიდან, თითქოს ამ ზიანს მიზანმიმართული ხასიათიც კი ჰქონდა. თუმცა არა! ეს იყო უბრალოდ პატრონის მიერ „აღშფოთებული შეშფოთება“ ვასალის მიმართ, „ამას როგორ მიბედავ“ კატეგორიიდან“, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, დავით ქართველიშვილმა, სოციალურ ქსელში დაწერა.
მისი თქმით, კელი დეგნანი საქართველოს თავისი ქვეყნის ვასალ სახელმწიფოდ აღიქვამს და განცხადებები, თუ ქმედებებიც ამ დამოკიდებულების შესაბამისი აქვს.
„სანამ აწ უკვე ყოფილი ელჩის, ქალბატონი კელი დეგნანის მოღვაწეობის ამსახველი „ოდა“ ან „რეკვიემი“ დაიწერება, მე შეგახსენებთ მის მხოლოდ ბოლო წელიწად-ნახევრიანი საქმიანობის იმ ყველაზე შთამბეჭდავ ეპიზოდებს, რომლითაც მან ჩემზე დატოვა წარუშლელი კვალი და ურყევი შთაბეჭდილება - ეს იყო კრახი, ეს იყო ფიასკო, ეს იყო ქართულ საზოგადოებაში ანტიამერიკული და ანტიდასავლური განწყობების უპრეცედენტო გაღვივება, ეს იყო აშშ-საქართველოს სტრატეგიულ საპარტნიორო ურთიერთობებისთვის მიყენებული აქამდე არნახული ზიანი. იმ აკვიატებისა და სიჯიუტის გათვალისწინებით, რა ფონზეც ითქვა, თუ გაკეთდა ყოველივე ეს კელი დეგნანის მხრიდან, თითქოს ამ ზიანს მიზანმიმართული ხასიათიც კი ჰქონდა. თუმცა არა! ეს იყო უბრალოდ პატრონის მიერ „აღშფოთებული შეშფოთება“ ვასალის მიმართ, „ამას როგორ მიბედავ“ კატეგორიიდან, რომელსაც საკუთარი ზე-სახელმწიფოებრივი ამპარტავნებიდან გამომდინარე ვერ გვიტარებდა, თუნდაც ყოველ ჯერზე ჩვენი ურთიერთობების „კიდურებში“ მომდევნო ტყვიის გასროლის ხარჯზე. მაშ ასე, ჩემი მოგონებების არასრული კოლექციიდან. როგორც უკვე ტრადიციად დამკვიდრდა, ესეც 12-პუნქტიანია:
- ელემენტარული ფაქტის - 2022 წლის 21 მარტს ბიძინა ივანიშვილთან საკუთარი ინიციატივით ჩატარებული 3-საათიანი შეხვედრის საგულდაგულოდ უარყოფა, საუბრის შინაარსის შესახებ სრული დუმილის ჩათვლით;
- არც ერთი საჯარო განცხადება უკრაინისა და სხვა ქვეყნების ოფიციალური პირების მხრიდან მისი ელჩობის ქვეყნის ომში ჩათრევის პირდაპირ მოწოდებებზე;
- საქართველოს ერთ-ერთ ლიდერთან აუდიენციაზე გამოთქმული უკომპრომისო განცხადება: „თქვენი მცდელობა, დაამტკიცოთ ეს კანონი, წარუმატებლად დასრულდება, რადგანაც დღეიდან ჩვენ მას რუსულ კანონს დავარქმევთ“;
- 6-8 მარტის მოვლენების, უმართავ და აგრესიულ კალაპოტში გადაყვანის დე-ფაქტო წახალისება;
- სააკაშვილის ციხიდან უკანონო გათავისუფლების ლობისტურ კამპანიაში საკუთარი თანამშრომლების ამა თუ იმ ფორმით მონაწილეობის მიღებაზე ხელის დაფარების უხერხული და აგრესიული მცდელობა;
- „ხალხის ძალის“ წინააღმდეგ გალაშქრება ისეთი სტიგმების გამოყენებით, როგორიც არის: რუსული კანონი, ФСБ-ს სახელმძღვანელოები, აგრესიული ანტიდასავლური რიტორიკა, დემოკრატიის უკუსვლა და ა.შ;
- ისეთ ოდიოზურ ფიგურებზე, როგორიც ლომჯარიაა, თავისი პოლიტიკური ფსონის გაკეთება, მისი „ჩემპიონად“ გამოცხადებისა და დაჯილდოების სახით;
- ვერშემდგარი „პრაიდის“ შემდეგ, ფაქტობრივად საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის დასჯის მოთხოვნა;
- ქართველი მოსამართლეების უსამართლოდ სანქციების ქვეშ აყვანის პროცესში ირიბი მონაწილეობის მიღება, საკუთარი თანამშრომლების ცალკეულ მოსამართლეებზე ზეწოლის უარყოფა;
- სააკაშვილის მიერ ჩადენილ სისხლის სამართლის დანაშაულზე (საზღვრის უკანონო გადაკვეთა) „იმედის“ ეთერში გაკეთებული უცნაური განცხადება: „მოსახლეობამ უნდა გადაწყვიტოს, ჰქონდა თუ არა ადგილი სამართლებრივ გადაცდომას“;
- ცალკეული განცხადებების დონეზე ხელისუფლების ევროინტეგრაციულ პროცესებში 12-პუნქტიანი დათქმების გადალახვაში თავისი დესტრუქციული ჩარევების არაერთი მცდელობა;
- ისე გვტოვებს, რომ კვლავ პასუხგაუცემელი რჩება კითხვა, ესწრებოდა, თუ არა იგი პიტერ აკერმანის მიერ ბაკურიანში, ქვეყნის ხელისუფლების აყირავების მიზნით ჩატარებულ „დიდი შეთქმულების ტრენინგებს“, - წერს დავით ქართველიშვილი.