logo_geo
eng_logo
ბექა დავითულიანი: ჩინეთი თანამედროვე სამყაროს ერთ-ერთი გამოკვეთილი ლიდერია და მასთან პარტნიორული ურთიერთობები უმნიშვნელოვანესია!
- +

30 ივლისი. 2023. 09:48

 

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ისტორიული ვიზიტით, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში იმყოფება. ირაკლი ღარიბაშვილი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტს, სი ძინპინსაც შეხვდა, სადაც მხარეებმა საქართველოსა და ჩინეთის ორმხრივი თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების გადაწყვეტილება მიიღეს. რა პერსპექტივას უჩენს საქართველოს მსოფლიო პოლიტიკის უდიდეს მოთამაშესთან პარტნიორობის ასეთ მაღალ საფეხურზე აყვანა... - ამ და კვირის სხვა აქტუალურ მოვლენებს, ჩვენთან ერთად „ქართული ოცნების“ დეპუტატი, ბექა დავითულიანი აჯამებს.

 

- ბატონო ბექა, მოდით ჩვენი საუბარი პრემიერის ჩინეთში ვიზიტის შეფასებით დავიწყოთ. ეს ვიზიტი უკვე შეფასდა როგორც ისტორიული... რა მოლოდინები გაქვთ თქვენ, როგორ შეიძლება გაგრძელდეს ქართულ-ჩინური ურთიერთობები?

 

- რა თქმა უნდა, ეს ისტორიული ვიზიტია და ირაკლი ღარიბაშვილის ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში სტუმრობა მნიშვნელოვანია რამდენიმე ფაქტორის გათვალისწინებით: პირველ რიგში იმიტომ, რომ ჩინეთი თანამედროვე სამყაროს ერთ ერთი გამოკვეთილი ლიდერია და ურთიერთობები ჩინეთთან ამ თვალსაზრისითაა უმნიშვნელოვანესი, მეორე რიგში, ესაა აბრეშუმის გზა... იმ რთულ გეოპოლიტიკურ კონტექსტში, რომელშიც დღეს იმყოფება ჩვენი რეგიონი და მთლიანად მსოფლიო, ეკონომიკური კავშირების გამყარების თვალსაზრისით, ჩინეთს უდიდესი როლი უჭირავს, ამ კონტექსტში კი, საქართველომ შეიძლება უდიდესი ბენეფიტები მიიღოს; მესამე ფაქტორი კი ისაა, რომ საქართველოს თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულება აქვს ევროკავშირთანაც და ჩინეთთანაც. ერთი მხრივ, ჩინეთისთვის მსყიდველობითი თვალსაზრისით, ძალიან მნიშვნელოვანია ევროკავშირის და ზოგადად დასავლეთის ბაზარი, მეორე მხრივ კი, ევროპისთვისაა მნიშვნელოვანია ჩინური პროდუქციის მიღება. საქართველო არის ქვეყანა, რომელსაც შეუძლია ამ ორ ბაზართან დაამყაროს კონტაქტები, როგორც თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულების მქონე ქვეყანამ და იყოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რგოლი, რომელიც ამ ორ გიგანტურ ბაზარს ერთმანეთს დააკავშირებს (რა თქმა უნდა, იმ მასშტაბის გათვალისწინებით, რა მასშტაბიც აქვს ჩვენს ქვეყანას). აქედან გამომდინარე, სამივე ფაქტორი მეტყველებს იმაზე, რომ ამ ურთიერთობებს დიდი პერსპექტივა აქვს! თუმცა, აქვე უნდა დავაზუსტო, რომ რა თქმა უნდა, ჩვენი პოლიტიკური მიზანი რჩება უცვლელი, რომ გავწევრიანდეთ ევროკავშირში და გავხდეთ ნატო-ს წვერი ქვეყანა.

 

- თქვენ თქვით, რომ ჩვენს მიზნად რჩება ევროსტრუქტურებში გაერთიანება, თუმცა,  ევროპა ჯერ კიდევ მოლოდინის რეჟიმში გვამყოფებს... თუკი კანდიდატის სტატუსზე მივიღებთ უარს, ეკონომიკურის გარდა, პოლიტიკური პარტნიორების ძებნაც ხომ არ მოგვიწევს სხვა მიმართულებით და საერთოდ, სტრატეგიული პარტნიორების შეცვლის საკითხიც ხომ არ დადგება დღის წესრიგში?

 

- საქმე ძალიან მარტივადაა... მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ჩინეთთან პარტნიორობა, ასევე, მნიშვნელოვანია მსოფლიო პოლიტიკაში მთავარ აქტორებთან ურთიერთობის მოგვარება და აქედან ჩვენი ქვეყნისთვის სარგებელის გამოდნობა, დასავლეთი და ევროპული ოჯახი, კულტურული თვალსაზრისით,  ჩვენი ქვეყნისთვის განვითარების ბუნებრივ არეალად რჩება, რადგან საქართველო ამ ქრისტიანული ცივილიზაციის ნაწილია! ჩინეთი სხვა ცივილიზაციაა და ის ვერ იქნება საქართველოსთვის ამ პერსპექტივის მქონე დიდი მოთამაშე. შესაბამისად, ჩვენი საგარეო ორიენტირები რჩება უცვლელი!

 

- და მაინც, თუკი ევროპა ისევ გვეტყვის უარს სტატუსთან დაკავშირებით, როგორ შეიძლება განვითარდეს ქვეყანაში მოვლენები და ეცდება თუ არა რადიკალური ოპოზიცია, ისევ გამოიყვანოს ხალხი ქუჩაში და ისევ სცადოს სახელმწიფო გადატრიალების მოწყობა?

 

- ამ კითხვაზე ჩემი მოკლე პასუხი იქნება, რომ ჩვენ ეს სტატუსი აუცილებლად უნდა მივიღოთ! იმ ვითარებაში, რა ვითარებაშიც დღეს ჩვენი რეგიონი იმყოფება, ერთადერთი სწორი გეოპოლიტიკური გადაწყვეტილება ევროკავშირის მხრიდან, საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭება იქნება. ეს ყველაფერი მოხდება უკრაინაში მიმდინარე ომის კონტექსტში და რა თქმა უნდა, ევროპა გაითვალისწინებს ყველა იმ ფაქტორს, რაც გასათვალისწინებელია, მათ შორის იმასაც, რომ არ გაზარდოს საქართველოს უსაფრთხოების რისკები. ასე რომ, ამ გადაწყვეტილებას ალტერნატივა უბრალოდ არ აქვს! თავის დროზე, როცა მათ არ მიგვიღეს „ერთა ლიგაში“, ვნახეთ, ეს როგორ გზავნილად იქნა მიღებული მაშინდელი რუსეთის მხრიდან და როგორი აგრესია განახორციელა საქართველოს მიმართ, ამიტომ ევროპამ იგივე შეცდომა აღარ უნდა დაუშვას. გარდა ამისა, შავ ზღვაზე დასავლეთს აქვს საკუთარი ინტერესები და საქართველოს გარეშე, ამ ინტერესებს, ვერ განახორციელებს.

 

- კანდიდატის სტატუსის არმიღების შემთხვევაში, თქვენ ისაუბრეთ რუსულ საფრთხეზე, შიდა საფრთხეზე რას გვეტყვით... რაიმე პროვოკაციულ ნაბიჯებს ხომ არ ელით რადიკალური პოზიციის მხრიდან?

 

- თუკი ნეგატიური გადაწყვეტილება იქნება მიღებული ევროკავშირის მხრიდან, შიდა პოლიტიკური მოთამაშეები აუცილებლად ეცდებიან, ეს სათავისოდ გამოიყენონ და ხელისუფლების ხელში ჩაგდებას არაკონსტიტუციური გზებით შეეცდებიან. თუმცა, ოპოზიციის წიაღში მე ვერ ვხედავ იმ პოტენციალსა და ძალას, რომელიც შეძლებდა რაიმე რადიკალური ცვლილებების მოხდენას. საქართველოს ხელისფლება ყველანაირად ცდილობს, ქვეყანამ მიიღოს კანდიდატის სტატუსი, თუმცა, თუკი ევროკავშირი ჩვენ არ მოგვანიჭებს ამ სტატუსს, ეს ცალსახად იქნება პოლიტიკური გადაწყვეტილება.

 

- რახან ოპოზიცია ვახსენეთ, მოდით, „ნაცებისა“ და გიორგი ვაშაძის გაერთიანებაც შევაფასოთ... თქვენი აზრით, რა დამატებით ხმებს მოუტანს „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ გიორგი ვაშაძის დამატება და კიდევ ვინ შეიძლება ვიხილოთ მათ რიგებში?

 

- ხაბეიშვილის „ნაციონალური მოძრაობა“ გიორგი ვაშაძის დამატებით, არც არაფერს იკლებს და არც არაფერს იმატებს, „ფერი ფერს და მადლი ღმერთს“ არიან! ძალიან უხდებიან ხაბეიშვილი და ვაშაძე ერთმანეთს. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ძალიან კარგად იცის, რომ ვაშაძის დამატებით არჩევნებში ვერანაირ ხმებს ვერ დაიმატებს, უბრალოდ ჰგონიათ, რომ ვაშაძე ხაბეიშვილზე უკეთ წარმოსაჩენი ფიგურაა, თუნდაც უცხოელი პარტნიორების თვალში. „ნაციონალური მოძრაობა“ ის ძალაა, რომელიც გამუდმებით ერთი და იმავე სცენარით მოქმედებს და გამუდმებით ცდილობს პროცესების ქუჩაში გადატანას. ისინი 2003 წლის სცენარის ტყვეობაში არიან და ამ სცენარის ტყვეობაში დარჩებიან მუდამ! მინდა მათ შევახსენო, რომ 2003 წელს არ ჰქონდა ამ ქვეყნას ნანახი, რეალურად რა მოაქვს მოვლენების მსგავსი სცენარით განვითარებას და ვინ იყო ის ხალხი, რომლებიც წარმართავდა ამ სცენარს, ახლა კი, ჩვენს საზოგადოებას ძალიან დიდი გამოცდილება დაუგროვდა, სწორედ ამიტომ რადიკალები ისევ იმედგაცრუებულები დარჩებიან.

 

- და ბოლოს, გიორგი მარგველაშვილზეც რომ ვისაუბროთ... ელოდებით თუ არა, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ საკუთარ რიგებში, საქართველოს ყოფილ პრეზიდენტსაც დაიმატებს?

 

- ჩემდა სამწუხაროდ, „ფარას“ დოკუმენტმა ცხადყო, რომ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ გიორგი მარგველაშვილი უკვე დამატებული ჰყავს, თანაც ძალიან დაბალანაზღურებად სპიკერად! სიმართლე გითხრათ, ეს ფაქტორი მე საშინელ უხერხულობას მიქმნის და ამას, ნიშნის მოგებით სულაც არ ვამბობ. რა გითხრათ აბა, ვინც არ უნდა დაიმატოს „ნაცმოძრაობამ“, თუკი არ მოხდება არსებითი სიახლე, ელექტორალური თვალსაზრისით მათ არაფერი შეეცვლებათ. არსებითი სიახლის უნარი, ძალა და მიმღებლობა კი, ამ პარტიას არ გააჩნია. ისეთი ადამიანი კი, ვისაც რაიმე სახის არსებითი ცვლილებების შეტანა შეუძლია, ამდენად მძიმე წარსულის პარტიაში უბრალოდ, არ წავა!

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner