ავტორი თაკო კვარაცხელია
დემიკო ლოლაძეს ყველა იცნობს, მას დიდი წარდგენა არ სჭირდება... ის პუბლიცისტია და მწერალი, თუმცა, ამასთანავე, საზოგადოებისთვის მისი არაჩვეულებრივი ფოტონამუშევრებიც კარგადაა ცნობილი. ქართული სპორტის მემატიანე, რომელსაც ყველა ჯილდო აქვს მიღებული, რომელზეც შეიძლება ადამიანმა იოცნებოს, დღეს „რეპორტიორის“ სტუმარია...
- ბატონო დემიკო, მოდით, ჩვენი საუბარი იმ პერიოდიდან დავიწყოთ, როცა თქვენი ცხოვრება სამუდამოდ გადაეჯაჭვა სპორტს... როგორ გაჩნდა თქვენს ცხოვრებაში სპორტი, მაშინ როცა დამთავრებული გაქვთ იურიდიული და ფილოლოგიური ფაკულტეტები და მუსიკალური სასწავლებელი?
- სადაც არ უნდა ისწავლოს ადამიანმა და რომელი ფაკულტეტიც არ უნდა დაამთავროს, მასზე უდიდეს გავლენას მაინც მისი ოჯახი ახდენს და ჩემს შემთხვევაშიც ასე იყო... ჩემს ოჯახში გამუდმებით ფეხბურთზე ლაპარაკობდნენ, მიმოიხილავდნენ მატჩებს და ამიტომ ფეხბურთმა ჩემში განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია. ჯერ კიდევ მაშინ, როცა პატარა ვიყავი, ლეგენდარული ბასკები ჩამოვიდნენ თბილისში სათამაშოდ და ორი შეხვედრა გამართეს, ერთი „დინამოსთან“, მეორე კი, საქართველოს ნაკრებთან. ამ მატჩებში ჩვენმა ლეგენდარულმა ფეხბურთელებმა ისეთი ფეხბურთი აჩვენეს, რომ ეს ფაქტი სამუდამოდ დარჩა ჩემს მოგონებაში. ათი წლის წამიყვანეს სტადიონზე (შეიძლება უფრო პატარაც ვარ ნამყოფი სტადიონზე, მაგრამ ჩემს მეხსიერებაში, პირველ მკაფიო მოგონებად, რატომღაც ეს დღე შემორჩა). მოსკოვის გუნდი ჩამოვიდა ჩვენს დედაქალაქში, რომელსაც მაშინ სტალინის შვილი, ვასილი პატრონობდა. ეს თამაში არასოდეს დამავიწყდება... ამის შემდეგ კი, რაც კი გაზეთი თუ ჟურნალი გამოდიოდა, „ლელო“, „საბჭოთა სპორტი“, „ახალგაზრდა კომუნისტი“, საინტერესო სტატია თუ მიმოხილვა როგორც კი დაიბეჭდებოდა, ამოვჭრიდი ხოლმე და რუდუნებით ვინახავდი. წლების შემდეგ აღმოვაჩინე, რომ უზარმაზარი არქივის მფლობელი გავმხდარვარ და ეს ჩანაწერები დღესაც ძალიან მეხმარება, როცა რაიმე ახალი წიგნის გამოცემას ვიწყებ... წლების მიხედვით მქონია შემონახული ქართველ საბჭოთა ფეხბურთელებზე სტატიები და ამ ჩემს არქივს ძალიან ვუფრთხილდები და ვუვლი.
- თქვენ პუბლიცისტი და მწერალი ხართ, მაგრამ ამავე დროს, მთელი საქართველო გიცნობთ როგორც ფოტოგრაფს... ფოტოაპარატი როგორ გაჩნდა თქვენს ცხოვრებაში და სპორტის ისტორიის ფოტოებად შეგროვება როდიდან დაიწყეთ?
- მახსოვს, პირველად ფოტოაპარატი „სმენა“ მაჩუქეს და მას შემდეგ, ფოტოკადრებად აღვბეჭდავ მნიშვნელოვან სპორტულ თუ არასპორტულ მოვლენებს. თუმცა, თუკი რაიმეზე მწყდება დღეს გული, ისაა, რომ მე თავად არ მაქვს ბევრ ლეგენდარულ ადამიანთან ფოტო გადაღებული... სადაც კი დავდიოდი, მხოლოდ მათ აღვბეჭდავდი ფირზე, მაგრამ მერიდებოდა მეთხოვა, ახლა მეც გადავიღებ თქვენთან ერთად ფოტოს-თქო. სინანულით ვიხსენებ, რომ ცხოვრების მანძილზე, ძალიან დიდი მასშტაბისა და სიდიდის ადამიანებს ვხვდებოდი, ფოტოები მათთან კი არ გადამიღია. მახსოვს, ერთხელ აკადემიაში ვიყავი სტუმრად ნიკო მუსხელიშვილთან და დღემდე ვერ ვპატიობ ჩემს თავს, რომ მასთან ერთად არ გადავიღე ფოტო, ასევე, მოსკოვში მყავს ნანახი მსოფლიო თუ ოლიმპიური ჩემპიონები, ვიღებდი მათ ფოტოებს, თუმცა, არცერთ მათგანთან ერთად თავად არ გადამიღია ფოტო. ბოლო წლებში ეს შეცდომა გამოვასწორე და ჩემს არქივში უკვე ინახება ლეგენდარულ ადამიანთან ერთად გადაღებული ფოტოკადრები. ჩემი 80 წლის იუბილესთან დაკავშირებით ვგეგმავ ფოტოალბომის გამოშვებას, რომელშიც ბავშვობიდან დღემდე გადაღებული ათასობით ფოტოდან ამორჩეული ჩემი ფოტოკადრები შევა. მათ შორის იქნება ჩემი მშობლების, ბებია-ბაბუის ფოტოები, უმაღლეს სასწავლებელში გადაღებული კადრები... თუმცა, სამწუხაროდ არ გამაჩნია მუსიკალური სასწავლებლის დროინდელი ფოტოები, რადგან მაშინ ძირითადად ლექტორებს ვუღებდი ფოტოებს, შემდეგ ჩათვლის წიგნაკში რომ ჩამედო და მეჩუქებინა მათთვის ეს ფოტოები, რომ ნიშანი გარანტირებული მქონოდა (იცინის).
- თქვენ დასწრებიხართ უდიდეს სპორტულ ღონისძიებებს, ალბათ არ გამოკლებიხართ არცერთ მნიშვნელოვან სპორტულ მოვლენას... რომელი მათგანი იყო თქვენთვის განსაკუთრებულად ემოციური და დასამახსოვრებელი?
- რომელი მათგანის ნახვა იყო განსაკუთრებულად დასამახსოვრებელიო, თქვენ მკითხეთ, მე კი მოგიყვებით, რომელი მათგანის ვერნახვა იყო ჩემთვის განსაკუთრებულად ემოციური... თექვსმეტი წლის ვიყავი, როცა ესპანეთის ნაკრების თამაშის სანახავად, მატარებლით წავედი მოსკოვში. უნდა გამართულიყო მატჩი საბჭოთა და ესპანეთის ნაკრებებს შორის. მე, მამა, დედა და ჩემი და გავემგზავრეთ ამ ისტორიული შეხვედრის სანახავად. მატარებელი მოსკოვს რომ მიუახლოვდა, რადიოში გამოაცხადეს, ესპანელ ფეხბურთელებს უარი განუცხადებიათ მოსკოვში ჩამოსვლაზე და მატჩი აღარ გაიმართებაო! მაშინდელ ნაკრებში უდიდესი ესპანელი ფეხბურთელი ალფრედო დი სტეფანო თამაშობდა და წარმოიდგინეთ, რა შოკი იქნებოდა ჩვენთვის, რომ მის თამაშს ვერ ვნახავდი... პელემდე და გარინჩამდე, სწორედ დი სტეფანო იყო ფეხბურთის უზარმაზარი ვარსკვლავი და ფაქტიურად, მის სანახავად წავედით მთელი ოჯახი. ისეთი იმედგაცრუება იყო ეს დღე, რომ მთელი ცხოვრება მახსოვს, მინდოდა დამელეწა ის რადიო, რომელმაც ეს ინფორმაცია გადმოსცა, უბრალოდ, ვერ მივაგენი, სად იყო მიმაგრებული (იცინის).
- მართალია, თქვენ იმ დღეს ვერ ნახეთ ლეგენდარული დი სტეფანოს თამაში, თუმცა თქვენი ცხოვრება ისე წავიდა, რომ მოგვიანებით ცოცხლად ნახეთ ფეხბურთის ისეთი ლეგენდების მატჩები, როგორებიც იყვნენ პელე, გარინჩა თუ მარადონა...
- ნამდვილად ასეა... პელეს და გარინჩას სანახავადაც მოსკოვში გახლდით, მსოფლიო ჩემპიონი ბრაზილია ტურნეს ფარგლებში საბჭოთა კავშირის ნაკრებს ხვდებოდა. პელემ მთელი თამაში ითამაშა, აი, გარინჩა კი, მწვრთნელმა რატომღაც მხოლოდ ბოლო წუთებზე შემოიყვანა, ისიც მას შემდეგ, რაც გაწბილებული სტადიონი, მატჩის დამთავრებამდე ერთ ხმაში აგუგუნდა, გარინჩას სტადიონზე შეყვანის მოთხოვნით. მისი თამაში, ფაქტიურად მხოლოდ 12 წუთის განმავლობაში ვნახე, თუმცა, ამ პერიოდში, მან ერთი, ძალიან ლამაზი ფინტის გაკეთება მაინც მოასწრო. რაც შეეხება მარადონას, მის თამაშს ნეაპოლში დავესწარი. მარადონა, რა თქმა უნდა, უდიდესი ფეხბურთელი იყო, მაგრამ ფეხბურთში პელეა მწვერვალი და მას მერეა ყველა დანარჩენი.
- ხმაზე დაგეტყოთ, რომ დიდად არ გიყვართ მარადონა... ასეა?
- მარადონა მართლაც უდიდესი ფეხბურთელია, მაგრამ ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია სპორტსმენის ადამიანობა, მისი ქცევები, მანერები... როცა მან ხელით გაიტანა გოლი და ამის შესახებ მსაჯთან არაფერი თქვა და ამაყად მიითვალა ეს გოლი, ჩემი აზრით, მის კარიერაში უზარმაზარი ლაქა დარჩა. თუ გინდა, რომ ღირსეული ფეხბურთელი იყო, ადამიანიც ღირსეული უნდა იყო!
- რადგან გავარკვიეთ, ვინაა თქვენთვის ფეხბურთის მეფე, მოდით, ისიც გაგვიმხილეთ, ვის მიიჩნევთ თანამედროვე ფეხბურთის მწვერვალად და ორ ლეგენდარულ ფეხბურთელს - მესისა და რონალდუს შორისაც გააკეთეთ თქვენი არჩევანი...
- ორივე უძლიერესია, მაგრამ მაინც კრიშტიანუ რონალდუ მირჩევნია. რონალდუ მთელი მატჩის განმავლობაში თამაშობს ფეხბურთს, მესი კი, დაბოდიალობს სტადიონზე, გაისეირნებს, გამოისეირნებს და მერე არაფრისგან შეაგდებს გოლს. აი, როცა რონალდუ იყო თბილისში ჩამოსული, წარსულის შეცდომა აღარ დავუშვი, გადავიღე მასთან ერთად ფოტო და დღეს ამ ფოტოთი ძალიან ვამაყობ!
- რადგან ფეხბურთზე ვლაპარაკობთ, მარადონა და ნეაპოლიც ვახსენეთ, ხვიჩა კვარაცხელიასაც ვერაფრით ავუვლით გვერდს... თქვენი აზრით, რა გარდატეხა მოახდინა ამ ბიჭმა დამოუკიდებელი საქართველოს საფეხბურთო ისტორიაში და როგორია მისი როლი თანამედროვე ქართული სპორტში?
- მოდით, პირდაპირ გეტყვით... ის აჟიოტაჟი, რაც ატეხილია კვარაცხელიას პერსონის ირგვლივ, არის დანაშაული ამ ბიჭის წინაშე! უნდა ვაცადოთ ხვიჩას, რომ ითამაშოს ისეთ დონეზე და ისევე დაამახსოვროს ხალხს თავი, როგორც ეს მესხმა, მეტრეველმა, იამანიძემ, ჩივაძემ, ყიფიანმა თუ სულაქველიძემ მოახერხეს და მერე დავწეროთ მასზე წიგნები თუ სიმღერები... მე რომ ფეხბურთელებზე მაქვს წიგნები გამოცემული, გამოვეცი მხოლოდ მას შემდეგ, რაც ამ სპორტსმენებმა ფეხბურთს თავი დაანებეს, ან საერთოდ, მათი გარდაცვალების შემდეგ, როცა ისტორია უკვე შექმნილი იყო. არ ვიცი, როგორი ბუნების ბიჭია ხვიჩა, მაგრამ მე რომ მის ადგილზე ვიყო, ყველას ვთხოვდი - დამანებეთ თავი და მაცადეთ ფეხბურთის თამაში-თქო! როგორც ქართველი, ვამაყობ ჩვენი ბიჭის ასეთი წარმატებით, თუმცა ვთვლი, რომ მაინც ძალიან საფრთხილო და სარისკოა, კარიერის დასაწყისში სპორტსმენზე ასეთი აჟიოტაჟის ატეხვა. ზომიერების შენარჩუნება აუცილებელია, რაც აბსოლუტურად დარღვეული აქვთ, პირველ რიგში, ქართველ კომენტატორებს...
- როგორც ჩანს, არ მოგწონთ ქართველი კომენტატორების მიერ წაყვანილი რეპორტაჟები... ინტერვიუს დასასრულს, გაგვიმხილეთ, რატომ არ მოგწონთ ქართველი კომენტატორები და იქნებ რაიმე რჩევაც მიგეცათ მათთვის...
- არა, არ მომწონს მათი რეპორტაჟები! ეს საშინელება როგორ უნდა მომწონდეს?! ვურჩევ მათ, რომ მოძებნონ ძველი ჩანაწერები, როგორ მიყავდათ რეპორტაჟები ეროსის, კოტე მახარაძეს ან ჯამლეტ ხუხაშვილს... მოისმინონ, როგორი პროფესიონალიზმი იდო თითოეულ მათ სიტყვაში! ვურჩევ თანამედროვე კომენტატორებს, ცოტა მეტი იკითხონ, ცოტა მეტად გაერკვიონ ფეხბურთის არსში, მის ისტორიაში და ისტერიისა და ყვირილის გარეშე წაიყვანონ რეპორტაჟები. ზოგჯერ ისეთ ხმაზე გაჰყვირიან, ბოლომდე ჩაწეული მაქვს ხოლმე ტელევიზორის ხმა და ასე მიწევს მათ გამო მატჩების ყურება. ვურჩევ ასევე, რომ ნუ მიბაძავენ სხვა ქვეყნის კომენტატორებს, რეპორტაჟები წაიყვანონ ქართულად, რადგან არ არსებობს უფრო დიდი ქაჯობა, ვიდრე მიმბაძველობაა!