ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ტელეკომპანია „GDS"-ის გადაცემაში „შეხვედრები რეგიონულ მედიასთან" ოზურგეთში განაცხადა, რომ ყოფილ პრეზიდენტ მიხელ სააკაშვილთან კარგი ურთიერთობა ჰქონდა და რომ ნდომოდა, „ხელისგულზე ატარებდნენ", თუმცა მან „ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან საზოგადოებაზე განცხორციელებული ძალადობა ვერ აიტანა.
„სააკაშვილს ჩემთან ჰქონდა ძალიან მოწიწებითი დამოკიდებულება, მეც არ მქონია უხეში დამოკიდებულება, ამასაც არ ვამბობ. მივიდოდი, მხვდებოდა, აუცილებლად მაცილებდა, თვალებში მიყურებდა, არაფერი მწყენოდა. მას ჰქონდა მხოლოდ მოწიწებითი და კულტურული დამოკიდებულება, არცერთი უხეში სიტყვა არ უკადრებია არასდროს. მე რომ მდომებოდა მაშინ, კომფორტულად ვიყავი წინა ხელისუფლებასთან, თუ მოვისურვებდი, ხელისგულზე მატარებდნენ, მაგრამ ის, რაც „ნაციონალურმა მოძრაობამ" გააკეთა, რა დღეშიც ჩააგდო საზოგადოება, ეს არ ავიტანე და ამისთვის მოვედი პოლიტიკაში",- განაცხადა ივანიშვილმა.
ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, მას სურს, რომ ყველას კარგად ეცხოვრებოდეს საქართველოში და არც „ნაციონალური მოძრაობის" განადგურება უნდა.
„მაბრალებენ, რომ „ნაციონალური მოძრაობის" განადგურება უნდაო. არა, როგორ გეკადრებათ, არავის განადგურება არ მინდა, მე მინდა, ყველას კარგად ეცხოვრებოდეს ამ ქვეყანაში. მაგრამ მათ უარი უნდა თქვან ძალადობაზე",- აღნიშნა ივანიშვილმა.
როგორც ყოფილმა პრემიერმა აღნიშნა, მას სხვა პირადი ინტერესი, გარდა იმისა, რომ უნდა, ქვეყანა სწორი გზით განვითარდეს და ხალხი ბედნიერად ცხოვრობდეს, არ გააჩნია.
„მე მინდა ჩემი სამშობლოს სწორი გზით განვითარება და ძალიან მინდა, ბედნიერ სამშობლოში ვცხოვრობდე არა მხოლოდ მე, არამედ მთელი ჩემი საზოგადოება, ჩემი საყვარელი ხალხი ცხოვრობდეს ბედნიერად თავის სამშობლოში", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.