საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა გადაცემაში „შეხვედრები რეგიონულ მედიასთან" განაცხადა, რომ ყველაზე დიდი, რაც გაკეთდა „ქართული ოცნების"და თავად მისი ხელისუფლებაში მოსვლის დროს, იყო ის, რომ ხალხს ლეგიტიმურად დაუბრუნდა, რაც ეკუთვნოდა.
„ჩვენ წართმეული გვქონდა არჩევანის უფლება, ჩვენ აღარ გვეკითხებოდნენ და აღარც აპირებდნენ შეკითხვას, მხოლოდ საზღვარგარეთთან უნდა გაეფორმებინათ როგორმე და ყოფილიყვნენ მისაღები. ჩვენ დავიბრუნეთ არჩევნების უფლება. ჩვენმა საზოგადოებამ უნდა გადაწყვიტოს, ვინ მოვა და როგორ მოვა. გადაწყვეტილების მიღება, არ არის მარტივი პროცესი, ეს არის საკმაოდ რთული. მაკრიტიკებდნენ, წინა გამოსვლის დროს შეურაცხყოფას აყენებს ქართველ ხალხს, ჭკუა უნდა ასწავლოსო. ღმერთმა დამიფაროს, მეც ჩვეულებრივი ქართველი ვარ. მეც ისეთივე გენეტიკური მახსოვრობა მაქვს, როგორც თქვენ და ჩვენ ყველას ერთად. ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი ისტორიული კულტურა და დიდი გამოცდილება, მაგრამ უნდა ვაღიაროთ, რომ ჩვენ ჩვენი სახელმწიფოს მართვის გამოცდილება ბოლო 200 წელი არა გვაქვს და ეს არ არის მარტივი პროცესი. მე ამას ყოველთვის ვუსვამ ხაზს და არა შეურაცხყოფას ვაყენებ ვინმეს",-აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.
ყოფილი პრემიერ-მინისტრის თქმით, მიუხედავად ჩვენი ნიჭიერებისა და ისტორიული გამოცდილებისა, მაინც არ გვყოფნის სახელმწიფოს მართვის კულტურა, მაგრამ ეს არ არის სირცხვილი, არ არის შეურაცხყოფა.
„მოვუსმინოთ პოლიტოლოგებს, თუ გვყავს ასეთი, ანალიტიკოსებს. მათ რიცხვში, მეც მაქვს პრეტენზია, რომ გავაანალიზოთ სიტუაცია, სწორად დავალაგოთ, ვინ ვინ არის, სწორად ვაჩვენოთ საზოგადოებას და მათ უნდა გააკეთონ არჩევანი, სხვა გასაღები აღარ არსებობს. დღეს კიდევ არის განცდა, რომ ვიღაცამ უნდა უკარნახოს, ფული დაურიგოს, რაღაც საჩუქრები დაურიგოს არჩევნების პროცესში, რაც იყო სირცხვილი - ვთქვათ, ერთი ბოთლი ზეთი, ან ერთი კილოგრამი შაქარი, რაც იყო შეურაცხმყოფელი აბსოლუტურად და ამით უნდა გადაწყვიტონ არჩევნების ბედი იმ პროცესში, არა. მხოლოდ სწორი ანალიზია ერთადერთი გასაღები. „ნაციონალური მოძრაობაზე", გნებავთ „ქართული ოცნებაზე", არც ერთ პარტიაზე არ უნდა გვქონდეს ზეჭარბი დამოკიდებულება. ვიდრე ასრულებს, ვიდრე სწორი პოზიცია აქვს, ვიდრე სწორედ ემსახურება ხალხს, სანამ სწორი მიმართულებით და დასაბუთებულად გვეუბნება, როგორ წაიყვანს ჩვენს სახელმწიფოს, ეს უნდა კარგად გავიაზროთ, გავაანალიზოთ და მათ უნდა დავუჭიროთ მხარი. დღეს „ქართულ ოცნებას" ალტერნატივა არ ჰყავს, მე ამას დავასაბუთებ, რამდენიც გინდათ, ვისაუბროთ. კარგი იქნებოდა, რომ არჩევანი იყოს მეტი",-აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.