logo_geo
eng_logo
ნეთანიაჰუ სასამართლო რეფორმაზე: სხვა ქვეყნები არ უნდა ჩაერიონ ისრაელის შიდა საკითხებში - დემოკრატიულ ქვეყნებში ხალხის მიერ არჩეული წარმომადგენლები იღებენ გადაწყვეტილებებს და ასე იქნება ისრაელში
- +

31 ივლისი. 2023. 23:42

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ უარყო საერთაშორისო კრიტიკა იმის შესახებ, რომ მისი მთავრობის მიერ ინიცირებული სასამართლო რეფორმა ძირს უთხრის დემოკრატიას და აღნიშნა, რომ ის არ დაექვემდებარება გარედან ზეწოლას.

ისრაელის მთავრობის მეთაურმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ სხვა ქვეყნები არ უნდა ჩაერიონ ისრაელის შიდა საკითხებში.

მე არასდროს გამიკეთებია კომენტარი სხვა დემოკრატიების შიდა დებატებზე. ძალიან ბევრს აქვს მოსაზრება ისრაელზე, [თუმცა] მათ არ აქვთ მოსაზრება საფრანგეთში მომხდარ არეულობებზე ან იქაურ საპროტესტო აქციებზე ან სხვა ქვეყნებში მიმდინარე დებატებზე“, - განაცხადა ბენიამინ ნეთანიაჰუმ.

ნეთანიაჰუს თქმით, აშშ-ში ამჟამად მიმდინარეობს „სერიოზული დებატები უზენაეს სასამართლოსა და აღმასრულებელ ხელისუფლებას შორის და მე ნამდვილად არ მაინტერესებს ამაზე კომენტარის გაკეთება“.

ჩვენ თავად მივიღებთ გადაწყვეტილებებს. დემოკრატიულ ქვეყნებში, სუვერენულ სახელმწიფოებში, სუვერენულ დემოკრატიებში, ხალხის მიერ არჩეული წარმომადგენლები იღებენ გადაწყვეტილებებს და ასე იქნება ისრაელში“, - დასძინა მან.

24 ივლისს, მასობრივი პროტესტის მიუხედავად, ისრაელის პარლამენტმა სასამართლო რეფორმის სადავო კანონპროექტი მიიღო.

დაგეგმილმა რეფორმებმა ისრაელის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური პროტესტი გამოიწვია. კანონის ოპონენტები აცხადებენ, რომ ის საფრთხეს უქმნის ისრაელს, როგორც დემოკრატიას.

ისრაელის მთავრობა ამტკიცებს, რომ ზომები აუცილებელია ძალაუფლების დისბალანსის გამოსასწორებლად, რადგან სასამართლოები ხშირად ერევიან პოლიტიკურ გადაწყვეტილებებში.

right_banner right_banner
არქივი
right_banner