სპეციალურად “კვირასთვის” ინტერვიუ მოამზადა შალვა ლონდარიძემ.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი, ისტორიის დოქტორი ზურაბ გაიპარაშვილი – „ქაოსური მდგომარეობიდან გამოსვლის არაჩვეულებრივი საშუალება და თავშესაფარი არის წიგნი!“
შ.ლ. ბატონო ზურაბ, უპირველეს ყოვლისა, მოგესალმებით და მადლობას მოგახსენებთ ინტერვიუსთვის.
ზ.გ. – მადლობა ყურადღებისთვის.
შ.ლ. – დღევანდელი საუბარი მსურს, დავიწყოთ სასწავლო წლის დასრულებით. ეს იქნება, ერთგვარი შემაჯამებელი ინტერვიუ და შევეხებით ყველა მნიშვნელოვან თემასა, თუ მოვლენას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის სივრცეში, რომელიც 6-7 თვის სამუშაო ანგარიშს მოიცავს… რა შედეგებით ხვდება ბიბლიოთეკა განვლილ პერიოდს?
ზ.გ. – მიმდინარე სასწავლო წელს მუშაობა იმ მნიშვნელოვანი განწყობით წარიმართა, რაც პოსტკოვიდურ ეპოქას შეეფერებოდა. მოგეხსენებათ, რომ მსოფლიომ და მათ შორის საქართველომ, თითოეულმა ჩვენგანმა უმძიმესი დრო გამოვიარეთ. ფაქტობრივად, ყველას მოგვიწია ცხოვრების სტილისა და მუშაობის რეჟიმის შეცვლა, თუმცა, ამ ფონის გათვალისწინებით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკას, რა საკვირველია, მუშაობა არ შეუწყვეტია. კოვიდის პერიოდში სტუდენტებს ინტენსიურად ვუმზადებდით და ვაწვდიდით სახელმძღვანელოების ციფრულ ვერსიებს, რომელთა გარეშე მეცადინეობა, ძალიან გაუჭირდებოდათ.
შ.ლ. – წარმომიდგენია, თუ რა შრომატევადი სამუშაო აქვს გაწეული ამ პერიოდში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკას…
ზ.გ. – ჩვენ შედეგზე ვიყავით ორიენტირებულები და ეს ყველაფერი ისე უნდა გაგვეკეთებინა, რომ საავტორო უფლებები არ დაგვერღვია. მიუხედავად იმისა, რომ დღეს, კოვიდის ეპოქა დასრულებულია, განვლილმა პერიოდმა საბიბლიოთეკო საქმიანობას გარკვეული დაღი მაინც დაასვა. ვგულისხმობ იმას, რომ ჩვენი მკითხველი ციფრულ ვერსიებზე მუშაობას მიეჩვია. ამ ფაქტორმა განაპირობა ის, რომ მკითხველი ნაკლებად დადიოდა სამკითხველო დარბაზში, ვიდრე ეს კოვიდამდე იყო… ამის მიუხედავად, ჩვენ, ძველ რეჟიმს უნდა დავუბრუნდეთ, რადგან ციფრული ვერსიების დამზადება, იძულებითი ნაბიჯი იყო, რომლითაც მთელი მსოფლიოს ბიბლიოთეკები ხელმძღვანელობდნენ. მაშინ ბევრმა სამეცნიერო ბაზამ მოხსნა შეზღუდვები, მაგრამ ახლა უკვე ჩვეულ რეჟიმზე გადავიდა. ვირტუალური სამეცნიერო სამყარო, უკვე ჩაიკეტა. ვგულისხმობ იმას, რომ ყურადღება მკაცრად არის გამახვილებული საავტორო უფლებებზე. აქედან გამომდინარე, შეიძლება ითქვას – ეს რამდენიმე თვე, ახალ სიცოცხლესთან, ცხოვრების აქტიურ წესთან დაბრუნების პერიოდია. ეს რაც შეეხება მკითხველის აქტიურობას…
ახლა კი ბიბლიოთეკის უშუალო როლს ამ პერიოდში… ჩვენ აქტიურად განვაგრძობდით სამეცნიერო ლიტერატურის შეძენას, მის დამუშავებას. როგორ წესი, ფონდების შევსების ორი წყარო არსებობს. ეს არის უნივერსიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებების ფარგლებში წიგნების შესყიდვა, რომელიც დარგებისა და ფაკულტეტების მიხედვით არის განაწილებული, ყოველივე ეს კი, აკადემიური პერსონალის აზრის გათვალისწინებით ხორციელდება. არსებობს შევსების მეორე წყარო, რომელიც უფრო ჭარბია. ეს გახლავთ შემოწირულობები და ნაჩუქარი წიგნები. ეს არის ფონდების გამდიდრების ტრადიციული ფორმა, თავდაპირველად უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა ხომ კერძო შემოწირულობებით შეიქმნა და ამ ფორმას არასოდეს დაუკარგავს აქტუალობა. ზოგადად მგონია, რომ ნებისმიერმა უნივერსიტეტელმა მოვალეობად უნდა ჩათვალოს, მის მიერ გამოცემული წიგნი საჩუქრად გადასცეს დედა უნივერსიტეტის ბიბლიოთეკას. ამ საკითხთან დაკავშირებით, მხოლოდ ჩემს მოსაზრებაზე არაა საუბარი. ვფიქრობ, ჩვენი უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთა უმეტესობაც ანალოგიურად ფიქრობს.
შ.ლ. – რამდენად დინამიკურია უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთა ასეთი აქტიურობა?
ზ.გ. – შემოწირულობების თვალსაზრისით, სახელმწიფო უნივერისტეტის ბიბლიოთეკის ფონდები წელს განსაკუთრებით გამდიდრდა. სასიხარულოა, რომ ამ საქმეში ძალიან ცნობილი უნივერსიტეტელების მემკვიდრეები ფიგურირებენ. აქ მხოლოდ წიგნებზე არ არის საუბარი, არქივებიც იგულისხმება… წელს მივიღეთ ისეთი გამოჩენილი ადამიანების პირადი ბიბლიოთეკები და არქივები, როგორებიც იყვნენ: ძალიან ცნობილი ისტორიკოს-არქეოლოგი ოთარ ჯაფარიძე, აღმოსავლეთმცოდნე, პროფესორი გოჩა ჯაფარიძე, უკრაინული კულტურისა და ლიტერატურის უბადლო მკვლევარი ოთარ ბაქანიძე, ფოლკლორისტი, ფილოსოფოსი, ლიტერატურათმცოდნე ზურაბ კიკნაძე.
ამ ადამიანებთან დაკავშირებული მასალები ჩვენთვის ძალიან მდიდარი შენაძენია, მაგრამ, ამავე დროს, საკმაოდ სერიოზული სამუშაოც არის გასაწევი. ვინც საარქივო საქმიანობაში ერკვევა, მან კარგად იცის, რომ ამ მასალების დამუშავება შრომატევადი საქმეა. ამიტომაც, ბიბლიოთეკის სტრუქტურაში გარკვეული ცვლილება შევიტანეთ… თუკი, აქამდე არსებობდა განყოფილება, რომელიც, მხოლოდ დემოკრატიული რესპუბლიკის პერიოდის არქივებს იკვლევდა და საბიბლიოთეკო მიმართულებით სწავლობდა ამავე რესპუბლიკის ისტორიას, ახლა, უკვე ამ განყოფილებას საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკისა და უახლესი ისტორიის პერიოდის არქივების შემსწავლელი განყოფილება ეწოდა.
შ.ლ. – გარდა იმისა, რომ თსუ-ის ბიბლიოთეკა, ავტორთა ინტელექტუალური საგანძურია, ამ საგანძურში ხდება ძველი წიგნებისა და დოკუმენტების აღდგენა. ეს მნიშვნელოვანი საქმე დიდ რესურსებს მოითხოვს, მხედველობაში მაქვს ადამიანური და ტექნიკური ფაქტორები. რა საშუალებები აქვს ამ მხრივ უნივერსიტეტის ბიბლიოთეკას?
ზ.გ. – ისეთი დიდი ბიბლიოთეკა, როგორიც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაა, სარესტავრაციო განყოფილების გარეშე არსებობდა, ასეთი სტრუქტურა 90-იან წლებში გაუქმებულა… ჩემი მოსვლის დღიდან, დავიწყეთ ამ სამსახურის აღდგენა. შევქმენით ძალიან კარგი სარესტავრაციო ლაბორატორია, რომლის გარემონტებაც წელს განხორციელდა. საქართველოში, სამწუხაროდ, წიგნის რესტავრაცია არ ისწავლება, არადა, წიგნს თავისი სპეციფიკა აქვს. ამიტომ, თავდაპირველად ასეთი გადაწყვეტილება მივიღეთ და სამხატვრო აკადემიის კურსდამთავრებულები მოვიზიდეთ, რომლებიც კონკრეტული მიმართულებით დასპეციალდნენ. ახალგაზრდები, რომლებიც აქ მუშაობენ, უკვე საკმაოდ გამოცდილები და მაღალი კვალიფიკაციის პროფესიონალები არიან. მგონია, რომ ჩვენი სარესტავრაციო განყოფილება მნიშვნელოვანი სტრუქტურული ერთეულია არა მხოლოდ უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში, არამედ საქართველოს საბიბლიოთეკო სივრცეში.
რესტავრაცია საკმაოდ შრომატევადი და დროში გაწელილი საქმეა. ერთი წიგნის აღდგენას შეიძლება რამდენიმე თვე დასჭირდეს, მაგრამ გადაუდებელი საქმე გახლავთ. თუ არა წიგნების რესტავრირება, ისინი შეიძლება სამუდამოდ განადგურდნენ…
შ.ლ. – ინტერვიუს მსვლელობისას, მინდა, გარკვეული წარმოდგენა შეექმნას ჩვენს მკითხველს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის მასშტაბების შესახებ. მხოლოდ მიმდინარე წლის 6 თვის განმავლობაში, ბიბლიოთეკის წიგნადფონდი 8 500-მდე ახალი ნიმუშით შეივსო… საერთო ჯამში, აქ 3,6 მლნ, ერთეული წიგნი, ჟურნალ-გაზეთი და სხვადასხვა სახის მემორიალური ნივთია დაცული. მიმდინარე წლის 6 თვის სტატისტიკური მონაცემებითვე, სამკითხველო დარბაზებში 25 000-მდე ვიზიტი დაფიქსირდა. აქედან 16 320, პირველი კორპუსის სამკითხველო დარბაზზე მოდის… სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკას კი, ფაკულტეტების დონეზე არაერთი დარბაზი გააჩნია… როგორია წიგნის კითხვის ზოგადი დენტენცია სტუდენტებში და რას სთავაზობს თავად უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა იმ სტუდენტებს, რომლებსაც თავიანთი ინტელექტუალური რესურსების კიდევ უფრო მეტი გაზრდა სურთ…
ზ.გ. – თქვენ რომელი სამკითხველო დარბაზიც ახსენეთ, ეს არის სანიმუშო, საჩვენებელი დარბაზი, რომლის ინფრასტრუქტურაც დაკავშირებულია პირველი კორპუსის ბოლო პერიოდის სარეკონსტრუქციო-სარეაბილიტაციო სამუშაოებთან, რომელიც ფონდმა „ქართუმ“ განახორციელა. ეს დარბაზი ერთ-ერთი საუკეთესოა არა მხოლოდ საუნივერსიტეტო სივრცეში, თუმცა, სტუდენტებს რომ გარკვეული კომფორტი ექმნებოდეთ, ყველა სასწავლო კორპუსში სამკითხველო დარბაზი ფუნქციონირებს რომლებიც ვიწროპროფილურია. მაგალითად, მაღლივ კორპუსში არსებული სამკითხველო დარბაზი, ძირითადად ეკონომიკური პროფილის ლიტერატურით არის დაკომპლექტებული, მე-8 კორპუსში არის სახელგანთქმული, კლასიკური ლიტერატურის დარბაზი, უნიკალური წიგნების კოლექციით, მე-2 კორპუსში თავმოყრილია იურიდიული ლიტერატურა და ა.შ. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, ყველა კორპუსში არის გარკვეული კომფორტი იმისთვის, რომ სტუდენტებმა მაქსიმალურად ეფექტურად ისარგებლონ ამ სამკითხველო დარბაზებით. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ამავე დარბაზებში განთავსებულია კომპიუტერები, ტექნიკის გამოყენებით, სტუდენტებს იოლად შეუძლიათ ისარგებლონ ძვირად ღირებული სამეცნიერო ბაზებით, რომელსაც უნივერსიტეტი ყიდულობს. ჩვენს სასწავლებელს აქვს უნიკალური სამეცნიერო ბაზები, რომლებითაც მსოფლიოში განთქმული არაერთი ცნობილი უნივერსიტეტი სარგებლობს.
შ.ლ. – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკამ არცთუ ისე დიდი ხნის წინ შესანიშნავი საჩუქრები მიიღო. ჯერ იყო და ბიბლიოთეკას ცნობილი გერმანელი ქართველოლოგის რიჰარდ მეკელაინის პირადი არქივი გადმოეცა, ხოლო შემდეგ, ელისე პატარიძის არქივის ნაწილიც მიიღო…
ზ.გ. – „გერმანელი ქართველოლოგი საქართველოში დაბრუნდა“… ასე დავარქვი იმ ფაქტს, რომელიც რამდენიმე ხნის წინ მოხდა. რიხარდ მეკელაინის საბიბლიოთეკო და საარქივო მემკვიდრეობა კი, ჩვენმა უნივერსიტეტელმა სახელოვანმა მეცნიერმა ალექსანდრე კარტოზიამ ჩამოიტანა. მისივე გადაწყვეტილებით, არქივი ორ ნაწილად გაიყო. საარქივო მემკვიდრეობა უნივერსიტეტის მუზეუმს გადაეცა, ხოლო საბიბლიოთეკო ერთეულები – ჩვენ. თავად ფაქტი ძალიან მნიშვნელოვანია იქიდან გამომდინარე, რომ პიროვნება, ვისზეც ჩვენ ახლა ვსაუბრობთ, მის სამშობლოში ეწეოდა საქართველოს პოპულარიზაციას, სწავლობდა ქართულ კულტურასა და ენას ისე, რომ საქართველოში არ ჩამოსულა…
რაც შეეხება ელისე პატარიძის არქივს, ეს საგანძური ჩვენ ოთარ პატარიძისა და მისი დის, ქალბატონ თინას გადაწყვეტილებით გადმოგვეცა, რომლის საქართველოში ჩამოტანა, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა გოჩა ჯავახიშვილმა უზრუნველყო. მინდა, ვისარგებლო თქვენთან ინტერვიუთი და ბატონ გოჩას კიდევ ერთხელ გადავუხადო მადლობა, ბატონ ოთარს კი კიდევ ერთხელ მივულოცო იუბილე, რომელსაც დაბადების დღე სულ რამდენიმე დღის წინ ჰქონდა.
შ.ლ. – რამდენადაც ვიცი, ბატონი ოთარის მკაფიო გადაწყვეტილება იყო, რომ მამამისის არქივი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს და კერძოდ, ბიბლიოთეკას გადმოსცემოდა.
ზ.გ. – ამ გადაწყვეტილებას აქვს თავისი ობიექტური და სუბიექტური მიზეზები. ელისე პატარიძე თავის დროზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლობდა.
საერთოდ, ერთი რამ ხაზგასმით მინდა ვთქვა. ფაქტია, რომ საქართველოდან წასული ემიგრანტები, ამ შემთხვევაში, საფრანგეთში მცხოვრებ ემიგრანტებს ვგულისხმობ… ბუნებრივია, ცუდად იყვნენ განწყობილნი საბჭოთა ხელისუფლების მიმართ, მაგრამ მათ არასოდეს დასცდენიათ ერთი აუგი სიტყვაც კი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტზე. პირიქით, მათივე წარმოდგენაში, თუკი რაიმე ნათელი წერტილი არსებობდა საბჭოთა საქართველოში, ეს იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი! უფრო მეტიც, არსებობს დამადასტურებელი დოკუმენტაციაც, რომლის მიხედვითაც, პირველი თაობის ქართველი ემიგრანტების გადაწყვეტილებით, ლევილის მამული, სწორედ ჩვენს უნივერსიტეტს უნდა გადმოსცემოდა, თუმცა, საზოგადოების დიდი ნაწილისთვის ეს ფაქტი, სამწუხაროდ, უცნობია.
ახლა, კონკრეტულად რაც ელისე პატარიძეს შეეხება. მას მთელი სიცოცხლის განმავლობაში გაჰყვა უნივერსიტეტის სიყვარული. დარწმუნებული ვარ, მისი ნება რომ ყოფილიყო, მისი არქივი, რომელიც წლების წინ დაუბრუნდა საქართველოს ხელნაწერთა ცენტრს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს გადმოეცემოდა… თუმცა, აქვე ჩემ მიერ ზემოაღნიშნული ინსტიტუციის მიმართ დიდ პატივისცემას გამოვხატავ!
გასული საუკუნის ოციან წლებში, დამოუკიდებელ საქართველოში საბჭოთა რეჟიმის შემოჭრის ამბებს ჩვენი საზოგადოება კიდევ ბევრჯერ გაეცნობა. იმ უმძიმესი პერიოდის შესახებ, სწორედ ელისე პატარიძის არქივები აღწერს. ამიტომ, იგი განსაკუთრებით ძვირფასია უნივერსიტეტისთვის, სხვა დანარჩენ ჩვენს ძვირფას თანამემამულეებთან ერთად.
ჩვენ გვაქვს იმის გამოცდილებაც, თუ როგორ დავამუშაოთ ემიგრანტული არქივი, მათ შორის საუბარია მამია ბერიშვილის არქივზე, რომელიც უდავოდ ძალიან საინტერესოა. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და მის ვაჟს, ტიერი ბერიშვილს დიდი მადლობა გადავუხადო. ეს არქივი სრულად დამუშავებული, აღწერილი და დაბინავებულია, ასევე მოხდა დოკუმენტების ნაწილის პუბლიცირება, რასაც მომავალშიც ვაპირებთ. დამუშავებულია კიტა და აკაკი ჩხენკელების არქივებიც. მომავალში, ელისე პატარიძის არქივიც დამუშავდება, რომელიც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკას მცირე მოცულობით აქვს. საბოლოო ჯამში ეს მასალები სამეცნიერო მიმოქცევაში მოხვდება და მკვლევართათვის სრულიად ხელმისაწვდომი იქნება.
სიტყვა – საჩუქარი ვახსენე და არ შემიძლია არ გკითხოთ იმ განსაკუთრებულ საჩუქარზეც, რომელიც მთლიანად ჩვენმა საზოგადოებამ მიიღო! მედიით არაერთხელ გაშუქდა ამ შესანიშნავი წიგნის გამოცემის ფაქტი, მაგრამ ჩვენი მკითხველისთვის თქვენგან მიღებული ინფორმაცია სასიამოვნო წასაკითხი იქნება. საუბარია წიგნზე -„ივანე ჯავახიშვილისა და ანასტასია ჯამბაკურ-ორბელიანის ეპისტოლური მემკვიდრეობა“.
ზ.გ. – ხშირად ვამბობ ხოლმე, ბიბლიოთეკარები არა მხოლოდ ინახავენ წიგნებს, არამედ ქმნიან კიდეც. ბევრი გამოცემა განხორციელებულა ჩვენი ბიბლიოთეკის მიერ. ეს წიგნიც ერთ-ერთი ბოლო გამოცემაა, თუმცა, ძალიან მნიშვნელოვანი. ეს არის უნიკალური შესაძლებლობა, ერთი მხრივ მათთვის, ვისაც აინტერესებს ზოგადად პიროვნება – ივანე ჯავახიშვილი და მეორე მხრივ, საინტერესოა მათთვის, ვისაც აინტერესებს იმ ეპოქის საქართველო, როდესაც ეს ეპისტოლური მემკვიდრეობა იქმნებოდა… საუბარია მე-20 საუკუნის დასაწყისიდან, 40-იან წლებამდე. აქ იგულისხმება ივანე ჯავახიშვილისა და მისი სახელოვანი მეუღლის შეყვარებულობის პერიოდიდან ივანეს გარდაცვალებამდე.
როგორც წესი, ეპისტოლური მემკვიდრეობა საინტერესოა ხოლმე იმითაც, რომ იქ, მკვლევარი ისეთ დეტალებს ამოიკითხავს, რომლის მეშვეობითაც ბევრი უცნობი ფაქტი მჟღავნდება. მაგალითად: ეპოქის ისტორიის, ყოფის, კულტურის, პოლიტიკურ-სოციალური მდგომარეობის, ზოგად შექმნილი ვითარების და ა. შ. აქედან გამომდინარე, მგონია, ისტორიკოსებს დიდად წაადგებათ ამ წერილების წაკითხვა.
შ.ლ. – რამდენიმე კვირის წინ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი შესანიშნავი ღონისძიების მასპინძელი გახდა. ჩატარდა „საუნივერსიტეტო წიგნების ფესტივალი“, რომელმაც თსუ-ის გარდა, თოთხმეტ საგანმანათლებლო დაწესებულებას უმასპინძლა. ამ ღონისძიების მთავარ მიზანსა და ამოცანაზე უფრო ვრცლად რომ გვესაუბროთ…
ზ.გ. – მთავარი მიზანი ის იყო, რომ საზოგადოებისთვის გვეჩვენებინა, თუ რა მაღალი დონის სამეცნიერო პროდუქციას ქმნის აკადემიური პერსონალი. ასე წარმოდგენილი ქართული საუნივერსიტეტო სამეცნიერო დღესასწაული, თუ შეიძლება ითქვას, აქამდე არ მინახავს. ხშირად ხდება ხოლმე, რომ უნივერსიტეტებმა არ იციან ერთმანეთის საქმიანობის შესახებ, არადა ყველგან ძალიან საინტერესო საქმიანობა ხორციელდება.
ღონისძიების ამ ფორმით ჩატარების იდეა, დიდი ხნის წინ დამებადა. დღეს ძალიან გახარებული ვარ, რომ იდეა, იდეად არ დარჩა! დიდი სურვილი მაქვს, ეს ყველაფერი მომავალში ტრადიციად იქცეს. ეს იქნება ძალიან დიდი სტიმული საუნივერსიტეტო მეცნიერებისთვის, მეორე მხრივ კი, ის დიდ დახმარებას გაუწევს სტუდენტობასაც. ჩემს ცხოვრებაში რამდენიმე ასეთი ტრადიციისთვის მაქვს საფუძველი ჩაყრილი, თუმცა, ხშირად ამ ტრადიციის ორგანიზატორებსა და სულისჩამდგმელებზე არ საუბრობენ ხოლმე. ჩემთვის ეს არ არის მთავარი, მთავარია საქმე გაკეთდეს და ამით, აკადემიური პერსონალის წარმომადგენლებმაც ისარგებლონ და სტუდენტებმაც.
შ.ლ. – რამდენადაც ვიცი, ბიბლიოთეკის ბაზაზე სხვა მნიშვნელოვანი პროექტებიც ხორციელდება. ყველა მათგანს ახლა არ ჩამოვთვლი, მაგრამ ყურადღებას ერთ მნიშვნელოვან პროექტზე შევაჩერებ.
შშმ პირებზე ზრუნვა და მათი საზოგადოებაში ინტეგრაცია ერთ-ერთი პრიორიტეტია… სასიხარულოა, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და მისი ბიბლიოთეკა აქტიურად არის ჩართული ამ პროცესში. რამდენადაც ვიცი, ამ კატეგორიის სტუდენტებისთვის სპეციალური პროექტიც კი ხორციელდება…
ზ.გ. – ამ ბოლო პერიოდში, არსებულ პრობლემასთან დაკავშირებით, განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ, თუმცა, ადრეც ვმუშაობდით მხედველობადაქვეითებული სტუდენტების წინაშე არსებული პრობლემების მოგვარებაზე. ამ კატეგორიის სტუდენტები რამდენიმე ფაკულტეტზე არიან და სასწავლო პროცესისადმი მათი მოტივაცია საკმაოდ მაღალია. ჩვენი ვალია, რომ მათ, ყველანაირად მხარი დავუჭიროთ სწავლა-განათლების პროცესში. ამის მიუხედავად, რამდენიმე პრობლემა მაინც რჩება, რომელიც გადაჭრას მოითხოვს. უპირველეს ყოვლისა, ეს დაკავშირებულია საავტორო უფლებებთან, ამჯერად ამ საკითხებს დეტალურად ახლა არ შევეხები, თუმცა, აღვნიშნავ, რომ პრობლემა კომპლექსურად არის მოსაგვარებელი და ამაზე, ჩვენ უნივერსიტეტის ხელმძღვანელობასთან ერთად შევიმუშავებთ, რათა ამ ახალგაზრდებს, საგანმანათლებლო რესურსებზე მაქსიმალური ხელმისაწვდომობა ჰქონდეთ.
ახლა ჩვენ ვქმნით აუდიოწიგნებს, რომლებიც სჭირდებათ მხედველობაშეზღუდულ სტუდენტებს, თუმცა, კარგად გვესმის ისიც, რომ ეს არ არის საკმარისი.
შ.ლ. – გარე თვალით ცოტა სხვაგვარად ჩანს ბიბლიოთეკის როლი… თითქოს ასე აღიქმება – არის სპეციალური შენობა, სადაც წიგნები ინახება, დაინტერესებული ადამიანები მიდიან ამ შენობაში და დამატებით ლიტერატურას ეცნობიან. სინამდვილეში კი საქმე ასე მარტივად არ არის…
ჩემი ამ მცირე რეპლიკის შემდეგ, ერთ საკითხს მინდა შევეხო. ხე, ნაყოფით იცნობა, ადამიანი – ქმედითი ნაბიჯებისგან მიღებული შედეგებით… თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკას 2010 წლიდან ხელმძღვანელობთ… როგორ შეაფასებდით დროის ამ მონაკვეთს?
ზ.გ. – რა გითხრათ?.. შენი საქმე ალბათ დრომ და სხვამ უნდა შეაფასოს, თანაც მემუარების წერის დრო ჯერ არ დამდგარა, მაგრამ განვლილი წლებით უკმაყოფილო არ ვარ. ძნელია ჩემი გაკეთებული საქმის შესახებ ვისაუბრო, მით უმეტეს, იმ სახელგანთქმულ ბიბლიოთეკაში, რომელიც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან ერთად შეიქმნა და რომელსაც სხვადასხვა დროს ხელმძღვანელობდნენ ისეთი სახელგანთქმული მეცნიერები, როგორიც იყვნენ გიორგი ახვლედიანი, აკაკი შანიძე, გრიგოლ წერეთელი, შალვა ნუცუბიძე… თუმცა ეს იყო წარსულში. ვისაც ახსოვს, რა იყო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა 2010 წლამდე და რა არის დღეს, ყველა დამეთანხმება, რომ არც თუ ისე ურიგოდ ვიმუშავე ჩემს ძველ თუ ახალგაზრდა კოლეგებთან ერთად.
სამწუხაროდ ის რეფორმები, რომელიც დაიწყო 2003 წლის შემდეგ, ვგულისხმობ უმაღლეს სასწავლებლებში არსებულ საბიბლიოთეკო სფეროში არსებულ მაშინდელ ვითარებას… ეს იყო დამანგრეველი და გამანადგურებელი!.. ფაქტობრივად, შეიძლება ითქვას, რომ იმ პერიოდში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა დაიშალა, სტრუქტურა დაირღვა… დღეს ავად, თუ კარგად, უნივერსიტეტის საბიბლიოთეკო სისტემა აწყობილია. 20-მდე ნორმატიული დოკუმენტი შევიმუშავეთ იმისათვის, რომ ჩვენი ნორმატიული მუშაობის ბაზა შეგვექმნა. მადლობელი ვარ ყველა რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, რომლებიც ჩემს წამოწყებებს მხარში ედგნენ. არსებობს ისეთი რამ, რაც ჯერჯერობით ვერ გავაკეთე? – რა თქმა უნდა, ბევრია გასაკეთებელი, მაგრამ მოდი, ასე ვთქვათ – მომავალი, კიდევ წინ არის!
შ.ლ. – თქვენ, პროფესიონალი ბრძანდებით და თქვენივე საქმე ძალიან გიყვართ, ამიტომ წარმატებებს გისურვებთ, ახლაც და მომავალშიც!
შემდეგ შეკითხვაზე გადავალ. თანამედროვე ეპოქაში უამრავი ახალი ტექნოლოგია გაჩნდა, ინერგება სრულიად ინოვაციური, წარმოუდგენელი სერვისებიც კი. მაგალითებს არ ჩამოვთვლი… როგორ ფიქრობთ, ხომ არ კარგავს ბიბლიოთეკა თავის აქტუალურობას და ხომ არ მოხდება ისე, როგორც მბეჭდავების შემთხვევაში… ადრე, მათთვის ცალკე შტატიც კი იყო გამოყოფილი, შემდეგ გავიდა დრო და ეს პროფესიაც დაიკარგა… ბიბლიოთეკარებსაც იგივე ხომ არ ემუქრებათ?
ზ.გ. – პრობლემა, რომელსაც თქვენ შეეხეთ, არ არის ახალი. ზოგადად, ბიბლიოთეკების ფუნქციონირებასა და მის მომავალზე ბევრს ბჭობენ და ამბობენ ხოლმე, ხომ არ დამთავრდა გუტემბერგის ეპოქა?.. მაგრამ ხანდახან იმასაც ამბობენ, რომ ციფრულიდან, მერე… ისევ გუტემბერგისკენ მივბრუნდებით…
თემა, რომელზეც თქვენ გაამახვილეთ ყურადღება, მხოლოდ ბიბლიოთეკას და ბიბლიოთეკარს არ ეხება. როდესაც მოდის ახალი ტექნოლოგიები და იცვლება ახალი ეპოქა, ამ ყველაფერს ფეხი უნდა აუწყო, წინააღმდეგ შემთხვევაში, საჭირო აღარ იქნები… თუ ფუნქცია აღარ გაქვს, რა თქმა უნდა, დამთავრებული ამბავია!
მე ვიცნობ ევროპულ, ამერიკულ საბიბლიოთეკო სფეროს. ბიბლიოთეკარს დასახული უნდა ჰქონდეს ერთი მთავარი მიზანი. გააკეთე ყველაფერი ისე, რომ შენ საჭირო იყო მკითხველისთვის! საქმის კეთებისას, აუცილებელია კრეატიული და ნოვაციური მიდგომა. ის, რომ წიგნი მარადიულად იარსებებ, მე ამ შემთხვევაში გუტემბერგის წიგნს ვგულისხმობ, – ეს არის ფაქტი! ბოლო დროინდელმა პერიოდმა ძალიან ნათლად წარმოაჩინა ერთი საინტერესო დეტალი. ელექტრონული წიგნებით, ნაბეჭდი სტამბის წიგნების ჩანაცვლება ვერ მოხდა, ელექტრონულმა ვერსიამ, კლასიკური ვერ განდევნა!.. თუმცა, იმასაც ვიტყვი, რომ გარკვეულ სეგმენტში ელექტრონული ვერსიები უფრო მოსახერხებელია.
ისევ თემას რომ დავუბრუნდეთ, დამატებით ვიტყვი… თუ შენ არ შეებრძოლები დროის მიერ მოტანილ პრობლემებს, თვალს დახუჭავ იმ ნოვაციებზე, რომელიც მოაქვს თანამედროვეობას, ახალგაზრდობას და ახალ ეპოქას, მაშინ ჩათვალე, რომ უკვე კულისებში ხარ, უკვე გასული ხარ სცენიდან… ამიტომ, ნამდვილი ბიბლიოთეკარი მუდმივად უნდა აკვირდებოდეს, რა ხდება დღეს მსოფლიოში და აქედან გამომდინარე, უნდა გამოიტანოს დასკვნა, როგორ იყოს ის საჭიროდ – სტუდენტისთვის, მეცნიერისთვის და ზოგადად მკითხველისთვის.
შ.ლ. – ჩვენი ინტერვიუს ბოლოს, რამდენიმე სიტყვით სამომავლო გეგმების შესახებ… სექტემბრიდან ახალი სასწავლო წელი დაიწყება და ბიბლიოთეკაც აქტიურად ჩაერთვება ამ პროცესში. რა მოლოდინები უნდა ჰქონდეთ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს?
ზ.გ. – უნივერსიტეტის სტუდენტს უნდა ჰქონდეს ის მოლოდინი, რომ მას ელიან უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში და ყველანაირად შეუწყობენ ხელს, რაც მომავალში, მათი ცოდნისა და უნარების განვითარებას შეუწყობს ხელს. ჩვენ, ახალგაზრდების მუდმივი გულშემატკივრები ვართ და მომავალშიც ყველანაირად შევეცდებით, რომ ჩვენი შესაძლებლობის ფარგლებში მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი.
შ.ლ. – თქვენი მხრიდან, რომ ხელის შეწყობა მაქსიმალური იქნება, ამაში დარწმუნებული ვარ და მკითხველიც მინდა დავარწმუნო.
ახლა, მე და თქვენ უნივერსიტეტის ქუჩაზე ვიმყოფებით, თბილისის სახელმწიფო უნივერისტეტის ბიბლიოთეკის ცენტრალურ შენობაში, სადაც ამ ინტერვიუს ჩაწერა ხდება.
ამ წუთებშიც კი მთელი შენობა ვიბრირებს, ირგვლივ გამოკვეთილი ხმაური და დიდი რაოდენობით მტვერია, რადგან გვერდით, მძიმე ტექნიკა მუშაობს… თბილისის ამ უბანში საავტომობილო გზის კაპიტალური რეაბილიტაცია ხორციელდება, ასევე მიმდინარეობს საავტომობილო ხიდის მშენებლობა, რომელიც თბილისსა და ბაგებს, ერთმანეთთან დააკავშირებს.
შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით, ყურადღება შემთხვევით არ გამიმახვილებია. არსებული მდგომარეობის მიუხედავად, ბიბლიოთეკა ჩვეულ ამპლუაში განაგრძობს მუშაობას და პირადი პერსონალი თავის მოწოდების სიმაღლეზეა…
ზ.გ. – პრობლემა ნამდვილად არის, მაგრამ ამ პრობლემას მეორე მხრიდან შევხედოთ, შენდება ქალაქი! მშენებლობისგან შექმნილი დისკომფორტი დროებითია. ცოტა ხანში ყველაფერი დალაგდება, უნივერსიტეტის ქუჩა იქნება ერთ-ერთი მოწესრიგებული ადგილი.
მე ყველას ვურჩევ, ქაოტური მდგომარეობიდან გამოსვლის არაჩვეულებრივი საშუალება და თავშესაფარი არის წიგნი… მეგობრებო, აიღეთ თქვენთვის საყვარელი წიგნი და იკითხეთ, პასუხს იქ ნახავთ ყველაფერზე…
შ. ლ – ძალიან დიდი მადლობა საინტერესო ინტერვიუსთვის, წარმატებებს გისურვებთ!
ზ.გ. – დიდი მადლობა, თქვენ!
http://kvira.ge/854948?fbclid=IwAR3mBUP2uGIBiCtUoJsVKv_42Vvm4ZNWP4FcUOcncQcIacIDcSyOb7anGxo