logo_geo
eng_logo
პროკურორებმა სექსუალური ძალადობის მსხვერპლ არასრულწლოვანთა ფსიქოლოგიურ-სოციალური მომსახურების ცენტრის თანამშრომლებთან მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართეს
- +

1 აგვისტო. 2023. 10:59

 

 

საქართველოს პროკურატურის პროკურორებმა, მოწმისა და დაზარალებულის უფროსმა კოორდინატორმა, სექსუალური ძალადობის მსხვერპლ არასრულწლოვანთა ფსიქოლოგიურ-სოციალური მომსახურების ცენტრის წარმომადგენლებთან, სოციალურ მუშაკებთან და ფსიქოლოგებთან მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართეს. შეხვედრა მიზნად ისახავდა პრაქტიკოსთა მიერ საკუთარი გამოცდილების, მიღწეული პროგრესის გაზიარებას და დანახული საჭიროებების იდენტიფიცირებას.

 

შეხვედრის ფარგლებში პრაქტიკოსმა პროკურორებმა, ცენტრის სოციალურ მუშაკებთან და ფსიქოლოგებთან ერთად განიხილეს სექსუალური ძალადობის მსხვერპლ არასრულწლოვანთა მიმართ საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების ჩატარების პრაქტიკა, არასრულწლოვან მსხვერპლთან კომუნიკაციის სტანდარტები და თავისებურებები. ასევე, იმსჯელეს სექსუალური ძალადობის მსხვერპლ ბავშვებთან სამართალწარმოების პროცესში ფსიქოლოგის და სოციალური მუშაკის მუშაობის პრაქტიკულ ასპექტებზე, მათ შორის, სტრესის შემცირების მიზნით საგამოძიებო მოქმედებებისთვის ბავშვის მომზადებისას ფსიქოლოგის როლზე.

 

ხაზი გაესვა არასრულწლოვანთა ფსიქო-ემოციური მხარდაჭერის მიზნით, სექსუალური ძალადობის საქმეებში მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის როლს და მისი ჩართულობის მნიშვნელობას.

 

შეხვედრის მონაწილეებმა ასევე იმსჯელეს ცალკეული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების განხორციელებისას არასრულწლოვნის ხელახალი ტრავმირების  რისკების შემცირების მიზნით საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელების და პრაქტიკის კიდევ უფრო დახვეწის საჭიროებაზე.

 

აღსანიშნავია, რომ ცენტრის სივრცე  შესაძლებლობას იძლევა, სექსუალური ძალადობის მსხვერპლ ბავშვთან საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები ჩატარდეს ნაკლებად მატრავმირებელ გარემოში, რაც ხელს უწყობს განხორციელებული დანაშაულის შესახებ მაქსიმალურად სრულყოფილი ინფორმაციის მიღებას და  სამართალდამცავ ორგანოს ეხმარება მოიპოვოს მტკიცებულებები, ხოლო პროკურატურამ მოძალადის მიმართ დაიწყოს სისხლისსამართლებრივი დევნა და გაატაროს უმკაცრესი სისხლის სამართლის პოლიტიკა.

 

საქართველოს პროკურატურისთვის მნიშვნელოვანია მართლმსაჯულების პროცესში სექსუალური ძალადობის მსხვერპლ არასრულწლოვანთა  ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის პროცესის ხელშეწყობა, რისთვისაც სექსუალური ძალადობის მსხვერპლ არასრულწლოვანთა ფსიქოლოგიურ-სოციალური მომსახურების ცენტრთან  თანამშრომლობას აქტიურად განაგრძობს.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner