„ევროკავშირის მოხსენებამ, ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებთან და ბევრ სხვა საკითხთან მიმართებით, საკმაოდ სერიოზული ისტერიკა გამოიწვია ოპონენტების გუნდში“, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.
მისივე თქმით, მოხსენებაში, რომელიც გამოქვეყნდა, ძალიან ბევრი პოზიტივი წერია.
„არის საკითხები, რასაც ყურადღება უნდა დავუთმოთ და ეს მოხსენება მნიშვნელოვანია, რასაკვირველია, მაგრამ მოხსენება რომც არ იყოს, ის, რასაც ჰქვია კორუფციასთან ბრძოლის თემა, სასამართლო სისტემის გაუმჯობესება, ეს არის თემები, რომლებზეც სისტემური და სისტემატური მუშაობაა საჭირო. მთლიანობაში, ძალიან პოზიტიურია და ვფიქრობ, ამ პოზიტიურმა მოხსენებამ, განსაკუთრებით ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებთან და ბევრ სხვა საკითხებთან მიმართებით, საკმაოდ სერიოზული ისტერიკა გამოიწვია ოპონენტების გუნდში, რაც არ არის კარგი. ზოგადად, საქმიანად უნდა შევაფასოთ ნებისმიერი ასეთი მოხსენება და წინ არის, მოწინავეთა რიგებშია საქართველო, იყო, არის და არა მარტო ამ სამეულის ფორმატში, არამედ ევროკავშირის საკმაოდ ფართო ფორმატშიც ბევრ ქვეყანას ბევრი მაჩვენებლით უსწრებს“, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.
ევროკავშირმა მსოფლიოში ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის მდგომარეობის შესახებ 2022 წლის ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც, ზოგადად, საქართველოში ადამიანის უფლებათა მყარი სისტემა არსებობს, რომელიც საერთაშორისო და ევროპულ სტანდარტებთან შესაბამის კანონებსა და პოლიტიკას მოიცავს, თუმცა, მათი აღსრულება რამდენიმე მიმართულებით უნდა გაძლიერდეს.