რატი ბრეგაძე სულ რამდენიმე დღეა რაც დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილედ დაინიშნა. „რეპორტიორთან" საუბარში ბრეგაძემ მადლობა გადაუხადა მინისტრ გელა დუმბაძესა და პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს გამოცხადებული ნდობისთვის და აღნიშნა, რომ მაქსიმალურად შეეცდება მათი იმედების გამართლებას.
„მინდა, მადლობა გადავუხადო სახელმწიფო მინისტრს დიასპორის საკითხებში გელა დუმბაძეს და პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს გამოცხადებული ნდობისთვის. ჩემთვის დიდი პასუხისმგებლობა და პატივია, ვიყო ჩემი სახელმწიფოს და თანამემამულეების სამსახურში, რომლებიც სხვადასხვა მიზეზების გამო საქართველოს ფარგლებს გარეთ იმყოფებიან. მაქსიმალურად შევეცდები, რომ გამოცხადებული ნდობა გავამართლო.
კონკრეტულად სამსახურეობრივ საქმიანობას რაც შეეხება, შევასრულებ იმ დავალებებს, რომელსაც მინისტრი მომცემს და ჩავერთვები არსებული პროექტების განხორციელებაში.
ამ ეტაპზე ვხვდები თანამშრომლებს, რომელთაგანაც ვიღებ დეტალურ ინფორმაციას სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიმდინარე მრავალფეროვანი საქმიანობის შესახებ. მაქვს გარკვეული მოსაზრებები და იდეები, რომლებსაც უახლოეს დღეებში დეტალურად გავაცნობ ბატონ მინისტრს და შეთანხმების შემდგომ მზად ვარ, დიასპორასთან დაკავშირებულ ბევრ საინტერესო საკითხზე გესაუბროთ", - განაცხადა რატი ბრეგაძემ.