ავტორი გიორგი მამაცაშვილი
ძვირფასო მკითხველო!
კარგად მოუსმინეთ ვიდეოში მიხეილ სააკაშვილს და ისიც გაითვალისწინეთ, რომ ეს ყველაფერი 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ხდება.
დიახ, 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ თქვა ვანო მერაბიშვილმა რუსულ ფულზე - "ფულს სუნი არ უდისო"...
დიახ, 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ აღიარა გრიგოლ ვაშაძემ თავი რუსული კულტურის ნაწილად...
დიახ, 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ისევ რუსეთის მოქალაქეებად რჩებიან კობა ნაყოფია და ნაციონალური მოძრაობის რამდენიმე ოდიოზური ფიგურა...
და რუსულ ბიზნესებში აგრძელებენ ფულის კეთებას(!)...
დიახ, 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ეპატიჟებოდა რუს ტურისტებს "ვივამედის" საპატიო სტუმარი ქართულ "პლიაჟებზე"...
მეტიც: სწორედ 2008 წლის აგვისტოს ომის მერე გაუუქმა რუსეთის მოქალაქეებს სავიზო რეჟიმი სააკაშვილისა და მერაბიშვილის ხელისუფლებამ...
2008 წლის აგვისტოს ომის მერე რუსეთი ოკუპანტად აღიარა საქართველოს მოსახლეობის გარკვეულმა ნაწილმა.
არადა, რუსეთი 1993 წლის 27 სექტემბრის მერე იქცა ნამდვილ ოკუპანტად...
თუმცა, არც ამას შეუშლია ნაცებში გადაპორტირებული და მანამდეც იქ მყოფი ქართველი მომღერლებისთვის ხელი, კრემლის დიდ დარბაზში ემღერათ რუსთა ხელმწიფის საამებლად!
მარტო სოსო პავლიაშვილისა და ქეთა თოფურიას სახელები რომ გაკერიათ დღეს პირზე, ან ნინო ქათამაძის ნამღერი აღარ გახსოვთ, ან ნანი ბრეგვაძის?!
იქნებ სოფო ნიჟარაძე 1993 წლის 27 სექტემბრის მერე გამოიქცა რუსეთიდან და არ ვიცით?
არა, არაფერი პირადული, უბრალოდ - სიმართლე და კითხვები, რომლებიც პასუხს ითხოვენ...
დიახ, 2008 წლის აგვისტოს ომის მერეც ოკუპანტი იყო რუსეთი და 2008 წლის აგვისტოს ომის დაწყებამდეც...
"გაუმარჯოს თავისუფალ და დამოუკიდებელ საქართველოს! რუსეთი ოკუპანტია!" - საქართველოს დროშით ხელში, წითელ მოედანზე, ზედ დაჩამიჩებული ლენინის მავზოლეუმის წინ, სწორედ 2008 წლის აგვისტოს ომის მერე ვყვიროდით ერთ-ერთი ჟურნალისტური ფორუმის დროს საქართველოდან მოსკოვში ჩასული რამდენიმე ჟურნალისტი და არც ერთი წამით არ გვიგრძვნია, რომ რამის ან ვინმესი უნდა შეგვშინებოდა...
(ამ დროს კი, ბევრი, ომის დროს, წითელ ხიდზე გაქცევისას დამწვარი ბენზინით რეკორდებს ხსნიდა ქართულ რეალობაში).
ერთი რამეც აუცილებლად უნდა ვიცოდეთ: ნებისმიერ ოკუპანტთან და ნებისმიერი ომის დროს აუცილებელია დიალოგი, აუცილებელია მშვიდობაზე საუბარი და აუცილებელია ნაბიჯ-ნაბიჯ სიარული ურთიერთობების დარეგულირებისთვის.
დიახ, რუსეთი ოკუპანტია!
აფხაზეთი და სამაჩაბლო საქართველოა!
დიახ, ვთქვათ პირდაპირ - ტაო-კლარჯეთიც საქართველოა!
ამავე ლოგიკით, - საინგილოც საქართველოა!
ამავე ლოგიკით - შორს წავალთ და აღმოჩნდება, რომ ბედკრული საქართველო ოკუპანტებითაა გარშემორტყმული...
არადა, სიმართლე ამაშიცაა...
ახლახანს, უკრაინის ომის პირველივე დღეებიდანვე უკრაინისთვის დამაშვრალი პოლონეთის ელჩი დაიბარეს უკრაინის ზედა ეშელონებში და ეს დაბარებაც შეურაცჰყოფად აღიქვა პოლონეთის ხელისუფლებამ.
სამართლიანადაც!
და რატომ არავინ არაფერს ამბობთ?
უკრაინელი ახალგაზრდა ბიჭები ბათუმში რომ ეფიცხებიან მზეს და ქართველი მეომრების სისხლით რომ ირწყვება უკრაინის მიწა, ამაზე რატომ ვხუჭავთ თვალს? რატომ დუმხართ, რუსთმოძულეებო?
ლუდოვიკოსთან რომ ალოდინეს სულხან-საბა, ამის შეხსენასაც არა აქვს აზრი თქვენთვის...
უკრაინასაც რომ ცხვირწინ მიუხურეს ნატოს ალაყაფი, ესეც არ შევნიშნოთ და არც ის, "სნგ"- ს წევრ მოლდოვას რომ ყველაფერზე ყაბულდებიან...
პოლიტიკას ასე ჭირდება და რა ვქნათ?!
არადა, მოყანყალებული და არაერთგზის დაცემული ბაიდენის დეგნანის სურვილია ასეთი და ამის თქმაც "ტეხავს"... დასავლეთის მტრად მოგვნათლავენ...
ცოტა ვრცლად გამომივიდა და მომიტევეთ.
ალბათ, ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა ერთბაშად ამოხეთქეს და "შემომექმედა"...
მშვიდობას ალტერნატივა არ გააჩნია და თუ "ოცნების" თვალში ბეწვს ამჩნევთ, ასე რამ დაგაბრმავათ, რომ საკუთარ და "ნაცების" თვალში დირეს ვეღარ ხედავთ?
ჭიჭე ვაშაძე რომ რუსებზე აქირავებდა ბინას, ის პატრიოტიზმი იყო და ხვალ ვინმე მონატრებული და ოჯახის გადახვეწილი წევრის სანახავად თუ ჩაფრინდება მოსკოვში ახლახანს აღდგენილი პირდაპირი რეისით, ის მოღალატეა?!
ქვა იმან ისროლოს, ვინც უცოდველია!
დიახ, რუსეთი ოკუპანტია, მაგრამ ის თანაბრად უნდა იყოს ოკუპანტი თიკა კანდელაკისთვისაც და კობა ნაყოფიასთვისაც, რუსებზე ბინის მიმქირავებელი ჭიჭე ვაშაძისთვისაც და "რუსული კულტურის ნაწილი" გრიგოლ ვაშაძისთვისაც!
ოღონდ, ერთიცაა:
რუსეთი ოკუპანტი უკრაინაში დაწყებული ომის შემდეგ არ გამხდარა.
რუსეთი ოჩამჩირის და გაგრის მიტაცების მერე გახდა ოკუპანტი.
თარიღები ნუ აგერევათ და საკუთარ მუცლის გვრემას ნუ აჰყვებით.
და თუნდაც ავიამიმოსვლის აღდგენას ნუ თვლით ცუდ ტონად, როცა თქვენს ბელადს საკუთარი ბრაძანებითა აქვს სავიზო რეჟიმი გაუქმებული!
ნურც ლიაკა ხოშტარიასთვის რუსეთიდან გამოგზავნილ რუბლებს მიაქცევთ ყურადღებას. ჭირდება ლაკას ფული და რა ქნას?!...
რუსი ტურისტების ჩამოსვლას ნუ თვლით "ოცნების" დანაშაულად, როცა თავად სააკაშვილი პირადად ეფინებოდა ნოხად ლარსში შემოსულ რუს ტურისტებს...
დიახ, საქართველოს მომავალი ევროპაშია და თქვენი?
არ ფიქრობთ ამაზე? თუ - სააკაშვილი კვდებაო და გივია თარგამაძის და გიგა ბოკერიას დაბრუნებას ელოდებით?!
პატარა "ხაბეებად" იქეცით და ვერ ხედავთ?
"რას დაგამსგავსათ და რას გიშვრებათ მამაძაღლი და მოსასპობი თაბაგარი, თუ ხედავთ ამას?"
აააა, ახლა ასე გაწყობთ?
კარგით მაშინ...