გოგა ხაინდრავას ფილმის „ჰეროკრატიას" პირველი ეპიზოდის ერთ-ერთი გმირი, ყოფილი პოლიტპატიმარი ალექსანდრე ახალკაცი გადაცემა „ღია ეთერში" იხსენებს „ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის პერიოდს, თუ როგორ მოხვდა საპატიმროში და ამბობს, რომ ისინი ფიზიკურად უსწორდებოდნენ ახალგაზრდა სტუდენტებს.
„ყველაფერი დაიწყო მაშინ, როცა ჯავახიშვილის უნივერსიტეტში მოვხვდი. 2006 წელს ჩავირიცხე საერთაშორისო ურთიერთობებზე 100%-იანი სახელმწიფო დაფინანსებით. მეც ვსწავლობდი სხვა ახალგაზდრების მსგავსად. იქ აღვმოვჩნდი აბსოლუტურად სხვა რეალობაში, სადაც მაშინდელი უნივერსიტეტის თვითმმართველობა, პირდაპირ გეტყვით, იყო ზონდერ ბრიგადა. ეს იყო „ნაციონალების" მიერ ხელდასხმული ჯგუფი, რომლებიც სტუდენტებს ფიზიკურად უსწორდებოდნენ. მე, როგორც 18 წლის ახალგაზრდას, ჯანსაღად მოაზროვნეს, არ შემეძლო, ამ ყველაფერზე თვალი დამეხუჭა.
თვითმმართველობის წარმომადგენელი 10 ლარს აძლევდა მათ, რომ წასულიყვნენ და აქციაზე „მიშა-მიშა" ეყვირათ, არ მიდიოდნენ და ამის გამო კაბინეტში შეყავდათ და სცემდენენ, ეს იყო საშინელება. ამ ყველაფერზე ჩვენ ხმა ამოვიღეთ.
მაშინ „რეაქცია" სწორედ ამ სტუდიიდან გადიოდა და ძალიან ხშირი სტუმრები ვიყავით გადაცემის, სადაც ყველაფერზე ხმამაღლა ვლაპარაკობდით. 2007 წელს გიორგი ავალიანი იყო თვითმმართველობის პრეზიდენტი, დაპირისპირება გვქონდა დათო კირკიტაძესთან, მის ნათესავთან, მოკლედ, ვუპირისპირდებოდით „ნაციონალებს". ამ ყველაფრის გამო, ძარცვის ბრალდებით საპატიმროში აღვმოვჩნდი, რომ თითქოს გოგონას მობილური ტელეფონი წავართვი. არადა, იმ დღეს, როდესაც თქვეს, გოგონას ტელეფონი წავართვი, წავიღე და გავყიდე, სწორედ იმ დროს მარჯანიშვილის თეატრში, წლის საუკეთესო მოთხრობისთვის მინისტრი კახა ლომაია პირადად მაჯილდოვებდა. ამ დღიდან იწყება ჩემი ისტორია და ფილმშიც ასეა", - აცხადებს ახალკაცი.
„ბატონმა გოგამ ჩემს ეპიზოდს საფუძვლად ჩემივე წიგნი „გამოცდა ხელბორკილით" დაუდო", - აცხადებს ალექსანდრე ახალკაცი. მისივე თქმით, წიგნის წერა 2010-2011 წლებში დაიწყო, რადგან ფიქრობდა, რომ ციხიდან ცოცხალი ვეღარ გამოვიდოდა.
„საერთოდ არ არსებობდა მაშინ ციხის კადრები, როდესაც ამ წიგნის წერა დავიწყე, რომელსაც 2010-2011 წლებში ვწერდი. ვწერდი იმიტომ, რომ მე ზუსტად ვიცოდი, იქიდან ცოცხალი ვერ გამოვიდოდი. სააკაშვილს შეწყალებაზე უარს ვეუბნებოდი, რადგან მე არ ვიყავი კრიმინალი და მას რაც სურდა, იმას ჩემგან ვერასდროს მიიღებდა. ჩემი ოჯახის ორი წევრი მოკლეს, როდესაც სახლში რეკავდნენ, როდესაც არ ვემორჩილებოდი მათ. საპატიმროშიც ვიცავდი ადამიანებს, რომლებსაც შიდსიან ნემსებს უკეთებდნენ. უნდოდათ, შიდსით დაეავადებინათ და მოეკლათ.
ბატონმა გოგამ ძალიან ბევრი ნაწამები ადამიანის ინტერვიუ ჩაიწერა, თუ არ ვცდები, 1200-ზე მეტი. იქ ყველამ ერთმანეთზე უარესი ამბები გადავიტანეთ და მე არ ვარ გამორჩეული, რადგან იქ ჩემზე უმძიმესი დღეები გადაიტანეს ბიჭებმა, ბევრი მათგანი სამწუხაროდ დღეს ცოცხალიც აღარ არის. ჩემი წიგნიც სწორედ მათ სულებს ეძღვნება, იმ მებრძოლ ბიჭებს, რომლებიც სისტემას აუჯანყდნენ და მათი სისხლით მივიღეთ ის შედეგი, რომელიც 2012 წელს დადგა. ვთვლი, რომ ეს ისტორია ყველამ უნდა იცოდეს და ნახოს ის, თუ როგორ გავიარე ის ტანჯვა-წამება, მე ამაზე პრობლემა არ მაქვს", - ამბობს ალექსანდრე ახალკაცი.