2016 წლის 6 სექტემბრიდან საქართველოს მოსახლეობას შესაძლებლობა ექნება, „იმედისა" და „GDS"-ის ტელეეთერით ნახოს გოგა ხაინდრავას მრავალსერიანი მხატვრული ფილმი „ჰეროკრატია", რომელიც რეალურ ფაქტებზეა დაფუძნებული და სააკაშვილის რეჟიმის დანაშაულებრივ, სისხლიან მმართველობას ასახავს. 27 აგვისტოს კინოთეატრ „რუსთაველში" „ჰეროკრატიას" პირველი და მეორე სერიის დახურული ჩვენება გაიმართა, რომელზეც ჟურნალისტებიც ვიყავით მიწვეული. მკითხველს საშუალება აქვს, „ასავალ-დასავალის" ამავე ნომერში წაიკითხოს ჩემი კოლეგის ზაზა დავითაიას ბრწყინვალე, ვრცელი წერილი „ჰეროკრატიას" შესახებ, მე კი გთავაზობთ ინტერვიუს ფილმის რეჟისორ გოგა ხაინდრავასთან.
- ბატონო გოგა, „ჰეროკრატია" მძიმედ სანახავი ფილმი ჩანს!
- დიახ, ნამდვილად მძიმედ სანახავი ფილმია, თუმცა, ეს სიმძიმე ახლოსაც ვერ მივა იმ ჯოჯოხეთთან, იმ განსაცდელთან და ტანჯვა-ვაებასთან, რაც ჩვენმა თანამემამულეებმა, ჩვენმა ძმებმა, დებმა, შვილებმა, მამებმა და დედებმა სააკაშვილისა და მისი მანქურთების მმართველობის დროს გამოიარეს.
ტელეეთერებითა და ინტერნეტის საშუალებით „ჰეროკრატიას" წუთნახევრიანი ანონსი რომ გავრცელდა, ნაციონალები, თავიანთი არასამთავრობოებიან-დედიან-ბუდიანად, საცვლებიდან ამოხტნენ და ამ სექტანტებისგან სწორედ ასეთ რეაქციას მოველოდი!
წარმოიდგინეთ, „ჰეროკრატიას" მოკლე ანონსმა ნაციონალები რა დღეში ჩაყარა და რა დაემართებათ მაშინ, როცა ფილმს სრულად ნახავენ?!
შეხედეთ, რა ისტერიკაში არიან და ინტერნეტში რეებს წერენ, იმიტომ, რომ კარგად იციან, რაც ელოდებათ!
- როგორ ფიქრობთ, პირადად სააკაშვილს რა რეაქცია ექნება, როცა „ჰეროკრატიას" ნახავს?
- აუუუ, სააკაშვილი „ჰეროკრატიას" რომ ნახავს, საცვლიდან კი არა, საერთოდ, კანიდან ამოხტება!
- მიგაჩნიათ, რომ ფილმში ადეკვატურად შეძელით იმ ძალადობის ასახვა, რომელსაც სააკაშვილის რეჟიმის დროს ჩვენს ქვეყანაში, თუნდაც, ციხეებში ჰქონდა ადგილი?
- თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ციხის სცენები ჰიპერრეალისტურად გადავიღეთ. გადაღებული მასალა ყოფილ პატიმრებსა და ციხის თანამშრომლებსაც ვაჩვენეთ, რომლებმაც გვითხრეს, რომ ნაცრეჟიმის დროს საპყრობილეებში არსებული ვითარება ფილმში მაქსიმალური სიზუსტით არის გაცოცხლებული.
თუმცა, ბუნებრივია, ვერც საკუთარ თავს და ვერც საზოგადოებას ვაკადრებდი, რომ ფილმში ის ყველაფერი მეჩვენებინა, რასაც სააკაშვილის მანქურთები სჩადიოდნენ.
- ე.ი. პატიმართა გაუპატიურების სცენები არ გადაგიღიათ?
- გაუპატიურების სცენების გადაღებას შეგნებულად ავუარე გვერდი და ამით მაყურებელი დავინდე, რადგან ადამიანს ფილმის ყურებისას ინფარქტი არ უნდა დაემართოს და გული არ უნდა გაუსკდეს.
არაერთხელ მითქვამს და ახლაც გავიმეორებ - გერმანელებმა სოფელ-სოფელ ჩამოატარეს და დიდსა და პატარას აჩვენეს კადრები, თუ რას სჩადიოდნენ ნაცისტები საკონცენტრაციო ბანაკებში.
დღეს გერმანია არის ნომერ პირველი სახელმწიფო ევროპაში, იმიტომ, რომ გერმანელებმა თავიანთ გულში, თავიანთ აზროვნებასა და მენტალობაში გაასამართლეს ფაშიზმი! დიახ, გაასამართლეს,იმიტომ რომ საკუთარი თვალით იხილეს მათი ნამოქმედარი!
- ჩვენებური არასამთავრობოები კი გაჰკივიან, რომ ქართველმა საზოგადოებამ არ უნდა ნახოს კადრები, რას სჩადიოდა ნაცრეჟიმი ციხეებსა და საწამებელ ბუნაგებში, რომლებიც სამეგრელოს ტყეებში ჰქონდა მოწყობილი!
- იმაზე ლაპარაკი, რომ საზოგადოებამ სააკაშვილის რეჟიმის სისასტიკის ამსახველი კადრები არ უნდა ნახოს, წმინდა წყლის ფარისევლობაა! დიახაც, უნდა ნახოს, დიდებმაც უნდა ნახონ და ყმაწვილებმაც, დედებმა და მამებმა თავიანთ შვილებს უნდა აჩვენონ ეს კადრები, უნდა შეწუხდნენ და შეძრწუნდნენ, რათა მსგავსი რამ არასოდეს განმეორდეს საქართველოში!
დიახ, ყველამ უნდა შეძლოს და სიმართლეს თვალებში ჩახედოს! სიმართლისთვის თვალებში ჩახედვით განიკურნა ფაშიზმისგან გერმანელი ერი და ვხედავთ, რა ქვეყანა ააშენა!
საფრანგეთში ფაშისტებთან მოთანამშრომლე კოლაბორაციონისტებს თმებს პარსავდნენ და ისინი ქუჩაში თავგადახოტრილები დადიოდნენ! ამის გამო ვინ იტყვის, რომ ფრანგ ერს ნაკლები კულტურა და ჰუმანიზმი აქვს, ვიდრე ჩვენს სექტანტ არასამთავრობოებს, ვიდრე კაპიტან გიგაურს, რომელიც 7 ნოემბრის დარბევისთვის პრემიებს არიგებდა?!
- ერთგან განაცხადეთ, ჩემი ფილმით სააკაშვილის რეჟიმს „ნიურნბერგის პროცესს" მოვუწყობო. როგორც ფიქრობთ, „ჰეროკრატიას" ნახვის შემდეგ ქართველი ხალხი ნაცფაშისტებს საბოლოო განაჩენს გამოუტანს?
- დიახ, „ჰეროკრატია" არის „ნიურნბერგის პროცესი" სააკაშვილის ფაშისტური რეჟიმისათვის!
ჩემს ფილმში საზოგადოება იმას ნახავს, რაც არასოდეს უნახავს! ნახავენ ე.წ. „ღამის მთავრობას", სადაც კონკრეტული ადამიანების ბედი წყდებოდა, ნახავენ, როგორ მწიფდებოდა სააკაშვილისა და მისი ბანდის ავადმყოფური გადაწყვეტილებები, რა პირობებში იყო გამოცხადებული 2008 წლის აგვისტოს ომი, რა ვითარებაში და რატომ გადაწყდა ომიდან ორი დღის დაბრუნებული როინ შავაძის ლიკვიდაცია და ა.შ.
ფილმის სცენარისათვის ისეთი საქმეები შევარჩიეთ, სადაც ნათლად ჩანს სახელმწიფო დანაშაული, სადაც აშკარაა, რომ მთელი სახელმწიფო სისტემა ერთ კონკრეტულ ადამიანს დაუპირისპირდა და გაანადგურა, ამ ყველაფერში კი პრეზიდენტით დაწყებული, ციხის ბადრაგით დამთავრებული, დამნაშავეთა მთელი წყება მონაწილეობდა.
- ისე, საინტერესოა, ფილმს „ჰეროკრატია" რატომ დაარქვით?
- როცა ფილმს ნახავენ, ყველა მიხვდება, რატომ ჰქვია „ჰეროკრატია". საქართველოში ჰეროკრატია იყო და ახლა უკრაინაშიც ჰეროკრგატიაა.
სხვათაშორის, ფილმში მხოლოდ მძიმე სცენები და ტანჯვა-ვაება არ არის, ისეთი მონაკვეთებიც გვაქვს, მაყურებელი ბევრს იცინებს! დიახ, ბევრსაც იტირებთ და ბევრსაც იცინებთ!
მნიშვნელოვანია, რომ „ჰეროკრატია" არ არის ფილმი კონკრეტულად სააკაშვილსა და ნაცმოძრაობაზე, ეს არის ფილმი იმაზე, თუ როგორ დაეპატრონნენ ბოგანოები სრულ ძალაუფლებას და როგორ გამოიყენეს იგი ქვეყნისა და ხალხის წინააღმდეგ!
საზოგადოება ამ ფილმში ნახავს, რას ეგუებოდა წლების განმავლობაში და რას უკრავდა ტაშს, თუმცა, მადლობა ღმერთს, ქართველ ხალხს იმის უნარიც აღმოაჩნდა, რომ ეს ნაგავი ქვეყნიდან გაეტანა!
- არის კი გატანილი ეს ნაგავი?
- საერთაშორისო ბნელი ძალები ძალისხმევას არ იშურებენ, რომ ნაციონალურ მოძრაობას სიცოცხლე გაუხანგრგძლივონ და მათ ამაში ქართული მედიაც აქტიურად ეხმარება.
იმის მერე, რასაც ახალაიები, მეგის ქარდავა, კოხტა კოდუა და სხვა მანქურთები სჩადიოდნენ, ნაციონალები ამ მიწაზე საერთოდ როგორ დადიან?! ბოკერია, ბარამიძე, ბაქრაძე ქუჩაში როგორ გამოდიან?!
ჩვენს საზოგადოებას ვეკითხები - როგორ შეიძლება, გიგა ბოკერიას ხელი ჩამოართვათ, ან ბაქრაძესთან ერთად სუფრას მიუსხდეთ და ჭიქაზე ჭიქა მიუჭახუნოთ?!
- ხელის ჩამორთმევა და ჭიქის მიჭახუნება კი არა, სააკაშვილის ცოლი სანდრა რულოვსი ზუგდიდში დეპუტატად იყრის კენჭს და გამარჯვების დიდი იმედიც აქვს!
- ძალიან მიკვირს იმ ზუგდიდელების, რომლებიც სანდრა რულოვსს ტაშს უკრავენ!
ვის უკრავენ ტაშს, მწვალებლებსა და გამაუპატიურებლებს?!
კოხტა კოდუებს და მეგის ქარდავებს უკრავენ ტაშს?!
დიახ, სანდრა რულოვსი არის კოხტა კოდუა, რომელიც მეგრელ ბიჭებს პლასტმასის ბოთლით აუპატიურებდა!
სანდრა რულოვსი არის დათა ახალაია, რომელიც ნავთლუღში 19-20 წლის უდანაშაულო ბიჭებს საკონტროლო გასროლით ხოცავდა!
- რულოვსი სამეგრელოს მოსახლეობას შეჰპირდა, ძალადობას აღარ გავიმეორებთო!
- ჰო, სააკაშვილის ცოლი მეგრელებს ეუბნება, მიწურებში აღარ გაგაუპატიურებთო და ვერ გავიგე, მეგრელებს ეს სჯერათ?!
ასეთ უტიფრობას საზოგადოებამ თვითონ უნდა გასცეს პასუხი, თუ არადა, მერე შვილები მოჰკითხავენ!
სანდრა რულოვსი ვერ გახდება სამეგრელოში დეპუტატი, ამას მე ვიძახი, გვარად ხაინდრავა! თუ არადა, მაშინ სამეგრელო მოისპობა და სარულოვსოდ გადაიქცევა!
დიახ, თუ სამეგრელოში რულოვსი გაიმარჯვებს, მაშინ მოისპობა ის ყველაფერი, რის გამოც მე მეამაყება, რომ სამეგრელოს შვილი ვარ! ნაღდი მეგრელი ვარ, ოდიშელი აზნაური, ათასწლოვანი მეგრული გვარი მაქვს და სამეგრელოს რულოვსს ვერ დავუთმობ!
- სხვათაშორის, ბევრი ფიქრობს, რომ თქვენი ფილმი „ჰეროკრატია" „ქართულ ოცნებას" არჩევნების მოგებაში უნდა დაეხმაროს!
- არჩევნები ქართველმა ხალხმა უნდა მოიგოს და არა ჩემმა ფილმმა ან „ქართულმა ოცნებამ"!
პირადად მე ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ ნაცისტური მოძრაობა - ეს სექტა, ეს ტერიტორიული ორგანიზაცია, რომელიც დღესაც იმაზე ფიქრობს, ქვეყანა როგორ არიოს და სისხლი როგორ დაღვაროს, ერთხელ და სამუდამოდ დამთავრდეს!
საერთოდ, ნაციონალებს არ ესმით, რომ მათ პრობლემა აქვთ არა „ქართულ ოცნებასთან" ან რომელიმე პარტიასთან, არამედ პრობლემა აქვთ ჩვენთან - ქართველ ხალხთან!
დიახ, ჩვენ არ დავუშვებთ, რომ ნაციონალები ხელისუფლებაში დაბრუნდნენ!
დიახ, ან ჩვენ, ან ისინი!
სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით, რომ ნაციონალური მოძრაობა საარჩევნო ბარიერს ვერ გადალახავს და ეს მოხდება არა „ქართული ოცნების" ან რომელიმე სხვა პოლიტიკური ჯგუფის, არამედ ქართველი ხალხის ძალისხმევით!
ასე რომ, 2016 წლის 8 ოქტომბრიდან ქართულ პოლიტიკაში ნაციონალური მოძრაობა აღარ იარსებებს!
ესაუბრა ჯაბა ხუბუა