logo_geo
eng_logo
შალვა პაპუაშვილი: ფასდაუდებელია ჩვენი უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლების თავდაუზოგავი შრომა და ბრძოლა ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების დასაცავად
- +

3 აგვისტო. 2023. 17:04

 

 

„ფასდაუდებელია ჩვენი უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლების თავდაუზოგავი შრომა და ბრძოლა ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების დასაცავად“,-   განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დაარსების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.

 

როგორც მან აღნიშნა, საქართველოს პარლამენტს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2022 წლის ანგარიში წარედგინა, საიდანაც ნათლად ჩანს ის დიდი სამუშაო, რომელსაც ეს უწყება აწარმოებს.

 

„შესაძლოა, ეს არ ჩანდეს ყოველდღიურად, თუმცა, თქვენი წარმატებული საქმიანობის მთავარი შედეგი და ინდიკატორი ჩვენს ქვეყანაში არსებული მშვიდობიანი და უსაფრთხო გარემოა. ეს კი ეკონომიკური აღმავლობისა და ახალ საერთაშორისო ეკონომიკურ პროექტებში საქართველოს ჩართვის უმთავრესი ფუნდამენტია. ამის ერთ-ერთი მაგალითია, შუა დერეფნის საერთაშორისო პროექტი, რომლის დატვირთვის ზრდასთან ერთად, გაიზრდება ჩვენი უსაფრთხოების სამსახურის როლი და პასუხისმგებლობა, როგორც რეგიონის, ასევე, საერთაშორისო მშვიდობის განმტკიცების საქმეში.

 

დაახლოებით  ერთი თვის წინ, პარლამენტს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2022 წლის ანგარიში წარედგინა, რომელმაც კიდევ ერთხელ წარმოაჩინა ის დიდი სამუშაო, რომელსაც ეს უწყება წარმატებით ეწევა.

 

ასევე, მინდა აღვნიშნო უსაფრთხოების სამსახურის აქტიური ჩართულობა და წამყვანი როლი ოკუპირებულ ტერიტორიებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ინციდენტების პრევენციისა და რეაგირების მექანიზმში და თქვენი განუზომელი წვლილი ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში.

 

უმნიშვნელოვანესია, სამსახურის კონტრ-ტერორისტული და კონტრ-სადაზვერვო მიმართულებები. სულ ახლახან ჩვენ ყველანი გავხდით სამსახურის მიერ რამდენიმე ლოკაციაზე ერთდროულად განხორციელებული სპეციალური ოპერაციის მოწმე, როდესაც სამსახურის თანამშრომლებმა ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ წევრები დააკავეს და ქვეყნის უსაფრთხოება კიდევ უფრო მეტად გააძლიერეს.

 

უკვე  არაერთი წელია, საქართველოს პარლამენტი რეგულარულად და ნაყოფიერად თანამშრომლობს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან. მზად ვართ, გავაგრძელოთ აქტიური თანამშრომლობა ჩვენი ქვეყნისა და მოქალაქეების სასიკეთოდ.

 

მინდა, უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელობასა და თითოეულ თანამშრომელს, საქართველოს პარლამენტის სახელით, გულითადი მადლობა გადაგიხადოთ.

 

ყველას გილოცავთ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დაარსების დღეს. კიდევ ერთხელ, მადლობას გიხდით ქვეყნის წინაშე სამაგალითო სამსახურისთვის, გისურვებთ წარმატებასა და გამარჯვებას თქვენს მნიშვნელოვან და საპასუხისმგებლო საქმეში. ღმერთი იყოს თქვენი მფარველი“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner