სამაშველო ღონისძიება სტიქიის ზონაში მთელი ღამის განმავლობაში, უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობდა და ამ დრომდე გრძელდება. პარალელურად მაშველებს უსაფრთხო ტერიტორიაზე დილიდან გადმოჰყავთ სტიქიის ზონაში ჩარჩენილები. ასევე უწყვეტ რეჟიმში ეძებენ შოვის კურორტზე დაკარგულ ადამიანებს.
დილიდან ძებნა განახლდა სამაშველო ვერტმფრენებითაც, რომელთაც ცუდი ხილვადობის გამო გუშინ საღამოს სამუშაოების შეჩერება მოუხდათ. 2 ვერტმფრენს დღეს კიდევ დამატებითი ვერტმფრენები დაემატება.
ღამის პირობებში გაჭირდა მაშველთა სპეცტექნიკით მუშაობაც, მით უფრო იმ ფონზე, რომ ელექტროენერგია არ მიეწოდება კურორტ შოვს, სოფელ გლოლას კი დენი გუშინ საღამოსვე აღუდგა.
მაშველებმა გუშინ სტიქიის ზონაში მყოფი 150-ზე მეტი მოქალაქე უსაფრთხო ტერიტორიაზე გადაიყვანეს. სამაშველო ღონისძიებაში ჩართულია 400-მდე მეხანძრე-მაშველი და შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების წარმომადგენლები. სტიქიის ადგილას იმყოფებიან შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეები, იოსებ ჭელიძე, გიორგი ბუთხუზი და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი, თეიმურაზ მღებრიშვილი. ადგილზე მუშაობენ გეოლოგებიც.