შოვში, სტიქიის ზონიდან დილიდან ვერტმფრენის 4 რეისით 80-მდე ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა, მეხუთე რეისი კი უახლოეს ხანში განხორციელდება.
ბოლო მონაცემებით, შოვში სტიქიის შედეგად დაღუპულია 2 ადამიანი, 50-მდე დაკარგულს კი ამ დრომდე ეძებენ. მათთან დაკავშირება ვერ ხერხდება. მათ შორის არიან ბავშვებიც.
დაკარგულთა კვალს ამ დრომდე ვერ მიაკვლიეს. მაშველებთან ერთად, ადგილზე მათ უწყვეტ რეჟიმში ოჯახის წევრებიც ეძებენ, ძირითადად კოტეჯების ტერიტორიაზე.
წუხელ გვიან ღამით მაშველებმა შოვში, ტყეში 6 ადამიანი იპოვეს, მათ ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. შოვში მომხდარ სტიქიასთან დაკავშირებით ცხელი ხაზი ამოქმედდა, რომელიც 24 საათის განმავლობაში იმუშავებს. თუ ფლობთ ინფორმაციას დაკარგული პირების შესახებ, უნდა დარეკოთ ტელეფონის ნომერზე: 598 913 089.
ონის მუნიციპალიტეტში, კერძოდ, კურორტ შოვში სტიქიის შედეგად მიწის მასა 3 აგვისტოს ჩამოიშალა. შემთხვევა სასტუმრო „სანსეტ შოვის“ მიმდებარედ მოხდა. მაშველებმა სტიქიის ზონაში 2 ცხედარი იპოვეს.
ადგილზე 400 მეხანძრე მაშველი მთელი ღამის განმავლობაში იყო მობილიზებული და 152 მოქალაქე უსაფრთხო ადგილზე იყო გადაყვანილი. 50 ადამიანთან დაკავშირება ამ დრომდე ვერ ხერხდება. სტიქიის ზონაში იმყოფება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელი თემურ მღებრიშვილი. სამაშველო ოპერაციაში ჩართული არიან სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენები.