რაჭაში, კურორტ შოვში სტიქიის ზონაში მოხვედრილი მოქალაქე იმ მომენტს იხსენებს, როდესაც მეწყერი ჩამოწვა.
„დავინახეთ როგორ მოწყდა მთა და წამოვიდა. ლავა იყო, წყალი არ ყოფილა. ეს ყველაფერი მოხდა ძალიან მოკლე დროში. გამოვიქეცით, მივხვდით, რომ რაღაც ხდებოდა და რომ ჩავედით ქვემოთ. „სანსეტ შოვის“ გვერდზე ჩამოიარა ამ ლავამ და მივხვდით, რომ ძალიან დიდი უბედურება ხდებოდა. ყველაფერი გადასწორებულია, კურორტი შოვი აღარ არსებობს“, - ამბობს სტიქიის ზონაში მოხვედრილი მარინა გოშაძე.
სტიქიის ზონიდან ამ დროისთვის 130-ზე მეტი მოქალაქე გამოიყვანეს. ვერტმფრენმა ამ დროისთვის რვა საევაკუაციო რეისი შეასრულა. ვერტმფრენი კვლავ გაემართა სტიქიის ზონაში.
ვერტმფრენებთან დგანან მეხანძრე-მაშველები, რომლებიც ინიშნავენ სახელებსა და გვარებს და სწორედ ამის მიხედვით ზუსტდება სტიქიის ზონიდან გამოყვანილი ადამიანების რაოდენობა. აქ დგანან ადამიანები, რომლებიც ეძებენ ოჯახის წევრებს, რომლებთან კონტაქტიც მათი თქმით, გუშინ შუადღის შემდეგ არ ჰქონიათ.
ბოლო მონაცემებით, შოვში სტიქიის შედეგად დაღუპულია 2 ადამიანი, 50-მდე დაკარგულს კი ამ დრომდე ეძებენ. მათთან დაკავშირება ვერ ხერხდება. მათ შორის არიან ბავშვებიც.