საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილმა თბილისის საერთაშორისო კონფერენციაზე „ევროპის ცვალებადი გეოსტრატეგიული ლანდშაფტი ვარშავის სამიტის შემდეგ" სიტყვის გამოსვლისას განაცხადა, რომ საქართველო ამჟამად ე.წ. გადარჩენის პოლიტიკას ატარებს.
მისი თქმით, ამაში იგულისხმება ერთი მხრივ, რუსეთთან დაძაბულობის შემცირება და, მეორე მხრივ, ევროპის და ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან დაახლოება.
„ჩვენ გვაინტერესებს რუსეთთან სიტუაციის ნორმალიზება და დაძაბულობის შემცირება, მაგრამ არ შეიძლება რაიმე კომპრომისი ჩვენი სტრატეგიული საკითხების ირგვლივ. ეს საკითხებია ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი. როცა ვამბობ „სუვერენიტეტს", ვგულისხმობ ქართველი ხალხის სუვერენულ გადაწყვეტილებას, გახდეს ევროპის ნაწილი. ამ გადაწყვეტილებაში ცვლილება არ შევა. ჩვენ გვინდა, რომ გავუგზავნოთ გზავნილი რუსეთს, რომ ჩვენ არ ჩავერთვებით დაპირისპირებაში, თავიდან უნდა ავიცილოთ ნებისმიერი, განსაკუთრებით სამხედრო გართულება, ამიტომ დღეს ჩვენი პოლიტიკა არის, შეიძლება ვთქვათ, გადარჩენის პოლიტიკა", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.