„სამაშველო ვერტმფრენებმა გუშინ იმუშავეს და დღესაც იმუშავებენ. არც ერთი ის ადამიანი, რომელიც გუშინ იყო ნაპოვნი, არ დაშავებულა, ყველა უვნებელი გამოიყვანა ჩვენმა სამაშველო სამსახურმა“, - ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომელიც შოვში სტიქიის შედეგებს ადგილზე გაეცნო. პრემიერის განცხადებით, სამაშველო სამსახურები იყვნენ შემთხვევის ადგილზე და სიტუაციას აკონტროლებდნენ. მან ასევე უპასუხა კითხვას სამაშველო სამსახურის კუთვნილი ვერტმფრენების რაოდენობის შესახებ.
„არ მინდოდა ამ საკითხზე საუბარი. რა თქმა უნდა, არ გავაკეთებ კომენტარს ხელმოცარულ პოლიტიკოსებზე - ოპოზიციის წარმომადგენლებზე, მაგრამ ტელევიზიები მთელი დღის განმავლობაში, როდესაც გვყავს გარდაცვლილი მოქალაქეები, ტრაგედიაა, ამორალურ ქმედებას ეწევით. ატყუებთ მოსახლეობას, რომ თურმე მთავრობამ გადაწყვიტა ვერტმფრენების შეძენა, გავიდა 1 წელი და თურმე არ შევიძინეთ. ასეთ არასერიოზულ ტყუილებზე, გთხოვთ, რომ ასეთ დროს მაინც შეიკავოთ თავი“, - განაცხადა პრემიერმა.