წუთიერი დუმილით გაიხსნა ლონდონის საერთაშორისო-სამეცნიერო კონფერენციის დასკვნითი ღონისძიება, რომელსაც დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ბექა ოდიშარია ესწრებოდა. ღონისძიების მონაწილეებმა, პატივი მიაგეს რაჭაში სტიქიური უბედურების გამო გარდაცვლილთა ხსოვნას.
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართულ, კონფერენციის დასკვნით ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას ბექა ოდიშარიამ გარდაცვლილთა ოჯახებს სამძიმარი გამოუცხადა და მადლობა გადაუხადა კონფერენციის მონაწილეებს, სტუმრებს და კონფერენციის იდეის ავტორს.
საერთაშორისო-სამეცნიერო კონფერენცია „შეიმეცნე შენი სამშობლო საქართველო“ 2020 წელს, პანდემიის პერიოდში დაიწყო. კონფერენციის იდეის ავტორია გაერთიანებული სამეფოს პირველი ქართული სკოლის დამფუძნებელი ლიანა ჯიქია-გოგრიჭიანი. კონფერენცია მიზნად ისახავს მსოფლიოში მიმოფანტულ ქართველ მოზარდებს, საგანმანათლებლო პროექტის მეშვეობით მოძებნონ, შეისწავლონ და გააანალიზონ, შეადარონ მოკვლეული მასალები უძველესი ქართული ცივილიზაციის შესახებ, გაავრცელონ მოპოვებული მასალები და აღადგინონ კულტურულ- ისტორიული მეხსიერება. კონფერენციის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ამოცანას, აგრეთვე, წარმოადგენდა მსოფლიოში ქართველ მეცნიერთა კვლევა-ძიებათა პოპულარიზაცია.
„ჩვენ ვაფასებთ უცხოეთში მცხოვრები ჩვენი თანამემამულე ახალგაზრდების, მოსწავლეების და მასწავლებლების სწრაფვას საკუთარი სამშობლოს ისტორიის, კულტურისა და ტრადიციების ცოდნის გაღრმავებისაკენ, აქტიურობას კვლევითი, საგანმანათლებლო საქმიანობის მიმართულებით. სწორედ ამ გზით შეინარჩუნებენ ქართველი დიასპორელები სამშობლოსთან მჭიდრო კავშირს, პოპულარიზაციას გაუწევენ ჩვენს ქვეყანას უცხოეთში და ღირსეულ წვლილს შეიტანენ ქვეყნის საზოგადოებრივ-ეკონომიკურ ცხოვრებაში.
დიასპორის საპარლამენტო კომიტეტი ყოველთვის აქტიურად დაუჭერს მხარს ამ ტიპის კონფერენციებისა და სხვა სახის ღონისძიებების განხორციელებას, ვინაიდან მათი მიზანია ქართული დიასპორის ახალგაზრდულ თაობებში ეროვნული იდენტობის შენარჩუნება, რაც თავისთავად კომიტეტის საქმიანობის ერთ-ერთი ძირითადი პრიორიტეტია“, - განაცხადა ბექა ოდიშარიამ.
კონფერენციაში მონაწილეობდნენ როგორც საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველი მოზარდები, ასევე, საქართველოს სხვადასხვა რეგიონის საჯარო სკოლების მოსწავლეები, პედაგოგები, სამეცნიერო წრეების წარმომადგენლები. დასკვნით ღონისძიებაში ჩართული იყვნენ 450-მდე მონაწილე. მათ, სიტყვით მიმართა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ვლადიმერ კონსტანტინიდიმ.
დასკვნითი ღონისძიების ფარგლებში, კონფერენციის მონაწილეებს ჯილდოები გადასცეს დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა ჯაბა სამუშიამ. ღონისძიების ორგანიზატორებმა პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე მხარდაჭერისთვის დააჯილდოვეს.
საერთაშორისო-სამეცნიერო კონფერენცია „შეიმეცნე შენი სამშობლო საქართველო“ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით გაიმართა.