"ვერტმფრენმა თავისი შესაძლებლობების მაქსიმუმი გააკეთა და შეუძლებელი იყო, ნებისმიერი სხვა ტიპის ვერტმფრენით მეტის გაკეთება. დიდი მადლობა ეკიპაჟის წევრებს და მაშველებს, ყველას, ვინც ჩართულია გადარჩენის ოპერაციაში," - ამის შესახებ „ქრონიკის“ ეთერში ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა განაცხადა.
„სამწუხაროდ, რაჭაში დატრიალდა ძალიან დიდი ტრაგედია, რომელმაც იმსხვერპლა ადამიანების სიცოცხლე. მაშველები მუშაობენ და ცდილობენ, რომ 25-მდე ადამიანი, რომლებიც ამ დროისთვის დაკარგულად ითვლებიან, ცოცხლად გადარჩენილები ნახონ. 210 ადამიანი უსაფრთხოდ გამოყვანილია სტიქიის ზონიდან ვერტმფრენის მეშვეობით. ვერტმფრენმა თავისი შესაძლებლობების მაქსიმუმი გააკეთა და შეუძლებელი იყო, ნებისმიერი სხვა ტიპის ვერტმფრენით რაიმე მეტის გაკეთება. დიდი მადლობა ეკიპაჟის წევრებს და მაშველებს, ყველას, ვინც ჩართულია გადარჩენის ოპერაციაში. შტაბში ყოველწუთიერად იგეგმება, თუ სად, რა და როგორ უნდა გაკეთდეს. შემოგვიერთდება თავდაცვის სამინისტროს ქვეითი ძალა, რომელიც ხვალ დილიდან გააგრძელებს სამაშველო ოპერაციას. 210 ადამიანს, რომელიც ვერტმფრენმა გამოიყვანა, არ ესაჭიროება არანაირი სამედიცინო ჩარევა. მთელი ღამის განმავლობაში გაგრძელდება მძიმე ტექნიკით მუშაობა, ხდება დამატებითი ალტერნატიული გზების მოწყობა, რათა მძიმე ტექნიკა შევიდეს ეპიცენტრის ადგილზე. თავდაცვის სამინისტროს დახმარებით მოეწყობა საფეხმავლო ხიდიც და ქვეითი ძალა დილიდან გააგრძელებს ადგილზე გადასვლას და სამაშველო სამუშაოებს“, - აცხადებს აზარაშვილი.