"ამ ეტაპზე მოხალისეების საკითხი დღის წესრიგში არ დგას, თუმცა მსურველები, რა თქმა უნდა, არიან. ძალიან დიდი სიფრთხილით ვეკიდებით სამუშაოების წარმოებას, გვყავს ცოცხალი ძალის შესაბიმისი რესურსი, რომ ჩვენ ვაწარმოოთ სამუშაოები," - ამის შესახებ „ქრონიკის“ ეთერში შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა, თემურ მღებრიშვილმა განაცხადა.
„დღეს სტიქიის ზონაში იმყოფებოდა პრემიერ-მინისტრი, ჩატარდა საგანგებო თათბირი. დილიდან თავდაცვის სამინისტროს 20 თანამშრომელი იქნება დამატებით მობილიზებული. გარდა ამისა, მძიმე ტექნიკის მობილიზებაც ხდება და ეს ყველაფერი იმ ფონზე, როცა გარკვეული ტერიტორიით უკვე წინ წავიწიეთ და მძიმე ტექნიკის გადაყვანა მოხერხდა მდინარის მარცხენა ნაპირზე, სადაც უკვე რამდენიმე ცხედარი აღმოაჩინეს. ხვალ დილიდან ფართოდ გაშლილ პერიმეტრზე დავიწყებთ საძიებო სამუშაოებს. რაც შეეხება ტექნიკის საჭიროებას, პირველივე დღიდან მობილიზებული იყო მძიმე ტექნიკის შესაბამისი რაოდენობა, თუმცა ვერ ხერხდებოდა მიწის მასის გამო ტექნიკის გადაადგილება. დღეს მოგვეცა საშუალება, რომ ორი ერთეული მძიმე ტექნიკა გადასულიყო მდინარის მეორე მხარეს. აქედან გამომდინარე, დღის წესრიგში დადგა მძიმე ტექნიკის დამატებითი მობილიზება, რათა ხვალ დილიდან უფრო აქტიური ფაზა დავიწყოთ. 400 მეხანძრე-მაშველია ადგილზე მობილიზებული და ამ წუთასაც მიმდინარეობს ძებნა-შველის ღონისძიებები. იმედს ვიტოვებთ, რომ ვნახავთ ამ ადამიანებს ცოცხლებს, თუმცა მოლოდინი შეიძლება 50/50-ზე იყოს. დღეს საღამოდან უკვე შეგვეძლება იდენტიფიკაციის მიზნით მივიყვანოთ ადამიანები პროზექტურაში, სადაც უკვე გადასვენებულია 11-ვე ცხედარი. ამ ეტაპზე მოხალისეების საკითხი დღის წესრიგში არ დგას, თუმცა მსურველები, რა თქმა უნდა, არიან. ძალიან დიდი სიფრთხილით ვეკიდებით სამუშაოების წარმოებას, გვყავს ცოცხალი ძალის შესაბიმისი რესურსი, რომ ჩვენ ვაწარმოოთ სამუშაოები“, - აცხადებს თემურ მღებრიშვილი.