„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ შოვში სტიქიის შედეგად გარდაცვლილთა ახლობლებსა და ნათესავებს მიუსამძიმრა.
კობახიძემ აღნიშნა, რომ სამძებრო-სამაშველო სამუშაოები გრძელდება. ირაკლი კობახიძემ მადლობა გადაუხადა მაშველებს, პოლიციელებსა და ჯარისკაცებს, რომლებიც დღე და ღამეს ათენებენ, რათა რაც შეიძლება მეტი ადამიანის გადარჩენა შეძლონ.
„ვითარება არ არის მარტივი, ხედავთ. იმედი ვიქონიოთ, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი გადარჩება“, - დასძინა კობახიძემ.
მან ისაუბრა, შეხვდება თუ არა დაკარგულთა ახლობლებს, რომლებიც შოვში არიან ჩასული. კობახიძის თქმით, სახელმწიფო უწყებები არიან ის სტრუქტურები, რომლებმაც ყველაზე კარგად იციან რა ხდება და როგორ ტარდება სამუშაოები.
„აქედან გამომდინარე, კითხვებზე საპასუხოდ კომპეტენტური ისინი არიან. ეს შემიძლია გითხრათ“, - დასძინა კობახიძემ.
შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. ამ დროისთვის არსებული ოფიციალური მონაცემებით, სტიქიის შედეგად 11 ადამიანია დაღუპული.