ავტორი თაკო კვარაცხელია
გოგი ბიჭაშვილი ონის ყოფილი მაჟორიტარი დეპუტატი და გამგებლის ყოფილი მოადგილეა. ის ტრაგედიის დღეს შოვში იმყოფებოდა და დღეს „რეპორტიორთან“ მომხდარის დეტალებს იხსენებს. რა ხდებოდა 3 აგვისტოს შოვში და რა ხდება ტრაგედიის ადგილას სამი დღის შემდეგ... - ჩვენი სტუმარია გოგი ბიჭაშვილი.
- ბატონო გოგი, პირველ რიგში გილოცავთ, რომ თქვენ და თქვენი ოჯახის წევრები ამ საშინელ ტრაგედიას ცოცხლები და უვნებლები გადაურჩით, თქვენ ხომ შოვში, პრაქტიკულად, შემთხვევის ეპიცენტრში ცხოვრობთ... მოდით, ჩვენი საუბარი პირველ რიგში იმ ვითარების აღწერით დავიწყოთ, რა ვითარებაც არის ახლა შოვში. მოგვიყევით, რა ხდება საშინელი ტრაგედიის ადგილზე ამ წუთებში...
- შოვში უმძიმესი ვითარებაა! ვისარგებლებ შემთხვევით და თქვენი სააგენტოს მეშვეობით მივუსამძიმრებ საშინელი სტიქიის დროს დაღუპულთა ოჯახებს, რა თქმა უნდა, სრულიად საქართველოსაც ვუსამძიმრებ მომხდარის გამო. სამაშველო-სამძებრო სამუშაოები ერთი წუთითაც არ წყდება. ისინი ძალებს არ იშურებენ და ცდილობენ, იპოვონ დაკარგული ადამიანები. სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ სახელმწიფო სტრუქტურები ყველაფერს აკეთებენ, სამაშველო ოპერაციაში მაშველი ძაღლებიც ადამიანებივით თავდაუზოგავად მუშაობენ. პროფესიონალ მაშველებთან ერთად ადგილობრივები მოსახლეობაც იმედს არ ვკარგავთ, რომ მოხდება სასწაული და, ცხედრების გარდა, ცოცხლად გადარჩენილი ადამიანების პოვნაც მოხერხდება. შოვის სტიქიის ზონასთან მისასვლელი დროებითი ხიდი მოეწყო, სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში ტექნიკა თავიდანვე დიდი რაოდენობით იყო ჩართული, თუმცა, თანდათანობით მათი რაოდენობა კიდევ უფრო იზრდება, რათა მაშველებმა მაქსიმალურად მოიცვან დაზიანებული ტერიტორია. როგორც იცით, სამაშველო სამუშაოებში ჩართულები არიან სამხედროებიც...
- ქრონოლოგიურად რომ მოვყვეთ მოვლენებს. როგორ დაიწყო ყველაფერი, რა ხდებოდა ტრაგედიის ადგილას იმ დღეს და რაიმე დეტალი მაინც თუ მიანიშნებდა იმაზე, რომ შეიძლებოდა ასეთი მასშტაბური სტიქიური პროცესი განვითარებულიყო?
- პირადად მე და, პრაქტიკულად, ნახევარი სოფელი, ახლობლის გარდაცვალების გამო იმ დღეს შოვში არ ვიმყოფებოდით, ადგილობრივი მოსახლეობის დიდი უმრავლესობა ონში ვიყავით გასვენებაში. ამ ფაქტმა ალბათ მსხვერპლის რაოდენობა მვეთრად შეამცირა... დაახლოებით სამი საათი იქნებოდა, როცა ჩემმა მეგობარმა დამირეკა, რომელიც ჩემთან, ტურბაზაში ისვენებდა და მითხრა, რომ მდინარე ბუმბურა იყო მოდიდებული. ამ საუბრიდან რამდენიმე წუთში, ტრაგედიაც დატრიალდა. როგორც შემდეგ მომიყვნენ, ამ პატარა მდინარის ნაცვლად, რომელიც ჭანჭახს უერთდება, უზარმაზარი ლავა წამოვიდა... საშინელმა ხმაურმა მოიცვა ყველაფერი და ერთბაშად წამოსულმა ღვარცოფმა პრაქტიკულად მთელი შოვი მოიყოლა. ელვის სისწრაფით განადგურდა კოტეჯები, სახლები, მანქანები, გზები, ხიდები... ონიდან შოვში ამოსულებს თვალწინ უსაშინლესი სურათი გადაგვეშალა. შეიძლება ითქვას, რომ ულამაზესი შოვი, რომელიც რამდენიმე საათის წინ დავტოვეთ, ღვარცოფს ჰქონდა წაღებული.
- ანუ, როგორც თქვენი მონაყოლიდან ვასკვნით, სტიქიური უბედურება სულ რამდენიმე წუთში დატრიალდა... როგორ ფიქრობთ, შეიძლებოდა თუ არა, სპეციალურ სამსახურებს ადამიანების ევაკუაცია მოესწროთ?
- გამორიცხულია! რამდენიმე წუთში პრაქტიკულად მთელი შოვი უკვე მიწასთან იყო გასწორებული. ადგილობრივები და თვითმხილველებიც იმავეს ამბობენ. ადამიანები, რომლებიც ამ საშინელ ტრაგედიას უშუალოდ შეესწრნენ, იხსენებენ, რომ ყველაფერი წამებში მოხდა, რაც გამორიცხავს იმის შესაძლებლობას, რომ შეიძლებოდა ევაკუაციის მოსწრება...
- ბატონო გოგი, მომხდართან დაკავშირებით სპეკულაციები არ წყდება და ვისმენთ მოსაზრებებს იმის შესახებ, რომ სამაშველო სამუშაოები დაგვიანებით დაიწყო, მასში თავიდანვე არ მოხდა იმ რაოდენობის ტექნიკისა და ადამიანური რესურსის ჩართვა, რა რაოდენობაც აუცილებელი იყო იმისთვის, რომ კიდევ უფრო მეტი ადამიანის გადარჩენა მოხერხებულიყო... თქვენ, როგორც ადგილობრივი მკვიდრი, ყველაფრის თვითმხილველი და ადამიანი, რომელიც არც ხელისუფლებას წარმოადგენთ და არც ოპოზიციას, როგორ აფასებთ, რამდენად დროულად და ეფექტურად წარიმართა სამაშველო ღონისძიებები?
- წარმოუდგენელი ამბავი ხდება, მთელი ქვეყნისთვის ამ უმძიმესი ტრაგედიის დღეებში, ჩვენ გვასმენინებენ აშკარა სიცრუეს და წარმოუდგენელ სისულელეს, დაუსაბუთებელ ბრალდებებს, ცილისწამებებს და შეთითხნილ ისტორიებს. ეს ყველაფერი იმიტომ, რომ ვიღაცამ ამ ტრაგედიით ისარგებლოს და საარჩევნოდ ხელი მოითბოს. ის, რა ბრალდებებსაც ვისმენთ ე.წ. ოპოზიციური ტელეარხებით, მთელი ქვეყნის შეურაცხყოფაა, ეს შოვის და შოველების შეურაცხყოფაა და რაც მთავარია, ეს გარდაცვლილთა ოჯახის წევრებისა და გარდაცვლილთა სულების შეურაცხყოფაა! სამაშველო ოპერაციები დაიწყო მაშინვე, როგორც კი ეს საშინელება დატრიალდა და, თამამად შემიძლია გითხრათ, რომ მთელი ამ დღეების განმავლობაში ჩვენი გმირი მაშველები არცერთი წუთით არ გაჩერებულან! მათ გადაარჩინეს და სტიქიის ზონიდან გამოიყვანეს უამრავი ადამიანი - ქალები, მოხუცები, ბავშვები... ასე რომ, ეს ბინძური სპეკულაციები ყოვლად უადგილო და ამორალურია...
- მოდით, ისევ უშუალოდ სტიქიურ მოვლენას დავუბრუნდეთ... ბატონო გოგი, ნალექმა რამდენად იქონია გავლენა ამ მოვლენებზე, იყო თუ არა ტრაგედიის წინა დღეებში ნალექიანი ამინდები? წინა დღეებზე გეკითხებით, რადგან ვიცით, რომ ტრაგედიის დღეს შოვში მზიანი ამინდი იყო...
- სტიქიის წინა ღამეს სეტყვა იყო, თუმცა, 3 აგვისტოს, დილით უკვე გამოიდარა... დილის 6 საათზე ვიყავი გასული ზუსტად იმ ადგილას, მდინარესთან, რომელი ადგილიც რამდენიმე საათში სტიქიის ეპიცენტრი გახდა. მდინარეები სუფთა და დაწმენდილი იყო. არანაირ წინასწარ ნიშანს იმისა, რაც შემდეგ მოხდა, არც ცა, არც მიწა, არც მთა, არც ტყე და არც მდინარე არ იძლეოდა.
- ბატონო გოგი, ვრცელდება ინფორმაცია, რომ ღვარცოფის საშიშროების შესახებ, მოსახლეობა დიდი ხნის განმავლობაში აფრთხილებდა ადგილობრივ თუ ცენტრალურ ხელისუფლებას... რამდენად იყო ადგილობრივ მოსახლეობაში შიში მეწყერთან დაკავშირებით და ტარდებოდა თუ არა მონიტორინგი, რომ რაიმე საეჭვოს არსებობის შემთხვევაში, ხალხის გარიდება მომხდარიყო ტერიტორიიდან?
- ამ პატარა მდინარეს, ადგილობრივები საკალმახედ იყენებდნენ, არასოდეს, არანაირი ინფორმაცია არ გაჟღერებულა იმასთან დაკავშირებით, რომ მდინარე ბუმბურას შეიძლებოდა რაიმე ზიანი მოეტანა სოფლისთვის. იმდენი ტყუილი და სპეკულაცია მოვისმინე ამ დღეების განმავლობაში, რომ გაოცებას ვერ ვმალავ! თქვეს, რომ მაღლა ტყეები იყო გაჩეხილი და ამან კიდევ უფრო მეტად შეუწყო ხელი მთის მასის სოფლამდე ჩამოსვლას, თორემ ტყეები რომ არ გაეჩეხათ, ხეები შეაკავებდა მიწის ამ ტალღასო... ეს მტკნარი ტყუილია! იმდენად მიუვალ ადგილზე საუბრობენ, რომ იქ არასოდეს არავინ ასულა ტყის გასაჩეხად და ფიზიკურად ვერც მოხერხდებოდა იქიდან მოჭრილი ხეების გამოტანა. ითქვა ასევე, თითქოს ღვარცოფის ქვეშ მოყოლილი კოტეჯების ჩადგმის უფლება მოქმედმა ხელისუფლებამ გასცაო, რაც ასევე ადვილად გადასამოწმებელი სიცრუეა, რადგან ის კოტეჯები იქ ჯერ კიდევ ჩემს ბავშვობაში, 60-იან წლებში ჩაიდგა.
- ბატონო გოგი, რა თქმა უნდა, ბუნებრივ კატაკლიზმებთან გამკლავება ადამიანურ შესაძლებლობებს აღემატება, მაგრამ, თქვენი აზრით, შესაძლებელია თუ არა, მომავალში მიღებულ იქნას ისეთი ზომები, რაც თავიდან აგვაცილებს ამგვარ მასშტაბურ ტრაგედიებს?
- სამწუხაროდ, ასეთი მოვლენების წინაშე არათუ საქართველოსავით პატარა სახელმწიფოები, არამედ, მსოფლიოს უდიდესი ეკონომიკის, ტექნოლოგიებისა თუ ადამიანური რესურსის მქონე ქვეყნებიც კი უძლურნი არიან. ბუნების ძალასთან შედარებით, ადამიანის შესაძლებლობები ძალიან მწირია და, საუბედუროდ, ჯერ არ შექმნილა საშუალებები, რომლებიც თავიდან აგვაცილებს მეწყერებს, ცუნამებს, მიწისძვრებს, წყალდიდობებსა და ღვარცოფებს. ამიტომ ბუნებასთან თამაში დაუშვებელია. მხოლოდ მეცნიერული მიდგომების, რთული გეოლოგიური გათვლებისა და სპეციალისტების დასკვნების საფუძველზე უნდა ხდებოდეს ბუნებასთან ურთიერთობა. ეკოსისტემები საუკუნეთა განმავლობაში ყალიბდება და მათთან ვაგლახად ხელის ფათური დამღუპველია. ეს ზოგადად, მაგრამ ამ კონკრეტულ შემთხვევაში მე ვერ ვიტყვი, რომ ადამიანურმა შეცდომებმა განაპირობა ეს საშინელი ტრაგედია. ასეთი რამ რომ ვთქვა, რაღაცა საბუთი, რაღაცა არგუმენტი უნდა გამაჩნდეს, რაც არ გამაჩნია. ამიტომ იმ პოლიტიკოსებსა და ჟურნალისტებს ვერ დავემსგავსები, პოლიტიკური მოსაზრებებით დაუსაბუთებელ ბრალდებებს რომ ისვრიან. საერთოდ, ჯერ დასკვნის კეთება და მერე საქმის შესწავლა-გამოძიება არ არის სწორი მიდგომა. ჯერ საქმე უნდა შეისწავლო, რაც გამოსაძიებელია, გამოიძიო და დასკვნა აქედან გამომდინარე უნდა გააკეთო. ჩვენთან ყველაფერი უკუღმაა. ჩვენთვის მთავარი ემოციათა ერთჯერადი გადმოფრქვევაა. ის ადამიანები, რომლებიც ახლა ემოციებთან ერთად ბოღმასა და შხამსაც ანთხევენ, სულ რამდენიმე დღეში ახალ „სენსაციებს“ აღმოაჩენენ და მთელ თავიანთ ძალისხმევას იქითკენ მიმართავენ. არც შოვი გაახსენდებათ და არც ის მსხვერპლი, რომელიც მოუშუშებელი ტკივილია მათი ოჯახებისთვის და სრულიად საქართველოსთვისაც. ქართულ ეროვნულ ცნობიერებაში მიმდინარე სტიქია თუ მეწყერი უფრო საშიში მოვლენაა ჩვენი ქვეყნისთვის, ვიდრე მთებში ჩამოწოლილი ღვარცოფი, დაბლობებზე მოვარდნილი წყალდიდობა, დასეტყვილი ვენახები თუ სადღაც ჩამოვარდნილი მეხი. სტიქიურ მეწყერებს ხალხი უძლებდა და გაუძლებს, მაგრამ ზნეობრივმა მეწყერმა, საქართველოს რომ უახლოვდება, შესაძლებელია, მთელი ერი ჩაიტანოს უფსკრულში. აი, პირველ რიგში, რა მიმართულებით გვჭირდება მონიტორინგიც, ფიქრიც და ძალისხმევაც, რომელიც იგვიანებს. კიდევ ერთხელ გამოვთქვამ წუხილს მომხდარი ტრაგედიის გამო და მუხლს ვიყრი დაღუპულთა ხსოვნის წინაშე, ვილოცოთ მათი სულებისთვის!