„უკვე დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ შოვის სტიქია იყო გლაციალური ღვარცოფით გამოწვეული შემთხვევა“, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში გეოლოგი ლევან ტიელიძე წერს.
მისი თქმით, მსგავსი ტიპის კლდოვან-ყინულოვანი ზვავი საქართველოში დაფიქსირდა 2014 წლის 17 მაისს, მყინვარ დევდორაკზე.
„უკვე დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ შოვის სტიქია იყო გლაციალური ღვარცოფით გამოწვეული შემთხვევა. ახლად მოპოვებულ სატელიტურ სურათზე რომელიც გადაღებულია 5 აგვისტოს ნათლად ჩანს სტიქიის წარმოქმნის კერა. კლდოვან-ყინულოვანი ზვავი წარმოიშვა უშუალოდ კავკასიონის მთავარ წყალგამყოფ ქედზე, მყინვარ თბილისას მარჯვენა შენაკადის სამხრეთ-აღმოსავლეთ ფერდობზე.
ზღვის დონიდან დაახლოებით 3700-3800 მეტრის ინტერვალში. მსგავსი ტიპის კლდოვან-ყინულოვანი ზვავი საქართველოში დაფიქსირდა 2014 წლის 17 მაისს, მყინვარ დევდორაკზე.
ზვავის გამომწვევი ერთ-ერთი მთავარი მიზეზი შეიძლება იყოს ფერდობების სტაბილურობის რღვევა, რომელიც თავის მხრივ დაკავშირებულია „მუდმივ მზრალობასთან“. უფრო მარტივად რომ ვთქვათ, ისეთი ფერდობები, რომლებიც ადრე მუდმივად მზრალ მდგომარეობაში იყო, მიმდინარე კლიმატის ცვლილების შედეგად უკვე ექვემდებარება სეზონურობას. ე.ი. განსხვავებული ტემპერატურული პირობების შემთხვევაში ვეღარ ინარჩუნებს მზრალობას და კარგავს სიმტკიცეს.
ასეთ პირობებში ფერდობი შეიძლება ჩამოიშალოს: 1) თავისით, 2) წვიმის სახით მოსული უხვი ნალექის შედეგად, 3) მცირედი მიწისძვრის ბიძგის შემთხვევაშიც (რასაც დამატებით მონაცემები და კვლევა სჭირდება)“, - წერს ლევან ტიელიძე.