„ვრცელდებოდა არასწორი ინფორმაციები, თითქოს ჩვენ არ ვავითარებთ ინფორმაციებისა და მონიტორინგის ქსელს ქვეყნის მასშტაბით, რაც არ შეესაბამება სიმართლეს, რადგან 2014 წლიდან ჩვენ ფაქტობრივად ნულიდან დავიწყეთ ეროვნული მონიტორინგის სისტემების აღდგენა. გეოლოგიურ და ჰიდროლოგიურ პროცესებზე დაკვირვების ქსელი იყო სრულიად მოშლილი და განადგურებული“, – ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ ნინო თანდილაშვილმა „ქრონიკაში“ განაცხადა.
მისივე თქმით, დაახლოებით 60-მდე ავტომატური მონიტორინგის სადგურია განთავსებული ბოლო 3 წლის განმავლობაში, მათ შორის გეოლოგიური და ჰიდრომეტეოროლოგიური სადგურები მხოლოდ დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზეა და აქედან 20 რაჭა-ლეჩხუმის რეგიონშია განთავსებული, რომელიც ამინდის პროგნოზირებისა და მოსალოდნელი პროცესების შესახებ მნიშვნელოვან ინფორმაციას იძლევა.
„ამ პერიოდიდან მოყოლებული დაახლოებით 200-მდე ჰიდრომეტეოროლოგიური სადგური გვაქვს განთავსებული მთელი საქართველოს მასშტაბით. ციფრებით რომ ვისაუბროთ, დაახლოებით 60-მდე ავტომატური მონიტორინგის სადგური განვათავსეთ ბოლო 3 წლის განმავლობაში, მათ შორის გეოლოგიური და ჰიდრომეტეოროლოგიური სადგურები მხოლოდ დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე და აქედან 20 რაჭა-ლეჩხუმის რეგიონშია განთავსებული, რომელიც გვაწვდის ძალიან მნიშვნელოვან ინფორმაციას ამინდის პროგნოზირებისა და მოსალოდნელი პროცესების შესახებ. განვათავსეთ ორი მაღალი გარჩევადობის მეტეოროლოგიური რადარი, რომელიც სრულად ფარავს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიას და გვაძლევს ასევე ძალიან მნიშვნელოვან ინფორმაციას მოსალოდნელი სტიქიების შესახებ. ასევე მიმდინარეობს ძალიან სიღრმისეული და დეტალური შეფასებები და კვლევები ხეობებში განვითარებული და მიმდინარე პროცესების შესახებ, რაც ასევე მონიტორინგისა და მიმდინარე მონიტორინგის პროცესების ნაწილია. ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს ჩვენ ამ წლების განმავლობაში არაფერი გაგვიკეთებია იმისთვის, რომ მონიტორინგის სისტემები და ქსელი განგვევითარებინა, არ შეესაბამება სიმართლეს“, - აღნიშნა ნინო თანდილაშვილმა.