logo_geo
eng_logo
ნინო გიორგობიანი: სტიქიასთან გამკლავების პარალელურად, ცრუ ბრალდებებზე პასუხების გაცემა, სამწუხაროდ, ალბათ კიდევ მოგვიწევს...
- +

6 აგვისტო. 2023. 19:57

 

 

საქართველოს მთავრობის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსი ნინო გიორგობიანი შოვის ტრაგედიასა და მასზე სხვადასხვა ცრუ ინფორმაციის გავრცელების შესახებ სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

 

„ძალიან მძიმე ტრაგედია მოხდა შოვში,  სიტყვებით ვერ გადმოვცემ, იმდენად შოკისმომგვრელია პირადად ჩემთვისაც... ვუსამძიმრებ მთელს საქართველოს,  განსაკუთრებით კი გარდაცვლილთა ოჯახებსა და ახლობლებს.

 

ხელისუფლების ვალდებულებაა ნებისმიერ შემთხვევაზე დროული რეაგირება და როგორც ხედავთ, ამ შემთხვევაშიც ასე მოხდა - მთავრობის ყველა უწყება ამ წუთამდე აქტიურად არის ჩართული სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში. ადგილზე კოორდინირებულად, 24 საათის განმავლობაში მუშაობენ მეხანძრე-მაშველები, სამხედროები, ინფრასტრუქტურის, ჯანდაცვისა თუ სხვა უწყებების თანამშრომლები.  ძალიან რთულია ამ მასშტაბური სტიქიის შედეგებთან გამკლავება, თუმცა, ორგანიზებული და კოორდინირებული მუშაობის შედეგად ნელ-ნელა წინ მივიწევთ.

 

ამ მძიმე დღეებში, მაშინ, როდესაც ჩვენ, ყველანი ერთად, უმძიმეს დღეებს გავდივართ,  როდესაც დღე და ღამე  შოვში სტიქიის სალიკვიდაციო ძალიან რთული სამუშაოები მიმდინარეობს, პარალელურად,  სამწუხაროდ, არაერთ ცრუ ინფორმაციაზე რეაგირების მოხდენა გვიწევს, რომლებსაც სტიქიის პირველი საათებიდან მოყოლებული სხვადასხვა მხრიდან და არაერთს ვისმენთ. 

 

საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობის ერთ-ერთი პირველი მაგალითია რამდენიმე დღის წინ პრემიერთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს, ირაკლი ღარიბაშვილმა იცრუა და სამაშველო ვერტმფრენები ხელისუფლებას არ შეუძენია... ამის შესახებ უკვე რამდენიმეჯერ გაკეთდა განმარტება და კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ შსს-ს 3  ვერტმფრენის შესაძენად ხელშეკრულება უკვე გაფორმებული აქვს და მოლაპარაკებაც დასრულებულია.  ამას რომ თავი დავანებოთ, მოსახლეობამ იხილა, რომ  სტიქიის ადგილზე  ვერტმფრენები პირველივე საათებიდან აქტიურად, თითქმის უწყვეტ რეჟიმში  მუშაობდნენ და  მათ ყველაფერი გააკეთეს ადგილიდან მოსახლეობის გამოსაყვანად. ჯამში, 200-ზე მეტი ადამიანია გადარჩენილი! ამ სიტუაციაში კი,  რა მნიშვნელობა ჰქონდა,  სტიქიის ზონაში სამაშველო ვერტმფრენი იფრენდა თუ რომელიმე სხვა...

 

აქვე, მინდა გამოვეხმაურო რამდენიმე ტყუილს, რომელიც ეს 2 დღეა აქტიურად ვრცელდება და ასევე მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას ემსახურება:

 

  • დეზინფორმაციაა, თითქოს, სტიქიის ზონაში მხოლოდ ჩვენი ხელისუფლების პერიოდში აგებული კოტეჯები განადგურდა, საბჭოთა დროის ნაგებობებმა კი ღვარცოფს გაუძლო.

 

ოფიციალურმა პირებმა დღეს უკვე  განმარტეს, რომ შოვში მდებარე  კოტეჯების აბსოლუტური უმრავლესობა და ამის გარდა სხვა ტურისტული ინფრასტრუქტურა არის გასულ საუკუნეში, საბჭოთა კავშირის დროს გაშენებული.

 

  • მოვისმინეთ ტყუილიც, თითქოს ხეობაში რამდენიმე დღის განმავლობაში გროვდებოდა წყალი, რაც ასევე სიცრუეა და მსგავს შეგუბებებს სტიქიამდე, წინმსწრებად ადგილი არ ჰქონია... და რომ ხეობაში ადგილი ჰქონდა ძალიან მყისიერი ბუნებრივი მოვლენის განვითარებას, რამაც, საბოლოო ჯამში, ასეთი უპრეცედენტო მასშტაბის სტიქია გამოიწვია, რომლის წინასწარ პროგნოზირებაც შეუძლებელი იყო.

 

სპეციალისტებმა ასევე არაერთხელ აღნიშნეს, რომ  ამ სტიქიის პრევენცია შეუძლებელი იყო!

 

  • აბსურდული ბრალდებები, რაც ასევე გავრცელდა, უკავშირდება რაჭიდან, ვითომ, ხე-ტყის უკანონო ჭრას, რამაც თითქოს პროვოცირება გაუკეთა ღვარცოფული მოვლენის განვითარებას... ტყუილია ესეც! სპეციალისტებმა ახსნეს, რომ შოვის მიმდებარე ხეობები და მწვერვალები, ხშირ შემთხვევაში, იმდენად მიუვალია, რომ ადგილზე 3-ხიდიანი მანქანებიც ვერ გადაადგილდებიან. ამასთან, აქ ტყის ყოველწლიური ნამატი აჭარბებს მოსაჭრელად გამოყოფილ და ათვისებულ რესურსს.

 

ძალიან მალე სპეციალისტები დადებენ კვალიფიციურ დასკვნას და ცხადია, ეს უნდა გახდეს მსჯელობისა და ანალიზის საგანი, შესაბამისად, ბევრ კითხვას პროფესიონალები გასცემენ პასუხს.

 

თუმცა, მანამდე ალბათ, ამ უპრეცედენტო სტიქიასთან გამკლავების პარალელურად, ასეთ ცრუ ბრალდებებზე პასუხების გაცემა, სამწუხაროდ, ალბათ კიდევ მოგვიწევს...

 

არადა, ახლა, როგორც არასდროს, ქვეყანა ერთიანი უნდა იყოს - ამ ძნელ წუთებში მაინც“, - წერს ნინო გიორგობიანი.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner