"მინდა კიდევ ერთხელ გამოვხატო ჩემი სამძიმარი დაღუპულთა ოჯახების მიმართ. მათთვის არის ძალიან მძიმე წუთები. ასევე, ძალიან მძიმე წუთები არის თითოეული ჩვენგანისთვის, იმიტომ რომ ჩვენც მათთან ერთად ვიზიარებთ ამ დიდ ტკივილს," - ამის შესახებ ირაკლი ბერაიმ „ქრონიკაში“ განაცხადა. პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ სამუშაოები სტიქიის ზონაში ინტენსიურად გრძელდება და სტანდარტული სამოქმედო პროცედურების თანახმად მიმდინარეობს.
„რაც შეეხება თავად შოვს, მინდა გითხრათ, რომ კურორტ შოვის მთელი ტერიტორია დაფარულია, ქვა-ტალახის მასით, რომლის სისქეც 4-5 მეტრს შეადგენს. უნდა ითქვამს, რომ ამ მასას აქვს დუღაბისთვის დამახასიათებელი თვისებები, რაც ართულებს მუშაობას, იმიტომ რომ არსებობს ჩაფლობის რისკი. მაგრამ მიუხედავად ამ რისკებისა, ჩვენმა მაშველებმა და სამხედროებმა ძალიან აქტიურად და პროდუქტიულად მოახერხეს ამ პროცესებზე რეაგირება“, - განაცხადა ბერაიამ.