logo_geo
eng_logo
პაპუნა გამყრელიძე: სპეციალური ტექნიკა მთელი დღის განმავლობაში 7 პრიორიტეტულ ლოკაციაზე მუშაობდა
- +

6 აგვისტო. 2023. 21:53

"სტიქიის ზონაში აქტიურად მიმდინარეობს სამაშველო სამუშაოები. ამ ეტაპისთვის, მობილიზებულია 85 ერთეული ტექნიკა. ეს არის მძიმე ტექნიკა, რომელიც, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურთან ერთად განსაზღვრულ, 7 პრიორიტეტულ მიმართულებაზეა გადანაწილებული. ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენდა მჟავე წყლების მიმართულებით გზის გაყვანა და მდინარის ფონის გადალახვა, რაც ამ დროისთვის უკვე მიღწეულია. შესაბამისად, ამ ადგილას, მაშველებთან, ერთად გადაყვანილია 3 ერთეული ტექნიკა და მიმდინარეობს საძიებო სამუშაოები," - ამის შესახებ რაჭის სტიქიის ზონიდან, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, პაპუნა გამყრელიძემ განაცხადა.

მისი თქმით, საავტომობილო გზების დეპარტამენტმა, კონტრაქტორ კომპანიებთან ერთად მობილიზაცია გაუკეთა ექსკავატორებს, ბულდოზერებს, თვითმცლელებსა და ამწეებს. ეს ტექნიკა ეხმარება შესაბამის სამსახურებს რთულად გადასალახ ღვარცოფულ მასაში საძიებო და სამაშველო სამუშაოების წარმოებაში.

"დღის განმავლობაში მძიმე ტექნიკა მუშაობდა როგორც შოვის ტერიტორიაზე, ისე მდინარის კალაპოტში, ფონის გაგანიერების და გაწმენდის მიზნით. ასევე, სამუშაოებს ვაწარმოებდით მდინარე ბდღვიორაზე, რომელიც არ არის დაკავშირებული აღნიშნულ სტიქიურ მოვლენებთან. აქ სამუშაოები, მოსახლეობის თხოვნით, პრევენციის მიზნით დავიწყეთ“, - აღნიშნა პაპუნა გამყრელიძემ.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე გამოეხმაურა ჯუთას გზის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასაც და განმარტა, რომ ამ გზის ცალკეულ უბნებზე სისტემატურად მიმდინარეობდა მონიტორინგი, ხოლო 2022 წლის ბოლოს ჩატარდა პირველადი კვლევები.

right_banner right_banner
არქივი
right_banner