logo_geo
eng_logo
კახა კალაძე: ახლა საჭიროა ერთად დგომა, ერთმანეთის გამხნევება, გარდაცვლილების ოჯახებისა და ახლობლებისთვის შეძლებისდაგვარად ტკივილის შემსუბუქება
- +

7 აგვისტო. 2023. 12:12

 

 

დედაქალაქის მთავრობის წევრებმა შოვში განვითარებული სტიქიის გამო დაღუპულთა ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს.

 

სხდომაზე კიდევ ერთხელ მოუსამძიმრა გარდაცვლილთა ოჯახებს და ახლობლებს დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ.

 

„დღეს გლოვის დღეა და მართლაც, საქართველოში არ მეგულება ადამიანი, რომელმაც ბოლომდე გულთან არ მიიტანა, პიროვნულ ტრაგედიად არ აღიქვა ძალიან დიდი მასშტაბის ბუნებრივი კატასტროფა, რომელმაც ადამიანების სიცოცხლე იმსხვერპლა.

 

ასეთ დროს ყველას სოლიდარობა და ერთმანეთის გამხნევება, გვმართებს. არ ვიცი, ნუგეშის რა სიტყვები არსებობს ასეთ დროს, მაგრამ ყველაზე უიმედო მდგომარეობაშიც კი იმედს გვაძლევს ისეთი ისტორიები, როგორსაც, მაგალითად, ჰყვებიან სტიქიის შედეგად გარდაცვლილ გიორგი გოგინაშვილზე, რომელიც სამშვიდობოს გამოსული ისევ უკან შევიდა სხვების დასახმარებლად და გადასარჩენად. მინდა, მადლობა გადავუხადო მაშველებს, შინაგან საქმეთა სამინისტროს თითოეულ თანამშრომელს, ჩვენს ჯარისკაცებს, მოხალისეებს, წითელი ჯვრის წარმომადგენლებს, სამედიცინო ბრიგადებს, რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს თითოეულ თანამშრომელს იმ არნახული ძალისხმევისთვის, რასაც ისინი ეწევიან სტიქიის ზონაში.

 

მინდა, კიდევ ერთხელ დავაფიქსირო პირადად ჩემი და თბილისის მერიის მზაობა.  მე რამდენჯერმე ვთქვი და ჩვენი შესაბამისი სამსახურებით, ეს იქნება ტექნიკით თუ ადამიანების ჩართულობით, მზად ვართ, გვერდში დავუდგეთ ცენტრალურ ხელისუფლებას, როცა ამისი საჭიროება იქნება.

 

მინდა, შევეხო ასევე ერთ თემას, ჭორს, არასწორ ინფორმაციას, რომელიც ჩემს ოჯახთან მიმართებაში მიზანმიმართულად გავრცელდა. თითქოს მე გამოვიყენე სახელმწიფო ვერტმფრენი და მისი საშუალებით ჩემი შვილები გამოვიყვანე სტიქიის ზონიდან. ეს არის ძალიან დიდი ტყუილი. ამასთან დაკავშირებით მე გავაკეთე განმარტებები და საზოგადოებას ვუთხარი სიმართლე. ვერ წარმომიდგენია ადამიანი, რომელიც ასე იმოქმედებდა და ამ ნაბიჯებს გადადგამდა. არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ვის რა პოლიტიკური შეხედულება აქვს, მაგრამ ძალიან მძიმეა ამ ყველაფერს აკეთებთ მიზანმიმართულად და იმისთვის, რომ გამაშავოთ პირდაპირ მე. გაქვთ ამისი მცდელობა, რომ აგრესიულად განაწყოთ ადამიანები ჩემს მიმართ, ჩემი ოჯახის მიმართ. ეს სიცრუე იყო ძალიან დიდი ბოროტება, როდესაც ასეთ ცრუ ინფორმაციებს გადამოწმების გარეშე ავრცელებთ.

 

ამ საკითხზე მე მომმართა ტელეკომპანია „იმედმა“, მიმეცა ნებართვა სათვალთვალო კამერების ჩანაწერები მოეპოვებინათ,   რომელიც შოვიდან ჩემი ოჯახის, მცირეწლოვანი შვილების  გამოყვანას ასახავს. რა თქმა უნდა, მე მივეცი  მათ ამის ნებართვა.

 

საზოგადოებამ სიმართლე თავად იხილა, და ნახა, რისი მკადრებელია ზოგიერთი მედიასაშუალება, პოლიტიკოსი, თუ პოლიტიკური აქტივისტი, თუმცა აქვე უნდა აღვნიშნო, რომ იყვნენ ისეთი ადამიანები, ვინც ეს ბოროტება დაგმო. უამრავი ჟურნალისტისგან, რომელიც ოპოზიციურ არხებზე მუშაობს, არ წყდებოდა შეტყობინებები ჩვენს პრესსამსახურთან, რომ ეს იყო ძალიან დიდი სიბინძურე და მადლობა თითოეულ მათგანს ამ პოზიციისთვის. იყვნენ ასევე ადამიანები, რომლებიც სხვადასხვა პოლიტიკური პარტიებს წარმოადგენენ და მათაც თავიანთი პოზიცია დააფიქსირეს, თუ რამდენად ამაზრზენი იყო ასეთი ტყუილის და ჭორის გავრცელება მიზანმიმართულად. ყველას მინდა, მადლობა ვუთხრა ამ პოზიციის დაფიქსირებისთვის და აქ ნამდვილად არაფერ შუაში არ არის, ვინ რომელ პოლიტიკურ პარტიას წარმოადგენს და ვის რა პოლიტიკური შეხედულება აქვს. ასეთი ბოროტება მთლიანად აზიანებს ჩვენს საზოგადოებას და ჩვენს ხვალინდელ დღეს.

 

როგორც უკვე აღვნიშნე,  დღეს გლოვის დღეა და საზოგადოებას, ისევე, როგორც საკუთარ თავს, არ ვაკადრებ, რომ ამ ხალხზე მეტი ვისაუბრო და ის ვთქვა, რასაც მართლა იმსახურებენ. ახლა საჭიროა ერთად დგომა, ერთმანეთის გამხნევება,  გარდაცვლილების ოჯახებისა და ახლობლებისთვის შეძლებისდაგვარად ტკივილის შემსუბუქება. ყველას უნდა  ვუჩვენოთ, რომ ასეთი უმძიმესი ტრაგედიის დროს მაინც შეგვიძლია გვერდით გადავდოთ ყველაფერი დავდგეთ ერთად. ზუსტად ვიცი, ქართველებს შეგვწევს უნარი, ერთმანეთს ზიზღის ნაცვლად სიკეთე გავუზიაროთ, გაუტანლობის ნაცვლად ერთმანეთის გვერდში დგომის მაგალითები ვუჩვენოთ. ღმერთმა დალოცოს ჩვენი ქვეყანა და ჩვენი შვილები“, - განაცხადა კახა კალაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner