logo_geo
eng_logo
თამთა მეგრელიშვილი: წლებია, ოპოზიცია ელოდება ახალ გირგვლიანს, მოლაშვილსა და თეთრაძეს, რათა გადაიფაროს სააკაშვილის სისხლიანი მმართველობა, მაგრამ „ქართული ოცნება“ არ დგას სისხლსა და გვამებზე
- +

7 აგვისტო. 2023. 16:02

 

 

„მომხდარი ტრაგედიის მიმართ ემოციები ლოგიკურია, მაგრამ როცა ამას თან სდევს უსაფუძვლოდ ხელისუფლების დადანაშაულება, ეს უკვე გამიზნული პოლიტიკური შინაარსია, რომელსაც იმეორებენ საკუთარ საქმეში წარმატებული სხვადასხვა პროფესიის ადამიანები“, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა თამთა მეგრელიშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა.

 

მისი თქმით, ტრაგედიების დროს პოლიტიკური ბრძოლის დრო არ არის, თუმცა ოპოზიცია ცდილობს, ასეთი მძიმე გარემოებაც კი ხელისუფლებასთან საბრძოლველად გამოიყენოს.

 

„ტრაგედია, როგორც წესი, ადამიანებს აერთიანებს, მაგრამ არა ქართულ რეალობაში. აქ ტრაგედია ოპოზიციისა და მასთან დაახლოებული ადამიანების ხელში სახელისუფლებო გუნდის პოლიტიკურად გასაქილიკებელი იარაღია. ისინი წლებია, ელოდებიან ახალ გირგვლიანს, ახალ მოლაშვილს, თეთრაძეს, რათა გადაიფაროს ის სისხლიანი მმართველობა, რომელიც მიხეილ სააკაშვილის დროს იყო, მაგრამ „ქართული ოცნება“ არ დგას სისხლსა და გვამებზე, ეს ძალა ადამიანის ინტერესებზე მორგებული პოლიტიკის შემოქმედია. მომხდარი ტრაგედიის მიმართ ემოციები ლოგიკურია, მაგრამ როცა ამას თან სდევს უსაფუძვლოდ ხელისუფლების დადანაშაულება, ეს უკვე გამიზნული პოლიტიკური შინაარსია, რომელსაც გააზრებულად, თუ გაუაზრებლად იმეორებენ საკუთარ საქმეში წარმატებული სხვადასხვა პროფესიის ადამიანები. მაგალითად, არ შეიძლება, ნიკოლოზ რაჭველი, რომელსაც წარმოდგენა არ აქვს სამაშველო ოპერაციის ჩატარების ტექნიკაზე, აფასებდეს მიმდინარე ოპერაციას. მით უფრო უარგუმენტოდ ადანაშაულებდეს სახელისუფლებო გუნდს, თან რაში? - უმოქმედობაში, როცა ყველა ხედავს, რომ სახელისუფლებო გუნდი და სახელმწიფოს ყველა უწყება ფეხზე დგას! ახლა რაც შეეხება ყბადაღებულ თემას შვეულმფრენის შესყიდვასთან დაკავშირებით: შინაგან საქმეთა სამინისტროში ფრანგულ კომპანია „Airbus Helicopters“-თან 3 ახალი შვეულმფრენის შესყიდვის მიზნით ხელშეკრულება უკვე გაფორმებულია. შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაძლებლობების გაძლიერების მიზნით სასაზღვრო პოლიცია H145-ის ტიპის 3 შვეულმფრენს ელოდება.

 

H145 მრავალფუნქციური შვეულმფრენია, რომელსაც შეუძლია, შეასრულოს პოლიციური, სატრანსპორტო, სამძებრო და სამაშველო ფუნქციები. ახალი შვეულმფრენები სრულადაა დაკომპლექტებული ხანძართან ბრძოლისა და სამთო-სამაშველო აღჭურვილობით. მათ გააჩნიათ 2 ძრავა, რაც ზრდის ფრენის უსაფრთხოებას. ამ ტიპის შვეულმფრენი დიდ სიმაღლეზე ოპერირებისა და მანევრის შესაძლებლობებით გამოირჩევა, რაც, საქართველოს მაღალმთიანი რელიეფის გათვალისწინებით, არსებულ ამოცანებთან სრულად თავსებადი იქნება. შინაგან საქმეთა სამინისტროში გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად, ქართულ მხარეს პირველი შვეულმფრენი კონტრაქტის ხელმოწერიდან 17 თვეში გადმოეცემა, ხოლო სამივე საავიაციო ტექნიკა - 20 თვემდე პერიოდში საქართველოში იქნება სრულ საფრენოსნო მდგომარეობაში. მორჩით პოლიტიკურ სპეკულაციებს, „ქართულ ოცნებას“ არ ჰყავს და არ ეყოლება მოკლული გირგვლიანი, ნაწამები თეთრაძე, მოლაშვილი და სხვები“, - წერს თამთა მეგრელიშვილი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner