logo_geo
eng_logo
რატი ბრეგაძე: დღეს საარჩევნო კამპანიას ახასიათებს სრული თავისუფლება
- +

6 სექტემბერი. 2016. 16:49


 

დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე რატი ბრეგაძე „რეპორტიორთან" საუბარში წინასაარჩევნო გარემოს აფასებს. მისი თქმით, 2012 წლისგან რადიკალურად განსხვავებული სიტუაციაა დღეს, რადგან მოსახლეობას აღარ ეშინია საკუთარი აზრის დაფიქსირება და წინასაარჩევნო გარემოც სრულიად თავისუფალია.

 

„მახსოვს, 2011-12 წლებში რა რისკებთან იყო დაკავშირებული „ქართულ ოცნებაში" არათუ გაწევრიანება, არამედ ოფისთან ახლოს მისვლაც კი, როგორ ჩასაფრებული ელოდებოდა დაბურულშუშებიანი მანქანა „ქართული ოცნების" ოფისებში შემსვლელსა და გამომსვლელს, ყველას გვახსოვს, როგორი ჩუმი ჩურჩულით გამოხატავდნენ საჯარო სამსახურში დასაქმებულები თავიანთ პოზიციებს,  როგორ „სამართლიანად" ხდებოდა აკადემიურ სფეროში პროფესორების შერჩევა, სკოლებში მწკრივად დაყენებული ბავშვები, რომლებიც ერთი კაცის სახელს სკანდირებდნენ და კიდევ უამრავი სხვა რამ, რითაც არაერთმა ადამიანმა და მათ შორის ბევრმა, ტრაგიკულადაც იგრძნო სახელმწიფო აპარატის  მტკივნეული რკინის ხელი.  მთავარი სხვაობა 2012 და 2016 წლების საპარლამენტო არჩევნებს შორის მდგომარეობს იმაში, რომ დღეს საარჩევნო კამპანიას ახასიათებს სრული თავისუფლება, სიმშვიდე და შესაძლებლობების სამართლიანი შეჯიბრი. დღეს კერძო პირს და ბიზნესსაც შეუძლია ისე დააფინანსოს მისთვის სასურველი პარტია, რომ არ ელოდოს ფინანსური პოლიციის უცაბედ რეიდს ან კუდ-ის ხელმძღვანელობის „გულთბილ" მოკითხვას.

 

განსაკუთრებით აღსანიშნავი და სასიხარულოა პოლიტიკური კულტურის განვითარების მზარდი ტენდენცია. დღევანდელი ამომრჩველი  ბევრად უფრო კრიტიკული და მომთხოვნია. ამომრჩევლის „საარჩევნო მენიუც" უფრო მდიდარია, რის შედეგადაც არჩევანიც ხარისხის სასარგებლოდ გაკეთდება. საზოგადოებისათვის საკუთარი ხედვების გასაცნობად უფრო მეტი და საინტერესო კომუნიკაციის მეთოდის გამოყენებაა აუცილებელი. ბუნებრივი გადარჩევის პროცესში კი დღევანდელი დინამიური მსოფლიოს გამოწვევებზე ადეკვატური პასუხის გამცემი დარჩება. ეს ყველაფერი ქართული სახელმწიფოს განვითარებაზე აუცილებლად იქონიებს დადებით გავლენას. ვფიქრობ, გვეყოლება ძალიან საინტერესო, ბევრი მაღალკვალიფიციური მონდომებული ადამიანით დაკომპლექტებული პარლამენტი, რომელშიც „ქართულ ოცნებას" უმრავლესობა ეყოლება", - განაცხადა რატი ბრეგაძემ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner