logo_geo
eng_logo
თემურ მღებრიშვილი: ახალ ლოკაციამდე მივედით, სადაც აღმოვაჩინეთ მანქანის ფრაგმენტები
- +

7 აგვისტო. 2023. 20:48

 

 

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელმა თემურ მღებრიშვილმა შოვში მიმდინარე საძიებო სამუშაოები ჟურნალისტებთან შეაჯამა. მისი თქმით, საძიებო სამუშაოები 7 აგვისტოს რვა სხვადასხვა მონაკვეთზე მიმდინარეობდა და მაშველები დღეს ახალ ლოკაციამდე მივიდნენ.

 

„აქტიურად გრძელდება საძიებო სამუშაოები. დღეს, დაახლოებით 2 საათის წინ ახალი ლოკაცია გაკეთდა, სადაც დაიწყო საძიებო სამუშაოები. ადგილზე ავტომობილის ფრაგმენტები აღმოვაჩინეთ, რაც გახდა საფუძველი. შესწავლილია ეს კონკრეტული პერიმეტრი და ის მონაცემები, რაც სტიქიამდე იყო, გვაძლევს საფუძველს ვიფიქროთ, რომ საძიებო კუთხით შეიძლება გარკვეული შედეგები გვქონდეს.

 

დღეს 8 ლოკაციაზე მიმდინარეობდა საძიებო სამუშაოები. რაც შეეხება გზებს, ორივე მიმართულებით ფაქტობრივად გაკეთებულია გზა - ე.წ. მჟავე წყლებთან ხიდის რეაბილიტაცია დაწყებულია და ვიმედოვნებთ, რომ ხვალ უკვე დასრულდება“, - აცხადებს თემურ მღებრიშვილი.

 

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელი შოვში საძიებო სამუშაოებში ჩართული ამბროლაურის რაიონული სამმართველოს საგამოძიებო განყოფილების გამომძიებლის მირიან ჭელიძის გარდაცვალებასაც გამოეხმაურა.

 

„პირველ რიგში, მინდა სამძიმარი ვუთხრა დღეს უეცრად გარდაცვლილი პოლიციელის ოჯახს. მიუხედავად ექიმების მცდელობისა, ვერ მოხერხდა მისი გადარჩენა და გულის უეცარი გაჩერებით გარდაიცვალა“, - განაცხადა თემურ მღებრიშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner