უკრაინა ომის დროსაც აგრძელებს რუსეთისთვის ტიტანის მიყიდვას, რომლისგანაც თვითმფრინავები და რაკეტები მზადდება. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.
ტიტანის ინდუსტრიაში მომუშავე ინსაიდერები აცხადებენ, რომ ომის დროს გრძელდება ტიტანის კონცენტრატების ექსპორტი. კერძოდ, 2022 წლის ივლისიდან 2023 წლის აპრილამდე გაერთიანებულმა სამთო და ქიმიურმა კომპანიამ, რომელიც სახელმწიფოს საკუთრებაშია, ექსპორტზე გაიტანა 82.2 ათასი ტონა ტიტანის შემცველი საბადო.
„ტიტანის ინდუსტრიაში არსებული წყაროების მიხედვით, ამ პროდუქტების მნიშვნელოვანი ნაწილი რუსეთის ფედერაციაში მოხვდა“, - ნათქვამია მასალაში.
კერძოდ, ტიტანის კონცენტრატის პარტიები მიჰყიდეს შუამავალ კომპანიებს პოლონეთიდან, უნგრეთიდან, ჩეხეთიდან და სლოვაკეთიდან, რომელთა დამფუძნებლები არიან რუსეთის მოქალაქეები და მუშაობენ რუსეთის ფედერაციასთან.
გასული წლის ივლისში, აგვისტოსა და სექტემბერში გაერთიანებულმა სამთო და ქიმიურმა კომპანიამ ათასობით ტონა კონცენტრატი მიაწოდა უნგრულ კომპანია Sic Luceat Lux KFT-ს, რომელიც დააარსეს ყირიმის მკვიდრებმა, ალექსანდრე და სვეტლანა მურადიანებმა.
ღია წყაროებიდან ცნობილია, რომ ამ კომპანიის ძირითადი კონტრაგენტები და მიმღებები 2021-2022 წლებში იყვნენ კომპანიები რედმეტკონცენტრატი (მოსკოვი), ნერუდნაია კომპანია, მინკო რუსი (ბელგოროდი) და სხვა რუსული კომპანიები.
„აქედან გამომდინარე, მითითებული კომპანია აშკარა რუსული შუამავალია და ამის შესახებ [უკრაინის] სახელმწიფო საკუთრებაში არსებულმა კომპანიამ არ შეიძლება არ იცოდეს“, - წერს RBC-Ukraine.
RBC-Ukraine წერს, რომ ტიტანის პროდუქტების საბოლოო მომხმარებლები, სავარაუდოდ, სამხედრო ქარხნები არიან.
„სიტუაცია საჭიროებს უმაღლეს დონეზე ჩარევას, საფუძვლიან გამოძიებასა და ტიტანის ნედლეულის ექსპორტზე კონტროლის დამყარებას. სრულიად გაუგებარია, რატომ არ აჩერებს ახლა ექსპორტის კონტროლის სახელმწიფო სამსახური ტიტანის ექსპორტს რუსეთთან მომუშავე შუამავალ კომპანიებში“, - ნათქვამია სტატიაში.