„ყოველი ხელისუფლება არის პასუხისმგებელი საკუთარი ხალხის წინაშე. აგრესორი საზღვრებთან ახლოს თუ საზღვრებიდან შორს ისტორიის სხვადასხვა მონაკვეთში საქართველოს ყოველთვის ჰყოლია, ამიტომ ხელისუფლების პასუხისმგებლობაა, ჰქონდეს ისეთი პოლიტიკა, მათ შორის საერთაშორისო, რომელიც აარიდებს ქვეყანას აგრესიას“, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა მუხათგვერდში განაცხადა, სადაც აგვისტოს ომის მე-15 წლისთავთან დაკავშირებით დაღუპულ გმირთა ხსოვნას პატივი მიაგო და გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო.
მისივე თქმით, მაშინდელმა ხელისუფლებამ ეს ომი წააგო არა მხოლოდ სამხედრო, არამედ, სამწუხაროდ, საერთაშორისო პოლიტიკის თვალსაზრისით.
„უკრაინის საკითხი არის უკრაინის ხალხის და ხელისუფლების საკითხი. მე ვსაუბრობ საქართველოზე და ზოგად პრინციპზე. თავისთავად, არის საკითხები, რისი არიდებაც შეუძლებელია. როდესაც ქვეყანას აქვს აგრესიული საგარეო პოლიტიკა, რთულია, მას წინ აღუდგე, თუმცა აქაც მნიშვნელოვანია, მოინახოს ამის ინსტრუმენტები, თუნდაც ის, რომ საერთაშორისო უსაფრთხოების ალიანსში გაწევრიანების სახით და ა.შ. ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ, მათ შორის, მაშინ საქართველოს ხელისუფლებამ ვერ მოახერხა, მიეღო ისეთივე მხარდაჭერა, როგორსაც დღეს იღებს უკრაინის ხელისუფლება. მაშინდელმა ხელისუფლებამ ეს ომი წააგო არა მხოლოდ სამხედრო თვალსაზრისით, არამედ, სამწუხაროდ, საერთაშორისო პოლიტიკის თვალსაზრისით. ჩვენ ვხედავთ, რა მხარდაჭერა აქვს უკრაინას და ჩვენ გვახსოვს, მაშინდელი მხარდაჭერა რა იყო. სამწუხაროდ, ჩვენ მაშინ ვიყავით მარტო და ვიყავით პატარა, ამიტომაც დავმარცხდით. არ გვქონდა მაშინ არანაირი სამხედრო დახმარება, არ მიგვიღია. მაშინდელი ხელისუფლების წარმომადგენლებს უნდა ჰკითხოთ, რა იყო ამის განმაპირობებელი, მაგრამ ფაქტი არის ფაქტი“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.