ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, პარტიის აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ რუსეთ-საქართველოს ომის თარიღად 7 აგვისტოს დასახელება, ყველა ინფორმაციით, იყო რუსული მხარის ინიციატივა.
„ნაცმოძრაობის“ ლიდერების დაფუძნებული ორგანიზაცია ამბობს, რომ ჩანაწერი, რომლითაც ქართველი სამხედროები დაადანაშაულეს საბრძოლო მოქმედებების დაწყებაში, რუსებს არ შეუტანიათ შესწორების სახით, თავიდანვე ეწერაო. ამ არგუმენტით მცდარად მიიჩნიეს განცხადება. დანარჩენზე ვერაფერზე დავობენ.
წარმოიდგინეთ, რას დაუჭირეს ნაცებმა მხარი - ქართველი სამხედროების დადანაშაულებას 7 აგვისტოს საბრძოლო მოქმედებების დაწყებაში, ცხინვალის დაბომბვის გაუფრთხილებლად დაწყებაში და მშვიდობიანი მოქალაქეების კასეტური ბომბებით დაბომბვაში. საკუთარი ქვეყნის და სამხედროების დადანაშაულებაზე მოუწერეს ხელი რუსებს!
რაც შეეხება იმას, ვისი შესწორება იყო - თავიდანვე ეწერა? ფორმალურ საკითხებს ვეკიდებით, კომიტეტებზე შევიდა შესწორება თუ მანამდე, დრაფტის შემუშავების დროს, მაგას ვდავობთ? კი ბატონო - ვიღაცამ ხომ ჩაწერა თავიდან? ვინ იყო ის ვიღაც? ჩვენმა პარტნიორებმა დაგვადანაშაულეს და არა რუსულმა მხარემ? თუ ეგეც ნაცების დელეგაციის ინიციატივა ხომ არ იყო? მოკლედ, თუ რუსების არა, ვისი ინიციატივით ჩაიწერა თავდაპირველ ვერსიაშივე ქართველი სამხედროების დადანაშაულების ვერსია?
ყველა ინფორმაციით, ეს იყო რუსული მხარის ინიციატივა. თუ ასე არ იყო, გამოვიდნენ ის ადამიანები, ვინც ამ პროცესების მონაწილე იყო და თქვას, რუსების გარდა ვის და რატომ მოუვიდა თავში ჩვენი ქვეყნის და სამხედროების დადანაშაულება და მსგავსი ჩანაწერის შეტანა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციაში?!“ - წერს მდინარაძე.