საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურეები შოვში მიმდინარე სამძებრო და სამაშველო სამუშაოებს აქტიურად განაგრძობენ. სტიქიის ზონაში სამხედრო მოსამსახურეები ხუთ ლოკაციაზე განაგრძობენ მუშაობას, - ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, სამხედრო მოსამსახურეებმა მეწყრული მასის ზედაპირზე რამდენჯერმე ააწყვეს ქვეითი ხიდები, საჭირო გახდა ხიდების სხვადასხვა ლოკაციებზე გადატანაც.
„სამძებრო პროცესში სამხედროებმა მეტალო-დეტექტორებიც გამოიყენეს, რაც აიოლებს მეწყრულ მასაში მოყოლილი ტექნიკის ლოკაციების დადგენას. ადგილზე მობილიზებულია თავდაცვის ძალების მძიმე ტექნიკა და აღჭურვილობა. სამძებრო-სამაშველო სამუშაოებში ჩართული არიან აღმოსავლეთისა და დასავლეთის სარდლობების სამხედრო მოსამსახურეები, საბრძოლო-საინჟინრო ქვედანაყოფები, ლოჯისტიკური უზრუნველყოფის სარდლობა და ეროვნული გვარდიის მე-10 კადრირებული ბრიგადის 102-ე ტერიტორიული თავდაცვის ბატალიონი. სამხედრო მოსამსახურეები შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველების მხარდამჭერ ღონისძიებებს აქტიურად ახორციელებენ“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. ბოლო მონაცემებით, სტიქიის შედეგად გარდაცვლილია 18 ადამიანი. მაშველები 16 დაკარგულს უწყვეტ რეჟიმში ეძებენ.