გურამ გიორბელიძე კარიერას სერბეთის ჩემპიონატის ერთ-ერთ საუკეთესო გუნდში, „ვოევოდინაში“ გააგრძელებს – ინფორმაციას „ვოევოდინას“ პრეს-სამსახური ავრცელებს.
გიორბელიძემ „ვოევოდინასთან“ ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა და სერბულ გუნდში გადასვლით კმაყოფილებას არ მალავს.
„გამიხარდა, როცა „ვოევოდინამ“ მიმიწვია, რადგან ვიცი, რომ სერბეთის ერთ-ერთი უდიდესი კლუბია. როცა შემოთავაზება მივიღე, არ დავფიქრდი და ისე დავთანხმდი. ველოდები ახალ გამოცდილებას. ყველაფერს გავაკეთებ ჩემი ახალი კლუბისთვის და გულშემატკივრებისთვის, რომელთა შესახებაც კარგი რამ მსმენია. სერბეთში არასდროს ვყოფილვარ, მაგრამ ბევრი მეგობარი მყავს. მათგან „ვოევოდინაზე“ მხოლოდ საუკეთესო გავიგე და ჩემს კარიერაში ახალი ეტაპის დაწყებას მოუთმენლად ველოდები“, – განაცხადა გურამ გიორბელიძემ.
გურამ გიორბელიძე 27 წლისაა და ბოლნისის საფეხბურთო სკოლაში გაიზარდა, „სიონის“ შემდეგ თამაშობდა გორის „დილაში“, საიდანაც 2020 წლის ზაფხულში ავსტრიულ „ვოლფსბერგერში“ გაემგზავრა. ავსტრიის შემდეგ გერმანულ დრეზდენის „დინამოსა“ და პოლონურ ლუბინის „ზაგლებიეში“ თამაშობდა, საიდანაც იჯარით ბათუმის „დინამოში“ გადავიდა.
გამოცდილი მცველი არის საქართველოს ნაკრების კანდიდატი, რომლის ფორმითაც 2021 წლის მარტში ჩატარებული სადებიუტო მატჩის შემდეგ 11 შეხვედრა ჩაატარა.