logo_geo
eng_logo
ზაზა დავითაია: მე ხომ „ჰეროკრატია“ მანამდე ვნახე, ვიდრე მას გოგა ხაინდრავა გადაიღებდა!
- +

6 სექტემბერი. 2016. 17:37



„გვაქვს პატივი, მოგიწვიოთ რეალურ ისტორიაზე დაფუძნებული ფილმის „ჰეროკრატიას" დახურულ ჩვენებაზე" - ეწერა რეჟისორ გოგა ხაინდრავას მიერ ჩემთვის, როგორც ყოფილი პოლიტპატიმრისთვის გამოგზავნილ მოსაწვევში. ბატონ გოგასთან ფილმზე მუშაობის პროცესში რამდენიმე ინტერვიუ მქონდა ჩაწერილი და ზუსტად ვიცოდი, რომ მძაფრი განცდები მელოდა, თუმცა, ნანახმა მაინც ყველაფერს გადააჭარბა!


სააკაშვილის რეჟიმის პერიოდში პირადად მე რამდენჯერმე მოვკვდი, შემდეგ ისევ დავიბადე... დიახ, პირადად ვიყავი პოლიტიკური პატიმარი, რომელსაც რეჟიმმა შეიარაღებული გადატრიალების მიზნით შეთქმულების მოწყობა დააბრალა და სრულიად უდანაშაულო გამოამწყვდია ციხეში. იქ მე ცხოვრების არსი თავიდან  შევიცანი; ვისწავლე მტრისთვის მიტევება, სულიერი ტკივილის მოთმენა. ამ ფილმის პერსონაჟი ბედის ირონიით მე თვითონ აღმოვჩნდი, ტანჯვა საკმაოდ დიდხანს, ოთხნახევარი წლის განმავლობაში გრძელდებოდა. ჩემ თვალწინ განვითარდა უამრავი ადამიანის ტრაგედია, რომელთა დიდი ნაწილი ჩემსავით უდანაშაულოდ იჯდა ციხეში, ნაწილს კი ჩადენილთან შეუსაბამო, უზარმაზარი სასჯელი ჰქონდა მისჯილი.


მე ვკვდებოდი, როცა ჩემს საკანში აღწევდა წამებით გათანგული პატიმრების ბღავილის ხმა, ვკვდებოდი, როცა ვიგებდი, რომ ჩემგან სულ რაღაც ათიოდე მეტრით დაშორებულ საკანში მავანმა პატიმარმა თავსდატეხილ ფიზიკურ თუ მორალურ ტანჯვას ვერ გაუძლო და სიცოცხლე მოისწრაფა. ვკვდებოდი, მაგრამ ვიბადებოდი კიდეც! რეჟიმის ციხეში სულ მცირე პოზიტივიც სიცოცხლისკენ მიბიძგებდა! ვიბადებოდი, როცა გარეთ დარჩენილი უახლოესი ადამიანების, შვილების, მეუღლის და მშობლების თანადგომის შესახებ ვგებულობდი; ვიბადებოდი, როცა ჩემზე გაჭირვებული რომელიმე პატიმრისთვის მცირე სამსახურის გაწევას ვახერხებდი!


ნელ-ნელა საკუთარი თავის ფლობა ვისწავლე. შევიგნე, რომ ბოღმა, გინდაც სამართლიანად მძვინვარებდეს ადამიანში, სიცოცხლეს ამოკლებს და კლავს! შესაბამისად, მივხვდი, რომ ჩემთვის უსამართლოდ ტანჯვის მომყენებელს თუ ვაპატიებ, მე თვითონ უკეთ ვიგრძნობ თავს და ხელახლა დავიბადები! ასე ვკვდებოდი და ვიბადებოდი ამ ოთხნახევარი წლის განმავლობაში. როცა ჩემთვის უსამართლოდ მოსჯილი სასჯელის უკანასკნელმა დღემ გაიარა და თავისუფლების ზარმა პირადად ჩემთვის დარეკა - მაშინაც თავიდან დავიბადე, რადგან ამაოდ დაკარგული თითქმის 5 წლის მიუხედავად, ციხიდან აბსოლუტურად დაუბოღმავი გამოვედი. წინ კიდევ ბევრი უსამართლობა, ბევრი სიკვდილი და კვლავ დაბადება, კიდევ მრავალი ტრაგედიის შეტყობა მელოდა... 27 აგვისტოს, კინოთეატრ „რუსთაველში" გოგა ხაინდრავას ფილმის ყურების დროს ჩემს ცნობიერებაში ყველა ტრაგიკულმა ეპიზოდმა ერთად გაიღვიძა და ისე ამავსო რისხვით, რომ ხელახლა მოვკვდი! მოვკვდი და არ ვიცი, ისევ როდის დავიბადები. მხოლოდ ის ვიცი, რომ დავიბადო, ამისთვის ჩვენმა მტანჯველებმა მცირე დოზით მაინც უნდა აგონ პასუხი იმის გამო, ამდენჯერ რომ მოგვკლეს!



***

ნახევრად ჩაბნელებულ დარბაზში ეკრანზე ერთ-ერთ ყველაზე მძიმე კადრს აჩვენებენ. აქ არაფერია გამოგონილი, აქ არაფერია გაზვიადებული. რასაც გოგა ხაინდრავას ფილმში ვხედავთ, ყველაფერი ზუსტად იმგვარად და ზოგ შემთხვევაში უარესადაც მომხდარა. წამით თვალს ვხუჭავ და როგორც დეჟავიუ, ჩემს ცნობიერებაში რეალური ეპიზოდი ცოცხლდება: 2011 წლის იანვარია. გათავისუფლებამდე კიდევ ორი თვეა... ციხის ტაქსოფონით „ასავალ-დასავალის" აწ გარდაცვლილი ჟურნალისტი თეა ასათიანის ნომერს ვკრეფ, რათა ტრადიციულად რამდენიმე პატიმრის გაჭირვების შესახებ ვუამბო. თეა უჩვეულოდ აღელვებულია. სასიხარულო ამბავს მატყობინებს - ზაზა, ჩვენმა რედაქტორმა ლაშა ნადარეიშვილმა შემოგითვალა, რომ გათავისუფლებისთანავე „ასავალ-დასავალის" კორესპონდენტის სტატუსით ისარგებლებ და თვითონ დაწერ პატიმართა ხვედრზე! აი, მესმის სიკეთე... მე ხომ არსად მქონდა წასასვლელი! იმ დღეს მე კიდევ ერთხელ დავიბადე. მეორედ კი დავიბადე, როცა უკვე გათავისუფლებულმა, უშუალოდ ლაშა ნადარეიშვილის დავალებით, „ასავალ-დასავალში" ახალი რუბრიკის „ცხელი ხაზის" დაარსების შესახებ ვამცნე საზოგადოებას, რომელშიც პატიმრების თავსგადახდენილი ისტორიები, მათი წამების შესახებ ობიექტური ინფორმაცია და იმ ჯალათების ვინაობა უნდა ასახულიყო, რომლებიც მსხვერპლთა ტანჯვით ნეტარებას განიცდიდნენ.

 

ამასობაში ჩემი გონება ისევ ეკრანზე ასახულ ეპიზოდს უბრუნდება - მთავარი პერსონაჟი, 21 წლის უდანაშაულოდ დაპატიმრებული სტუდენტი ლუკა ათანელი, რომელსაც ციხის ჯალათებმა ეს-ესაა, გონების დაკარგვამდე სცემეს, მორგში გარდაცვლილ პატიმრებს შორის საკაცის სახელურზე ბორკილით მიბმული მოდის გონს და სასოწარკვეთილი, არაადამიანური ხმით ღრიალებს! ჰმ, არ მიკვირს... მსგავსი ხმა, რომელიც ნაწამებ პატიმარს ეკუთვნოდა, რეალურად არაერთხელ გამიგონია! წითელი ტუშით მოხატული კი არა, რეალურად გამიგონია! წითელი ტუშით მოხატული კი არა, რეალურად დასისხლიანებული პატიმარიც არაერთხელ მინახავს!

 

 

***

2016 წლის 27 აგვისტო დგას. დარბაზში ვზივარ და სულგანაბული ვუყურებ გოგა ხაინდრავას „ჰეროკრატიას".


ისევ „სტოპ კადრი". ჩემი გონება 2011 წელში გადადის, როცა ყოველდღიურად ათობით ინფორმატორი მიკავშირდება და საპყრობილეში მისი ოჯახის წევრის სასტიკი წამების შესახებ მომითხრობს. მე ვკვდები და მაშინღა ვიბადები, როცა ამ წამების შესახებ უკვე სანდო ადვოკატების მიერ შემოწმებული ინფორმაცია „ასავალ-დასავალში", ცხელი ხაზის რუბრიკაში ქვეყნდება. ვიბადები, როცა ამ პუბლიკაციების შედეგად სიკვდილს გადარჩენილი პატიმრების ოჯახის წევრები მადლობის გადასახდელად მიკავშირდებიან და მლოცავენ!

 

2011 წელია. ჯერ ისევ მძვინვარებს რეჟიმი! მიკავშირდება ნონო არქანია, აღელვებული მომითხრობს, რომ მისი ძმა მალხაზ არქანია ახლახან დაიჭირეს და გაუპატიურების მუქარით ტერაქტის აღიარებას აიძულებენ. იმასაც ვიგებ, რომ გაუპატიურების არიდება მისმა ძმამ მხოლოდ იმით შეძლო, რომ თავი ბეტონის იატაკს ურტყა და გონება დაკარგა! ამგვარად, ქართულ მედიაში პირველად ქვეყნდება ინფორმაცია პატიმრის გაუპატიურების მცდელობის შესახებ, რაზეც მოგვიანებით  მთელი მსოფლიო ალაპარაკდება, მაგრამ იმ პერიოდში მალხაზ არქანია სწორედ „ასავალ-დასავალში" გამოქვეყნებულმა დის ინტერვიუმ იხსნა! მალხაზი გადარჩა და მეც დავიბადე! მაგრამ ისევ მოვკვდი, როცა ადვოკატმა ლექსო არქანიამ მიამბო მისი დაცვის ქვეშ მყოფი ელდარ ქობალიას წამებით სიკვდილის შესახებ! ის მაინც მოვახერხეთ, რომ პუბლიკაციის შედეგად ოჯახს გადასცეს ციხიდან უგზო-უკვლოდ დაკარგული და მერე უპატრონოთა სასაფლაოზე დასაფლავებული სასტიკად ნაწამები ელდარის ცხედარი, რომლის ვიზუალური დათვალიერების შედეგად მნახველებმა ახალი შოკი მიიღეს - გარდაცვლილს ცემისგან ქუსლის ძვლები და რამდენიმე ნეკნი ჰქონდა დამსხვრეული, ასევე შუბლის ძვალი - გატეხილი!

 

აპა... გოგა ხაინდრავას „ჰეროკრატიაში" ჯერ ასეთი სასტიკი ეპიზოდი არ მინახავს. ეს ის მომენტია, როცა რეალობა უფრო საზარელია, ვიდრე ამ რეალობის ამსახველი მხატვრული ფილმის პასაჟები!



***

ეკრანს ვუმზერ, თუმცა, „ჰეროკრატია" პარალელურად ჩემს გონებაშიც გადის. იქ 2011 წლის შუა გაზაფხული დგას. სოციალური ქსელით ინკოგნიტო აბონენტი მიკავშირდება უცნაური ნიკით და ავატარით - „ანტივირუს კასპერსკი" - და ციხის ამბებზე მესაუბრება. ჯერ ყოფილი პატიმარი მგონია, შემდეგ მიმჟღავნებს, რომ ციხის მოქმედი თანამშრომელია. თურმე, პირადად მიცნობს, ამბობს, რომ აღარ შეუძლია მოთმენა და მზად არის, დაწვრილებით მომითხროს ყველა დანაშაულის შესახებ, რომელიც გლდანის ციხეში მის თვალწინ ხდება.  რა თქმა უნდა, ვთანხმდები, თუმცა, ეჭვი მღრღნის, რომ პროვოკატორია და მცდარი ინფორმაციებით ჩემს მახეში გაბმას ისახავს მიზნად. დაიწყო, მაგრამ რა დაიწყო! ერთმანეთის მიყოლებით მომდის გზავნილები, რომ მავანი პატიმარი აწამეს, მავანი - ცემის შედეგად გარდაიცვალა, მავანს კი სასწრაფოდ დახმარება სჭირდება! მისგან მოწოდებულ ინფორმაციას ჩემთვის სანდო ადვოკატებსა და პატიმრების ოჯახის წევრებზე დაყრდნობით ვამოწმებ. ვაქვეყნებ მხოლოდ დადასტურებულ ინფორმაციებს, რაც, საერთო ჯამში, კასპერსკის მიერ მოწოდებული ინფორმაციის ერთი მესამედია. მომდის ციხის ჯალათების ფოტოებიც, რომლებიც „ასავალ-დასავალის" ცხელ ხაზზე ქვეყნდება. დათრგუნვილი და შეშინებული საზოგადოება სწორედ ამ პუბლიკაციებით იგებს რიგითი თუ მაღალჩინოსანი ჯალათების შესახებ, რომლებიც სასტიკად აწამებენ მათ ახლობლებსა და ოჯახის წევრებს, ზოგჯერ - ციხეში სრულიად უდანაშაულოდ მოხვედრილებსაც. „ჰეროკრატია" გადის ეკრანზეც და, იმავდროულად, ჩემს გონებაშიც! მხოლოდ 2012 წლის 18 სექტემბერს, ციხეში პატიმართა შემზარავი წამების კადრების გამოქვეყნების დღეს ვიგებ, რომ ჩემთან ინკოგნიტოდ, თითქმის წელიწად-ნახევრის განმავლობაში, თვით ლადო ბედუკაძე თანამშრომლობდა! არ მიკვირს, რომ ეკრანზე და გონებაში ნანახი მრავალი კადრი ერთმანეთს ემთხვევა. მე ხომ „ჰეროკრატია" მანამდე ვნახე, ვიდრე მას გოგა ხაინდრავა გადაიღებდა!



***

სტოპ კადრი. ისევ „დეჟავიუ". სახლში მაკითხავენ მსჯავრდებული მანდილოსნების გულშემატკივრები და ერთმანეთისგან დამოუკიდებლად, თითქმის იდენტურ ისტორიებს მიყვებიან, რომ მათ ახლობელ პატიმარ ქალს ციხის ადმინისტრაცია ოპერაციის გაკეთებას აძალებს. არადა, სულ ცოტა ხნის წინათ ქალთა ციხეში სანდრა რულოვსის პატრონაჟით სკრინინგ პროგრამა ამოქმედდა. პროგრამის ფარგლებში პატიმარ ქალებს უფასოდ იკვლევენ და, რაც ყველაზე გასაკვირია, ქალური ორგანოების სიმსივნის დიაგნოზს ლამის კონვეირებული წესით უსვამენ! ამასთან, პროგრამის ფარგლებში ოპერაციის უფასოდ გაკეთებას სთავაზობენ! როგორ მოიქცევა მრავალწელმისჯილი, მატერიალურად არცთუ შეძლებული ქალი, რომელსაც სასიკვდილო სენის შესახებ შეატყობინეს და იმედი გადაუწურეს, რომ თუნდაც სასჯელის ვადის ამოწურვამდე იცოცხლოს, ოპერაციის ხარჯებს მაინც ვერ დაფარავს? და ქალების ერთი ნაწილი ოპერაციაზე თანხმდება. მათ ასევე ლამის კონვეირული წესით აჭრიან ქალურ ორგანოებს! მეორე ნაწილი კი საოპერაციო მაგიდიდან თავის დაღწევას „ასავალ-დასავალის" ცხელი ხაზისთვის ინფორმაციის მიწოდების და პუბლიკაციის შედეგად ახერხებს. მათ შორის არიან ვიცეპოლკოვნიკი ქეთევან ზარნაძე, ყოფილი პროკურორი ნანა თხელიძე და ცნობილი აფთიაქარის „ჩაშკას" ქალიშვილი ხათუნა ჯანაშვილი.


„ასავალ-დასავალის" დახმარებით საოპერაციო მაგიდიდან თავდაღწეული უკლებლივ ყველა ყოფილი პატიმარი ქალი დღეს ცოცხალია და სრულიად ჯანმრთელი! მათთვის სანდრა რულოვსის სკრინინგ-პროგრამის ფარგლებში დასმული დიაგნოზი ფალსიფიცირებული იყო! იმ ქალების ნაწილი, ვისაც სანდრას დახმარებით ოპერაცია გაუკეთეს, უკვე გარდაცვლილია, რამდენიმე კი უმძიმეს მდგომარეობაში იმყოფება! თანაც ქალურ ორგანოებს ამ მანდილოსანთა უმრავლესობის იმ ასაკში კვეთდნენ, როცა მათ კიდევ შეეძლოთ ბავშვის გაჩენა!



***

პირსისხლიან და ხელკეტიანი ჯალათები ეკრანზე მართლაც ძალიან ჰგვანან თავიანთ პროტოტიპებს, რომელთა დიდმა ნაწილმა, სამწუხაროდ, სასჯელის თავიდან არიდება კოჰაბიტაციის წყალობით მოახერხა. დამოკიდებულება, მიმიკები და ტერმინოლოგია ერთ-ერთში ზის. დიახ, ზუსტად ასე ცინიკოსობდნენ, ასე შმაგობდნენ. ყველა მათგანს, ვისაც ეკრანზე ვხედავ, რეალური პროტოტიპი ჰყავს. გოგა ხაინდრავას ფილმში ამოვიცანი ალექსანდრე მუხაძე („ქილერა"), ოლეგ ფაცაცია, მალხაზ ღვინიაშვილი („ლისი")... ამოვიცანი ჯალათი ექიმი დავით ასათიანი, რომელიც კანონთან ერთად, ჰიპოკრატეს ფიცსაც გულგრილად ღალატობდა.


ისევ ვკვდები. რისხვით გული ყელში მებჯინება - ღმერთო ჩემო! ამდენი სისასტიკე, ამდენი ბოროტება, ამდენი სისხლი, ამდენი ცრემლი... განა შეიძლება, დაუსჯელი დარჩეს? განა შეიძლება, ამ ჯალათების პატრონები ისევ ხელისუფლებაში მოსვლას აპირებდნენ და „უარესის ჩადენის" მუქარით აშანტაჟებდნენ მოსახლეობას? ეკრანს ვუცქერ და ვგრძნობ, რომ შურისმაძიებელი ვხდები... ჩემი ნება რომ იყოს, ნაცებს, მათ გულშემატკივრებს და მათ ლობისტებს ამ დარბაზში შემოვყრიდი და გოგა ხაინდრავას მიერ გადაღებული „ჰეროკრატიას" იძულებით ნახვას მივუსჯიდი! იქნებ მათში სინანული ამგვარად მაინც გამეღვიძებინა და მეც თავიდან დავბადებულიყავი!



***

სტოპ კადრი. ნამდვილი ეკრანიდან ჩემი ცნობიერება ისევ გონების ეკრანზე ინაცვლებს. 2012 წლის შემოდგომაა. ციხეებში პატიმართა უღვთოდ წამება გრძელდება. ერთადერთ პრევენციად მხილება რჩება და ვიღებ თამამ გადაწყვეტილებას - „ასავალ-დასავალში" ვაქვეყნებ ლადო ბედუკაძის მიერ ჩემთვის მოწოდებულ, გლდანის ციხის თანამშრომელთა ავან-ჩავანს და მკითხველს მოვუწოდებ, მათში ჯალათები ამოიცნოს! რედაქციას თავს ატყდება ლიბერასტთა აქციები და სხვა მძაფრი რეაქციები, მაგრამ არ გვეშინია! თანაც, გეგმამ წარმატებით იმუშავა! მხილებული და კუდამოძუებული ჯალათები ჩირგვებში იმალებიან, პატიმართა წამება მთავრდება! აკი, მთავარი მიზანიც სწორედ ეს იყო, მითუმეტეს, არცერთ ჯალათს თავიდან თმის ღერიც არ ჩამოვარდნია და არც ქუჩაში უცდიათ ვინმეს მიმართ ანგარიშსწორება - ამაოდ დაარისხეს განგაშის ზარი ლიბერასტებმა! ახლა კი ეს ჯალათები და მათი თანამდგომები იმავეს გამეორებას აპირებენ, რასაც 9 წლის განმავლობაში სჩადიოდნენ და ამას საჯაროდ კიდეც აცხადებენ!


დარბაზიდან მდუმარედ გამოდის ერთხელ უკვე რეპრესირებული საზოგადოება. ეკრანზე „ჰეროკრატიას" მხოლოდ ორი სერია დასრულდა. ღმერთმა ნუ ქნას, „ჰეროკრატია" რეალურ ცხოვრებაში მომავალშიც გაგრძელდეს!




მოამზადა ზაზა დავითაიამ


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner