logo_geo
eng_logo
ნინო თანდილაშვილი: მდინარე ბუბისწყლის ხეობაში ადგილი ჰქონდა ნახევარი მილიონი კუბური მეტრი მოცულობის კლდეზვავური მასის ჩამოშლას
- +

9 აგვისტო. 2023. 22:38

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილის, ნინო თანდილაშვილის ხელმძღვანელობით, გარემოს ეროვნულ სააგენტოში, შოვში განვითარებული სტიქიის გამომწვევი მიზეზები მორიგ სამუშაო შეხვედრაზე განიხილეს, - ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, შეხვედრას გარემოს ეროვნული სააგენტოს შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები, გეოლოგები და ჰიდროლოგები, ასევე დამოუკიდებელი ექსპერტები და დარგობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

შეხვედრის მონაწილეებმა შოვში განვითარებული სტიქიის წარმოქმნის გამომწვევი მიზეზების დამადასტურებელი ის დამატებითი მასალები განიხილეს, რომელიც სატელიტურ მონაცემებს ეყრდნობა.

ნინო თანდილაშვილმა აღნიშნა, რომ გარემოს ეროვნული სააგენტოს პირველად დასკვნაში მკაფიოდ არის დაფიქსირებული, რომ სტიქიამდე ან სტიქიის პროცესში მდინარე ბუბისწყლის ხეობაში შეგუბებას ადგილი არ ჰქონია. სააგენტოს სპეციალისტები აღნიშნულს ადასტურებდნენ, მდინარე ბუბისწყლისა და მდინარე ჭანჭახის შესართავთან არსებულ წყლის დონეზე დაკვირვების სადგურით.

„პირველადი დასკვნის მომზადების პარალელურად, ჩვენმა სპეციალისტებმა გააგრძელეს სხვადასხვა ინფორმაციის ანალიზი, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისგან, გაეროს შესაბამისი ინსტიტუტებისგან, მივიღეთ მაღალი გარჩევადობის სატელიტური სურათები, რომელიც აღწერს და ადასტურებს, რომ სტიქიამდე ხეობაში წყლის შეგუბების ფაქტი არ დასტურდება. სატელიტური მონაცემების საფუძველზე გაანალიზებული მასალიდან მკაფიოდ ჩანს, რომ მდინარე ბუბისწყლის ხეობაში, მყინვარ ბუბას დასავლეთით, ადგილი ჰქონდა დაახლოებით 500 000 კუბური მეტრი მოცულობის კლდეზვავური მასის ჩამოშლას. ჩამოშლილი ნახევარი მილიონი კლდეზვავური მასა დაეჯახა 62 ჰა-ზე გაშლილ მყინვარულ მასას და ღვარცოფული ნაკადი, ჩამოიტანა კურორტ შოვში. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, გარემოს ეროვნული სააგენტოს პირველად დასკვნაში მოცემულ შეფასებებს, მომხდარი სტიქიის კომპლექსურობას და მისი პროგნოზირების შეუძლებლობას. ცნობილია, რომ კლდეზვავური და მყინვარული მასების ჩამოშლის მრავალ ფაქტორთან დამოკიდებულების გამო მისი ადგილისა და დროის ზუსტად დადგენა შეუძლებელია“ - განაცხადა ნინო თანდილაშვილმა.

მინისტრის პირველი მოადგილის განცხადებით, ადრეული გაფრთხილების სისტემა მოიცავს ძლიერი ნალექების, სეტყვის, ძლიერი ქარების, გვალვის, წყალდიდობის, წყალმოვარდნების წინასწარ პროგნოზირების მიმართულებას. რაც შეეხება ხეობაში განვითარებულ გლაციოლოგიური და კლდეზვავური ხასიათის პროცესებს, არის კომპლექსური თავისი ხასიათით. კლდეზვავური და მყინვარული მასების ჩამოშლის ზუსტი დროის და ადგილის დადგენა შეუძლებელია.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ მნიშვნელოვანია სპეციალისტებმა გააგრძელონ ერთობლივი მუშაობა იმ გამოწვევებთან დაკავშირებით, რაც ქვეყანაში კლიმატის ცვლილებით და ასევე, ქვეყნის გეოლოგიური, მორფოლოგიური, ტექტონიკური და სეისმური პირობების გათვალისწინებით არსებობს და რაც ზრდის სტიქიური მოვლენების საფრთხეს.

მონაწილეებმა არსებულ საკითხებზე საკუთარი მოსაზრებები გააზიარეს. საუბარი შეეხო სამუშაო პლატფორმის შექმნას. აღინიშნა, რომ პლატფორმა შესაძლებელს გახდის ოპერატიულად იქნას გაზიარებული ექსპერტებს შორის მოსაზრებები კონკრეტულ პრიორიტეტულ საკითხებზე.

right_banner right_banner
არქივი
right_banner