უკრაინის მხარდაჭერა მნიშვნელოვანია არა მხოლოდ უკრაინელი ხალხისთვის, არამედ მნიშვნელოვანია ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისა და პარტნიორებისთვის, განსაკუთრებით ნატოს მოკავშირეებისთვის, - განაცხადა აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა, ჯონ კირბიმ.
ჯონ კირბი ტელეკომპანია CNN-ის მიერ ჩატარებულ გამოკითხვას გამოეხმაურა, რომლის თანახმად, გამოკითხული ამერიკელების უმეტესობა ეწინააღმდეგება კონგრესის მიერ უკრაინის მხარდასაჭერად დამატებითი დაფინანსების დაშვებას.
"ჩვენ დავინახეთ ამ ომის განმავლობაში ამერიკელი ხალხის მტკიცე მხარდაჭერა, კონგრესის მტკიცე ორპარტიული მხარდაჭერა უკრაინის მხარდაჭერის გასაგრძელებლად და ჩვენ ამაზე ფოკუსირებულნი ვიქნებით. ეს მნიშვნელოვანია არა მხოლოდ უკრაინელი ხალხისთვის, არამედ მნიშვნელოვანია ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისა და პარტნიორებისთვის, განსაკუთრებით ნატოს მოკავშირეებისთვის, იმის გათვალისწინებით, რომ ეს ბრძოლა ნატოს მრავალი მოკავშირის კართან მიმდინარეობს", - აღნიშნა ჯონ კირბიმ.
"თუ ზოგიერთი ამერიკელი არ თვლის ასე, მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ თუ ჩვენ უმოქმედოდ ვიქნებით და მივცემთ პუტინს ნებას, აიღოს უკრაინა, მაშინ სად იქნება შემდეგი გაჩერება?" - დასძინა მან.