ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მასშტაბური მარკეტინგული კამპანია მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან მედიაპლატფორმაზე გრძელდება. ადმინისტრაციის ორგანიზებით და Bloomberg-ის მოწვევით პოპულარული გადაცემის “Sorted Food” ორი წამყვანი საქართველოში იმყოფება. კამპანიის ფარგლებში Bloomberg საქართველოს ტურისტული პოტენციალის, ღვინის, გასტრონომიის, ცხოვრების წესის (ე.წ Lifestyle) და სათავგადასავლო ტურიზმის შესახებ ორ ვიდეორგოლს ამზადებს.
გადაღებები თბილისში, თელავსა და წინანდალში მიმდინარეობს. Bloomberg-ის წამყვანებისთვის კახეთში ღვინის, ჩურჩხელის, ხინკლისა და პურის ცხობის მასტერკლასები გაიმართა. გადამღები ჯგუფის წევრები მარნებს ეწვივნენ, სადაც ქვევრის ღვინო დააგემოვნეს.
Bloomberg-ის წარმომადგენლებსა და Sorted Food”-ის წამყვანებს თბილისის ისტორიული ადგილები გააცნო ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მაია ომიაძემ.
„საქართველოს პოპულარიზაციის მიზნით Bloomberg-ზე მიმდინარეობს კამპანია, რომელიც წლის ბოლომდე გასტანს. საქართველოში იმყოფებიან ცნობილი ბრიტანული გადაცემის „Sorted Food“ წამყვანები, რომლებიც მაყურებელს მთელ მსოფლიოში უყვებიან საქართველოს შესახებ. მთავარი პროდუქტი რითაც საქართველოს წარმოვაჩენთ არის ღვინო, გასტრონომია და სათავგადასავლო ტურიზმი. საქართველოს პოპულარიზაცია როგორც დიდ ბრიტანეთში ასევე ევროკავშირის ქვეყნებში, სადაც Bloomberg არის ძალიან პოპულარულია, ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის, რადგან ეს ხელს შეუწყობს ბევრი ტურისტის მოზიდვას ევროპიდან,“-განაცხადა მაია ომიაძემ.
„საქართველოში Bloomberg-ის გადამღებ ჯგუფთან და გადაცემა „Sorted Food“-ის წამყვანებთან ერთად ვიმყოფები. ვმუშაობთ საქართველოს ტურიზმის ადმინისტრაციის სარეკლამო კამპანიისთვის, უნდა წარმოვაჩინოთ საქართველოს საუკეთესო ტურისტული პროდუქტები, გასტრონომია და კულტურა, რომელიც განთავსდება Bloomberg-ის საინფორმაციო პლატფორმებზე. მოგვწონს ის მასალა რაც ჩვენი ვიზიტის დროს გადავიღეთ და დარწმუნებული ვართ ეს კარგად იმუშავებს, რომ უფრო მეტმა ადამიანმა იმოგზაუროს საქართველოში,“- აცხადებს Bloomberg-ის წარმომადგენელი კალუმ ლისტერ იანგსონი.
„ჩვენ გადაცემა „sorted Food” - დან ვართ, ჩვენი Youtube არხით კონცენტრირებული ვართ აღმოვაჩინოთ კულინარია მსოფლიოს მასშტაბით. პირველად ვართ საქართველოში, უკვე ვიყავით გოგირდის აბანოებში, დავათვალიერეთ თბილისი, გავეცანით ქართულ კულინარიას. შეგვიძლია ვთქვათ რომ ქარვისფერი ღვინო საოცრებაა და საუკეთესო სტუმარმასპინძლობა გაქვთ,“- აცხადებენ „Sorted Food“-ის წამყვანები ჯემიე პოულ სპარფორდი და ბენჯამინ დევიდ ებრელი. მასშტაბური მარკეტინგული კამპანიის ფარგლებში Bloomberg საქართველოს შესახებ ორ ახალ სტატიას გამოაქვეყნებს. საქართველოს შესახებ უკვე მიმდინარეობს სარეკლამო კამპანია სოციალურ მედიაში, (Facebook, Twitter, Instagram, Youtube, TikTok) რომელიც წლის ბოლომდე გაგრძელდება. Bloomberg-ის აუდიტორიის დიდი ნაწილი მაღალშემოსავლიანი ადამიანებისგან შედგება, კამპანიის მიზანია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან მაღალმხარჯველი ტურისტების მოზიდვა.