სამგორის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი შიხიაშვილი ამჯერად პარლამენტარის მანდატისთვის იბრძოლებს. სამგორის რაიონში, ვისაც არ უნდა ჰკითხოთ, მას ყველა იცნობს. მოსახლეობის დიდი ნაწილი სწორედ მის საარჩევნო შტაბთანაა შეკრებილი. ისინი ჩვენთან საუბრისას აცხადებენ, რომ ირაკლი შიხიაშვილს მოსახლეობისთვის მიღების დღეები მაშინაც კი ჰქონდა, როცა საკრებულოშიც კი აღარ იყო. დღესაც მოსახლეობასთან ღიად საუბარს არ გაურბის. ჩვენი გამოკითხვებითაც, ის რეიტინგული კანდიდატია.
- ბატონო ირაკლი, რატომ გადაწყვიტეთ, მაჟორიტარ დეპუტატად გეყარათ კენჭი სამგორის რაიონში?
- ეს ჩემი მშობლიური რაიონია. აქ დავიბადე, გავიზარდე, აქ გავატარე ახალგაზრდობის წლები და დღესაც აქ ვცხოვრობ. ჩემი საქმიანობიდან გამომდინარე, კარგად ვიცნობ მათ პრობლემებს. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ პარლამენტში, უპირველესად, ჩემი რაიონისთვის საქმის საკეთებლად მივდივარ. სწორედ ამიტომაც, არცერთი პარტიის სიით ან რომელიმე პარტიის მაჟორიტარის სტატუსით არ დავაყენე ჩემი კანდიდატურა. მე დამოუკიდებელ კანდიდატად წარვდექი და მხოლოდ ჩემს სამგორელებთან მექნება, უპირველესად, ვალდებულება.
- მე მახსოვს, თქვენ სამგორელებისთვის გქონდათ კონკრეტული ინიციატივა ჯერ კიდევ საკრებულოდან, როცა „ხრუშჩოვკების" თემა წამოწიეთ. მათ ადგილას კი კომფორტული, ახალი საცხოვრებლების მშენებლობის საკითხი დააყენეთ. თუმცა, ეს პროექტი არც კი დაწყებულა!
- ეს იყო ჯერ კიდევ მაშინ, როცა ქალაქის მაშინდელ მერის მოვალეობის შემსრულებელს ნიკა მელიას, აბესაძეს და სხვა მაღალჩინოსნებს შევთავაზე ქალაქის ურბანული დაგეგმარების სრულიად ახალი პროექტი. ეს გახლდათ, ეტაპობრივად, ძველი, ამორტიზირებული ბინების „ხრუშჩოვკების" ადგილას ახალი, უსაფრთხო, უახლესი სტანდარტების მქონე კორპუსების მშენებლობის პროექტი. ერთი მხრივ, ეს მოგვცემდა თანხების უფრო სწორად და მიზნობრივად გამოყენების საშუალებას და გამაგრებისთვის გამოყოფილი მილიონები წყალში გადაყრილი არ იქნებოდა. აღდგენილი შენობები მაინც მალევე გამოდიოდა მწყობრიდან და მწვავე ავარიული შენობების გამაგრება ძირგავარდნილ ქვევრში ფულის ყრას ჰგავდა. მეორე მხრივ კი, ჩვენ მივიღებდით სრულიად ახალ თბილისს, ახალ არქიტექტურულ ნაგებობებს, უსაფრთხო კორპუსებს, დასაქმებულ ადამიანებს და ბიზნესდევიდენდებს. თუმცა, „ნაციონალებმა" ამ პროექტებზე უარი მითხრეს. ჩვენ აქედან რა ინტერესი და მოგება გვაქვს, ქულებს ჩვენ ვერ დავიწერთო. მაშინ კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ „ნაციონალური მოძრაობა" ხალხს, ადამიანებს უყურებდა, როგორც მხოლოდ ელექტორატს, მასას, რომლისგანაც ხმები უნდა მიეღო, რეალურად, მათ ხალხის გასაჭირი არ აინტერესებდათ, შესაბამისად, პროექტი, რომელიც ხალხს გამოადგებოდა, მაგრამ მათ ქულებს არ მოუტანდა, არ მიიღეს და არც საკრებულოში შემოიტანეს. ახლა, სამგორის რაიონში, სადაც განსაკუთრებულად მწვავედ დგას ამორტიზებული შენობების საკითხი, მე მათ ვაძლევ შანსს, მიიღონ ახალი საცხოვრისი - ეკოლოგიურად და ინფრასტრუქტურულად გამართული, თანამედროვე საცხოვრებელი კორპუსები. ამით კი გამოირიცხოს ადამიანების სიკვდილიანობა, საცხოვრებლის ნგრევა და მუდმივად შიშის ქვეშ ცხოვრება. ასევე, ბიუჯეტიდან მილიონების გამოყოფა მათი ქირით ცხოვრებისთვის. პრობლემის მუდმივად ყურება და მის გადავადებაზე ფიქრი, არ გადაწყვეტს მას. პრობლემა გადასაწყვეტია კონკრეტული მოქმედებით. ჩვენ გვაქვს ურბანისტებთან, არქიტექტორებთან უამრავი შეხვედრა. გვაქვს გაწერილი კონკრეტული პროექტი და გეგმა. არიან დაინტერესებული ინვესტორები. ეს ყველაფერი ქმნის რეალურ შესაძლებლობას, მივიღოთ სამგორის ახალი რაიონი. მინდა აღვნიშნო, რომ სამგორის ყოფილმა გამგებელმა მამუკა ჩოქურმა კიდევ უფრო სიღრმისეულად იმუშავა ამ საკითხებზე. მამუკა დღეს ჩემი საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელია. ასევე, ვაპირებ, რომ მაჟორიტარად გასვლის შემთხვევაში, სამგორს, რომელიც უდიდესი სამრეწველო და საქარხნო პოტენციალით გამოირჩეოდა, თავისუფალი სამეწარმეო მიკროზონის სტატუსი დავუბრუნო და გარკვეულ ფართობზე ახალი საწარმოების აშენების ინიცირება მოვახდინო. ასევე, პარლამენტში მოხვედრის შემთხვევაში, მაქვს კონკრეტული პროექტები საზღვრისპირა რეგიონების დასახლების და ჯანდაცვის პრევენციის ამაღლების კუთხით, რომლის განხორციელებისთვისაც აუცილებლად ვიბრძოლებ.
- ბატონო ირაკლი, ეს ყველაფერი გასაგებია, მაგრამ თქვენზეც იკითხავენ, ამას რატომ აკეთებსო?
- მარტივი მიზანი მაქვს, მშიოდა, მწყუროდა, მციოდა, სანგარში ვიჯექი, ფულს არ მიხდიდნენ, მაგრამ სანგარში ვიჯექი ჩემს თანამებრძოლებთან ერთად, არ გავქცეულვარ, დავიჭერი კიდეც, გადავრჩი ღვთის წყალობით... მე მთელი ცხოვრება ასე ვარ და კეთილშობილი ადამიანი ამას მიმიხვდება. ის, რაც მავალდებულებდა, რომ იმ სანგარში ვმჯდარიყავი, ისევ მავალდებულებს, რომ სამგორის რაიონს მივხედო და ვემსახურო! ეს არის ბრძოლა ჩემი ქვეყნის მომავლისთვის!
- ბატონო ირაკლი, მაგრამ თქვენი მისამართით ბევრი ბრალდება გაისმის... საუბრობენ ვეტერანთა დეპარტამენტში თანხების არამიზნობრივ გაფლანგვაზე... ამაზე რას იტყვით? რატომ ებრძვიან ირაკლი შიხიაშვილს?
- ეს ყველაფერი უნიჭოდ მოფიქრებული შავი პიარია. მაგალითისთვის, გამოხტნენ, ირაკლი შიხიაშვილი ამერიკაში თავშესაფარს ითხოვსო და ჩამოვედი მეორე დღეს. კაცი დეპუტატობას ვაპირებ. ყველამ დაინახა, რა იყო სიმართლე. იძახიან, შიხიაშვილმა ვეტერანების ბიუჯეტი გაფლანგაო... როცა პოსტზე მივედი, ხუთჯერ გავზარდე ჩემი სათაყვანებელი ხალხისთვის საბიუჯეტო თანხები. დიდი მადლობა მაშინდელ პრემიერს, ირაკლი ღარიბაშვილს და მის მინისტრთა კაბინეტს. ამ მინისტრთა კაბინეტის წევრი იყო დღევანდელი პრემიერი, გიორგი კვირიკაშვილიც. ჩვენ ასე, ჰაერზე კი არ გადმოგვცა მთავრობამ ეს თანხა, არამედ წარვუდგინეთ კონკრეტული პროექტები, რომელსაც დააფინანსებდა სახელმწიფო და რომელიც სრულად მოხმარდა ვეტერანებს. საკმაოდ დიდხანს თავდაცვის სამინისტროს ეკუთვნოდა ვეტერანების ჰოსპიტალი და არცერთ მინისტრს არ მიუქცევია ყურადღება, აი, თუნდაც ირაკლი ალასანიას. ტარაკნები დადიოდნენ იქ და მხოლოდ ჩემი გაკეთებულის ქილიკი ეხერხებათ. ვეტერანები ჭკვიანი ხალხია და მათ დაინახეს, რა გაუკეთდათ... ეს ციფრებია, ფაქტებია: მკურნალობაა, პროთეზებია, უცხოეთში მკურნალობაა, მედიკამენტებია და ასე შემდეგ. ბუნებრივია, მე მებრძვის უნიჭო ფაბრიკაციებით, დადგმული შავი პიარით ის ძალა, რომელსაც ხალხი მხოლოდ საკუთარი მიზნებისა და ხმებისთვის სჭირდება. ისინი ქმნიან პასკვილებს, მე - ვმუშაობ! დიახ, მეამაყება, რომ სიმსივნით დაავადებულ ბავშვთა თავშესაფარს სოლიდური თანხა გადავურიცხეთ ჩემი საკრებულოს თავმჯდომარეობისას და ამ ბავშვებისთვის თავშესაფარი შენარჩუნდა! ყველაფერ ამის ინტერპრეტირება არის სიბინძურე და უღვთოობა.
- ბატონო ირაკლი, ძალიან ხშირად თქვენ ღარიბაშვილ-თამაზაშვილის კლანს მიგაკუთვნებენ.
- ეს კლანებიც იმავე ენისმქაველთა გამოგონილია. მეგობრობა თუ კლანია, მაშინ მთელი საქართველო კლანები ყოფილა. დიახ, მე მეამაყება, რომ ბატონი ირაკლი ღარიბაშვილი, ეს მშრომელი, წესიერი, ახალგაზრდა კაცი ჩემი მეგობარია. მეამაყება, რომ საქართველოს ჰყავდა წესიერი, მართლმადიდებელი პრემიერ-მინისტრი, ქართული, ლამაზი ოჯახით. ასევე, უდიდეს პატივს ვცემ ბატონ გიორგი კვირიკაშვილს. ჯერ კიდევ ეკონომიკის მინისტრობიდან მოყოლებული მაქვს მისდამი უდიდესი პატივისცემა. ჩვენი მთავარი ღირებულებები საერთოა...
- ბატონო ირაკლი, როგორც წესი, საქართველოში, როცა დეპუტატები ხდებიან, მერე კაბინეტის კარს ჩაკეტავენ, ხალხს აღარ ხვდებიან, დაბურულმინებიანი „ჯიპებით" დადიან... თქვენ ისევ ისეთი კარგი ბიჭი დარჩებით, როგორც ახლა ხართ სამგორელებისთვის?
- კარგი ადამიანისთვის, ალბათ, ავტორიტეტი სიცოცხლის ტოლფასია. 4 წელი მალე გაირბენს, მე კი ჩემი სახელი და ხალხთან ახლოს ყოფნა ყველაფერს მირჩევნია. იმ 4 წლის მერეც არ უნდა მრცხვენოდეს ამომრჩევლისთვის თვალებში ჩახედვის. რა თქმა უნდა, დეპუტატი უნივერსალი არაა, რომ ყველაფრის გაკეთება და შესრულება შეძლოს, მაგრამ ერთს ვპირდები სამგორელებს, რომ მათ არასდროს მოვატყუებ. მათ პრობლემებს გულგრილად არ მოვეკიდები და ღონეს არ დავიშურებ მათ გადასაწყვეტად! ყოველ ხუთშაბათს მიღება მქონდა მათთან, მაშინაც კი, როცა თანამდებობაზე არ ვიყავი, ის ძალა, რომელიც მავალდებულებდა სანგარში ჯდომას, ახლა მავალდებულებს, ჩემს ხალხს პარლამენტიდან ვემსახურო! მეიმედებით - გეიმედებოდეთ! ეს ჩემი ცხოვრების სლოგანიცაა.
ანა თაბაგარი