logo_geo
eng_logo
საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა შინდისის გმირების მემორიალი გვირგვინით შეამკეს
- +

11 აგვისტო. 2023. 15:00

 

 

პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ვოლსკიმ, თავდაცვისა და უშოშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ბერაიამ და საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა 2008 წლის აგვისტოს ომის დროს, შინდისთან გმირულად დაღუპული ქართველი სამხედროების ხსოვნას პატივი მიაგეს. დეპუტატებმა, საქართველოს პარლამენტის სახელით, შინდისის გმირების მემორიალი გვირგვინით შეამკეს.

 

„საქართველო გლოვობს ამ გმირებს, ამ ვაჟკაცებს. მეორე მხრივ, განცდა იმისა, რომ ასეთი ვაჟკაცები იბადებიან საქართველოში, სიამაყეს გმატებს, რადგან მტერი ჩვენს ქვეყანას ადვილად ვერასოდეს დაამარცხებს, ქედს ვერ მოახრევინებს. ეს ბიჭები და ყველა, ვინც ომში დაეცა თავისი ცხოვრებით ისტორიის შემქმნელები არიან. დიდება მათ სახელებს!“ - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრები შინდისთან ბრძოლაში დაღუპული მებრძოლების ოჯახის წევრებს და ახლობლებს ესაუბრნენ და ქართველი მებრძოლების გმირული თავგანწირვა კიდევ ერთხელ გაიხსენეს.

 

„დღეს შინდისის გმირების ხსოვნის დღეა. ჩვენ პატივს მივაგებთ მათ ნათელ ხსოვნას. მათი ისტორია არის გმირობის და თავდადების გამორჩეული ისტორია, როდესაც უთანასწორო ბრძოლაში ჩვენმა მამაცმა მეომრებმა დიდი ზიანი მიაყენეს მტერს და გმირულად დაეცნენ ბრძოლის ველზე. ჩვენს მომავალ თაობებს ყოველთვის ემახსოვრებათ მათი თავგანწირვა, მათი სახელები. ჩვენი ბიჭების, ჯარის გმირობა იმის გარანტია, რომ საქართველო არასოდეს დაიჩოქებს მტრის წინაშე. ჩვენ, მშვიდობიანი გზით, აუცილებლად გავამთლიანებთ და გავაერთიანებთ ქვეყანას“, - განაცხადა თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ბერაიამ.

 

15 წლის წინ, 2008 წლის 11 აგვისტოს, სოფელ შინდისთან, რუსულ სამხედრო ნაწილთან უთანასწორო ბრძოლაში 17 ქართველი ჯარისკაცი გმირულად დაიღუპა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner